მწვანე გარემო თუ მწვანე ინვესტიცია

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას გარემოს დამცველი ჯგუფები, უკვე წელიწადზე მეტია, აპროტესტებენ. რამდენიმე თვის განმავლობაში მშენებლობა შეჩერებული იყო, თუმცა 2015 წლის დეკემბერში ინვესტორმა განაცხადა, რომ პროექტს აგრძელებს. რა ბედი ელის ვაკის პარკს, თუ იქ მართლაც აშენდება 7-სართულიანი სასტუმრო? რა პოზიცია აქვს მერიას და საკრებულოს და რას ფიქრობენ ამაზე გარემოს დამცველი ჯგუფები, რომლებმაც მიზნის მისაღწევად გაერთიანება გადაწყვიტეს?

გარემოს დამცველები ქალაქში უადგილო მშენებლობების წინააღმდეგ ერთიანდებიან. მას შემდეგ, რაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის განახლება გადაწყდა, „პარტიზანმა მებაღეებმა“, „თბილისის ჰამქარმა“ და სხვა გარემოს დამცველმა ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა საპროტესტო მოძრაობის ერთობლივად გაგრძელება გადაწყვიტეს. პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ, 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ყველას მოუწოდა გარემოს დასაცავად გაერთიანდნენ:

„ნარმანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულეს წინასაარჩევნო დაპირება, რომ ეს სასტუმრო არ აშენდებოდა და ახლა მას მერია უდგას გვერდში. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ისევ ადამიანური რესურსით მოგვიწევს პარკის დაცვა“.

„პარტიზან მებაღეებს“ ვაკის პარკში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კარვები ჰქონდათ გაშლილი ცენტრალური შადრევნის მახლობლად, სადაც სამშენებლო ტერიტორიაა შემოსაზღვრული.

ალუმინის ღობეზე, რომელიც გარს დიდ თხრილს აკრავს, დღემდეა წარწერები: „გადავარჩინოთ ვაკის პარკი“. აქ ადრე ორსართულიანი რესტორანი იყო, ბოლო წლებში უფუნქციოდ დარჩენილი. 2013 წლის ბოლოს კი ამ ადგილას 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა გადაწყდა და საძირკველიც გამზადდა. სწორედ ამას მოჰყვა მოქალაქეების პროტესტი. ერთ-ერთი პარტიზანი, მარიამ ბაქრაძე, პროტესტის ისტორიას იხსენებს:

„ეს ერთი წელი მუდმივი მოლაპარაკებების, შეხვედრების წელი იყო მერიასთან და საკრებულოსთან, მაგრამ ამ მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა ხოლმე. ერთადერთი შედეგი ისაა, რომ გხვდებიან და ერთმანეთის პოზიციებს ცვლით. ამიტომაც გაზაფხულზე სასამართლოში სამმა ორგანიზაციამ - „პარტიზანულმა მებაღეობამ“, „მწვანე ალტერნატივამ“ და „უსაფრთხო სივრცემ“ - სარჩელი შეიტანა“.

ვაკის პარკი მოიცავს როგორც კუს ტბას, ასევე იმ ტერიტორიას, რომელსაც ვაკის პარკს ახლა ვეძახით და რომლის სტატუსიც ქალაქის მმართველობამ ვერაფრით გადაწყვიტა...
ლევან კალანდარიშვილი

ამ, დაახლოებით, ერთწლიანი პროტესტის დროს სასტუმროს მშენებლობა შეჩერებული იყო, თუმცა 2014 წლის დეკემბერში ინვესტორმა კომპანიამ, „ტიფლის ბიზნესჯგუფმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების დასაცავად მიმართა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ 12 იანვარს განაცხადა, ტერიტორია, სადაც სასტუმრო „ბუდაპეშტი“ უნდა აშენდეს, ვაკის პარკს არ ეკუთვნის.

ამ აზრს არ იზიარებენ ის ადამიანები, რომლებიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას ეწინააღმდეგებიან. არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე რუკით მოვიდა, რომელზეც 40-იანი წლების ვაკის პარკის ტერიტორიაა გამოსახული:

„ვაკის პარკი მოიცავს როგორც კუს ტბას, ასევე იმ ტერიტორიას, რომელსაც ვაკის პარკს ახლა ვეძახით და რომლის სტატუსიც ქალაქის მმართველობამ ვერაფრით გადაწყვიტა. აქ აშკარად ჩანს, რომ ეს იყო ერთიანი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო სივრცე“.

ლევან კალანდარიშვილი რუკაზე თითით მონიშნავს იმ ტერიტორიას, რომელსაც დღეისთვის შემორჩენილი აქვს პარკის სტატუსი. ეს ტერიტორია რუკაზე მონიშნულის დაახლოებით ერთი მესამედია:

ეს ნაკვეთი ამჟამად კერძო საკუთრებაშია. ძალიან საეჭვო და, სავარაუდოდ, კორუფციული პრივატიზების შედეგად, 1995 წელს მას პრეზიდენტ შევარდნაძის სანათესაო დაეუფლა და შემდეგ რამდენჯერმე გაიყიდა...
ერეკლე ურუშაძე

„დარჩენილია, ფაქტობრივად, ეს პატარა, ერთი ბეწო სივრცე. დარჩენილიც არაა. იმისთვის ვიბრძვით, რომ დარჩეს იმ საზღვრებში, როგორც იყო ჩაფიქრებული“.

ინვესტორი კომპანია ამბობს, რომ ეს კარძო ტერიტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანებში გასხვისდა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წევრი ერეკლე ურუშაძე, რომელიც პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელი აქტივისტის სტატუსით მოვიდა, ამ გასხვისებას ეჭვქვეშ აყენებს:

„ეს ნაკვეთი ამჟამად კერძო საკუთრებაშია. ძალიან საეჭვო და, სავარაუდოდ, კორუფციული პრივატიზების შედეგად, 1995 წელს მას პრეზიდენტ შევარდნაძის სანათესაო დაეუფლა და შემდეგ რამდენჯერმე გაიყიდა. მაგრამ ეს კერძო ნაკვეთიც არის ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მას ყველა მხრიდან ვაკის პარკი ესაზღვრება“.

გარდა ამისა, როგორც გარემოს დამცველები ამბობენ, თბილისის ცენტრალურ პარკში ასეთი მასშტაბის სასტუმროს აშენებას აუცილებლად მოჰყვება უფრო მეტი ტერიტორიის ათვისება, რაც სრულიად გააქრობს ვაკის პარკს, როგორც სარეკრეაციო ზონას.

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ მერიას გადაწყვეტილება მშენებლობის გაგრძელების ნებართვის გაცემაზე ჯერ არ მიუღია:

„სწორედ იმის გამო, რომ ეს მშენებლობა წინააღმდეგობრივია და ვაკის პარკში ამ ინტენსივობის მშენებლობას აპროტესტებენ, ჩვენ შევისწავლით ამ მშენებლობას და ჯერჯერობით კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის განვითარება შეიძლება მოხდეს აქ. თუმცა, ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ძალიან ინტენსიურია არსებული განვითარება და ამ მასშტაბებით განვითარება ვაკის პარკში არ უნდა ხდებოდეს“.

ნინა ხატისკაცი მერიაში შექმნილ პრობლემური მშენებლობების კომისიაზე ლაპარაკობს. სწორედ ამ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს ქალაქში სადავო მშენებლობების ბედი. თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ ეს კომისია არადამაკმაყოფილებლად მუშაობს:

„კომისია არსებობს მერის თავმჯდომარეობით, რომელიც ურმით მიჰყვება ამ საკითხებს. პარალელურად, ეს მშენებლობები გრძელდება. მერე, თუ ყველაფერი აშენდა, კომისიის დასკვნას რაღა მნიშვნელობა აქვს? ეს კომისია იმისთვის არსებობს, რომ შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს რაღაც კეთდება“.

ასეთ მშენებლობებს ძირითადად ანტისოციალური ხასიათი აქვს. ეს ქალაქის მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევაა. ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ ძალაუფლება და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძალაუფლება, ხშირ შემთხვევაში, ფულს ემყარება...
ზურა ბაქრაძე

მისივე თქმით, გამოსავალი ისაა, რომ მერიამ და საკრებულომ ქალაქის განვითარების კონკრეტული წესები და კანონები დაადგინონ:

„წესები და კანონები თუ იქნება, ასეთი პრობლემები ავტომატურად გამოირიცხება. ხალხს არ უნდა სჭირდებოდეს ყვირილი კონკრეტულ სკვერზე, კონკრეტულ ბაღზე და ა. შ.“.

ნინა ხატისკაცი აღნიშნავს, რომ მშენებლობა ვაკის პარკში ვერ გაგრძელდება მინიმუმ მანამ, სანამ მშენებელი კომპანია მისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის. კომპანიას ჯარიმა იმის გამო დაეკისრა, რომ ნებართვის მიხედვით მონიშნულ სამშენებლო ზონას გასცდა:

„შპს გრაალი“, რომელიც ამ კომპანიას თავიდან წარმოადგენდა, დაჯარიმდა, თუმცა მას ეს ჯარიმა არ გადაუხდია. ხოლო ახალი მესაკუთრე „ტიფლის კოსტავაა“, რომელსაც ხარვეზის გამოსწორება ევალება, თუმცა თუ ხარვეზი არ გამოსწორდება, შემდეგში უკვე ჯარიმა სამმაგი გახდება. ანუ ამ ეტაპზე მშენებლობა ბუნებრივადაც შეჩერებულია“.

როგორც მერის მოადგილე ამბობს, დანარჩენი უკვე პრობლემურ მშენებლობათა კომისიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

არქიტექტორი და ურბანისტი ზურა ბაქრაძე ამბობს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ვაკის პარკში მშენებლობის შეჩერებაა:

„ასეთ მშენებლობებს ძირითადად ანტისოციალური ხასიათი აქვს. ეს ქალაქის მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევაა. ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ ძალაუფლება და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ძალაუფლება, ხშირ შემთხვევაში, ფულს ემყარება, ძალადობენ სხვა მოქალაქეებზე, სხვა მოქალაქეების ინტერესებს ბღალავენ. და ასე ქალაქი ვეღარ იცხოვრებს“.

ქალაქის დასაცავად კი მწვანე აქტივისტები ამ სიტუაციაში ორ გზას ხედავენ - სამართლებრივ ბრძოლას და ქუჩის აქციებს. სასამართლოში სარჩელი უკვე დაახლოებით ერთი წელია შეტანილია და განხილვა მარტშია დაგეგმილი. რაც შეეხება ქუჩის აქციებს, 15 იანვარს პარტიზანმა მებაღეებმა უკვე მიმართეს მერიას განცხადებით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროსკენ მიმავალ გზას გადაკეტავენ.