მოსმენების კანონი ჩაკეტილ წრეში

საქართველოს პარლამენტში ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა მწვავე დებატების ფონზე დაიწყო. პაკეტი, საპარლამენტო უმრავლესობის თანახმად, ფარული მოსმენების განხორციელების წესს ახლებურად არეგულირებს. კერძოდ, ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც, ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელების გარდა, ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების გაკონტროლების უფლებაც ეძლევა. შეძლებს თუ არა ფარული მიყურადების ახალი მოდელი ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის და რატომ ეწინააღმდეგებიან მის მიღებას ოპონენტები?

Your browser doesn’t support HTML5

მოსმენების კანონი ჩაკეტილ წრეში

ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის და მისი პირველი მოსმენით განხილვა საპარლამენტო კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე ერთსა და იმავე დღეს, 10 თებერვალს, დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებები ექსკლუზიურად იწარმოებს სპეციალურად შექმნილი სამსახურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ, რომელიც, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და პრემიერ-მინისტრთან. ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, სააგენტოს უფროსის კანდიდატს სამი კანდიდატურიდან სპეციალური კომისია შეარჩევს, თავად კომისიას კი კანდიდატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი წარუდგენს. როგორც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ განხილვაზე განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, სიპს დამოუკიდებლობის მაქსიმალური გარანტიები ენიჭება და მის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევას ვერავინ შეძლებს:

“სააგენტო არ არის გამოძიების მატარებელი. ის არის სრულიად აპოლიტიკური, სრულიად საგამოძიებო ფუნქციებისგან დაცლილი. მას აქვს მხოლოდ სერვისის ფუნქცია. ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა - კონტროლი პროკურორის, კონტროლი სასამართლოსი. სასამართლოს კონტროლის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება, არც ერთი. ის თავისი ინიციატივით ვერაფერს ვერ დაიწყებს და ვერაფერს ვერ გააკეთებს. თუ გადაუდებელი საქმე იწყება და პროკურორი არის ინიციატორი, სააგენტოს მისდის დავალება. ეს არის ტექნიკური შემსრულებელი ამ სერვისის მიმწოდებელი ყველა საგამოძიებო უწყებისთვის“.

ეკა ბესელიას თანახმად, სისტემა ითვალისწინებს ხუთი დონის გარე კონტროლს, მაკონტროლებლები კი იქნებიან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ნდობის ჯგუფი, უზენაესი სასამართლო და აუდიტის სამსახური.

თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, სააგენტოს კონტროლის მექანიზმები ფორმალურია და ამას გარდა, შეთავაზებული პროექტი მხოლოდ სახელების გადარქმევაა, ის ვერ გამოიწვევს რეალურ ცვლილებებს, მათ შორის, ფარულ საგამოძიებო მოქმედებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ, ფაქტობრივად, კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტოვებს და ვერ უზრუნველყოფს უკანონო მოსმენების მავნე პრაქტიკის შეჩერებას“.

“ჩვენ რამ უნდა გაგვიჩინოს იმის განცდა, რომ ეს სააგენტო შეიძლება იყოს რამენაირად დამოუკიდებელი იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და, ასევე, როდესაც საუბარია, რომ ეს იქნება ტექნიკური ერთეული, გამომდინარე იქიდან, თუ რა ფუნქციებითაა იგი დატვირთული, საუბარი იმაზე, რომ ის მხოლოდ ტექნიკურ დანიშნულებას შეასრულებს, ალბათ, აბსურდულია“, განაცხადა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუქნციები კი კანონპროექტით არის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი, ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა და სხვა. ის, რომ პარლამენტის უმრავლესობის მიერ სამუშაო ჯგუფის ფორმატში შექმნილი კანონპროექტი იდეალური არ არის, ნათელია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილისთვისაც, რომელიც ფიქრობს, რომ, ამის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებებს შორის ბალანსი დაცული იქნება:

“იდეალური ვერ ვიქნებით, იდეალურ სისტემას ვერ შევქმნით და იგივე საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გვაჩვენებს, რომ ყველა ქვეყანას აქვს განსხვავებული მიდგომები. თუმცა ძალიან ბევრი რამ, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, სამოქალაქო უფლებების განვითარების, დემოკრატიის განვითარების ხარისხზე და შესაძლებლობაზე და ჩვენ, აი, ამ დროსა და სივრცეში ვცდილობთ რაღაცა ერთგვარი ოქროს შუალედი ვიპოვოთ. რთულია. კაცობრიობის გამოწვევა არის სწორედ ის, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით რაღაც ბალანსი ვიპოვოთ“.

თუმცა სამოქალაქო მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამჯერად არათუ კაცობრიობის, საკონსტიტუციო სასამართლოს გამოწვევასაც ვერ გაუსწორა თვალი. საქმე ისაა, რომ 2016 წლის 14 აპრილს „ეს შენ გეხებას“ სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაწერისა და შენახვის წესები. პარლამენტს 11 თვის ვადაში ევალება არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა და, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებიც მარტის ბოლომდე უნდა განახორციელოს. „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები საკანონმდებლო პაკეტის ახლა უკვე საპარლამენტო განხილვების პარალელურად ამბობენ, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურის ნაცვლად, კანონპროექტით იქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთეული, კიდევ უფრო მეტი უფლებამოსილებით და ამ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების რისკით. განმარტებაში აღნიშნულია ისიც, რომ ახალი სტრუქტურული ერთეული კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში და, ამავე დროს, ინარჩუნებს საგამოძიებო-ოპერატიული სამსახურის ბუნებას. ამ აზრს იზიარებს საკონსტიტუციო სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც:

“უსაფთხოების სამსახურს და სამართალდამცავ სისტემას, სამწუხაროდ, არ აქვს ის ნდობა საზოგადოებაში, რომ მათ სისტემაში თუკი იქნება ეს ახალი სტრუქტურა მოაზრებული, გარკვეულწილად, კითხვის ნიშნები კვლავ დარჩება. აქ საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ ეს სიტემა იყო ჩართული უკანონო მოსმენებში წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გარკვეული უნდობლობა ნამდვილად არსებობს, თუკი დარჩება აღნიშნული სისტემა ამ სისტემაში და, შესაბამისად, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სისტემის გამოსვლას გარეთ“.

სისტემის გარეთ გამოსვლა ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას. ადმინისტრაციამ ე. წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციებს კონსულტაციების გამართვის წინადადებით მიმართა, რასაც მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა. სპეციალურ წერილში კი, რომელიც, თავის მხრივ, პრეზიდენტს კომპანია „მაგთიკომმა“ გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელ ორგანოს და ავტორიზებულ პირებს. წერილში ნათქვამია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მეორე მარეგულირებელი ორგანოს გამოჩენა, ბიზნესის მართვის თვალსაზრისით, ავტორიზებული პირებისთვის არაპროგნოზირებად გარემოს შექმნის.