გორში რწყვის სეზონისთვის მზადება დაიწყო

ტირიფონისა და სალთვისის სამელიორაციო სისტემები

გორის მუნიციპალიტეტში რწყვის სეზონისთვის მზადება უკვე იწყება. გორის გამგეობაში სამელიორაციო სისტემებზე, არხებზე დაგეგმილი აღდგენითი და გაწმენდითი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის გემგებელს და სოფლებში მის წარმომადგენლებს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის შპს საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა გააცნეს. მელიორაციული სისტემების რეგიონალური ფილიალის დირექტორის ვახტანგ გარდაფხაძის აზრით, სოფლების წარმომადგენლების ჩართულობითა და მათი მონაწილეობით შესაძლებელია ხარვეზები და პრობლემები აღმოიფხვრას.

სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებმა სპეციალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ თემებში შემავალი სარწყავი არხების მდგომარეობის შესახებ. ზაფხულამდე ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ზოგან გარკვეული მონაკვეთების მთლიანი აღდგენა, ზოგან კი მხოლოდ გაწმენდაა საჭირო. მერეთში გამგებლის წარმომადგენელი შამილ თუხარელი აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელია, რათა გაირკვეს მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემები რა მდგომარეობაშია და რისი გაკეთებაა შესაძლებელი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი მიიჩნევს, რომ სამუშაოები სწრაფად უნდა დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით სპეციალისტები ბოლომდე ვერ ამბობენ, იქნება თუ არა ზაფხულში სარწყავ სისტემაში საკმარისი წყალი, რადგან ეს ამინდსა და ოსური მხარის ნებაზეცაა დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, ტირიფონისა და სალთვისის სამელიორაციო სისტემები სათავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იღებს, 2008 წლის ომის შემდეგ ეს სისტემები გადაიკეტა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. საფრთხე შეექმნა როგორც მრავალწლიანი კულტურების ბაღებს, ასევე თითქმის შეუძლებელი გახდა ერთწლიანი კულტურების მოყვანა. საქართველოს ხელისუფლებამ ნიქოზის საირიგაციო სისტემა ააშენა, მაგრამ ეს პრობლემას სრულად ვერ ხსნიდა. წლების განმავლობაში და ახლაც ოსურ მხარესთან ტირიფონის სარწყავი სისტემის ამოქმედების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახლო მომავალში ქართული და ოსური მხარეები სისტემას მთლიანად დაკეტავენ და მასზე აღდგენით და გამწმენდ სამუშაოებს ჩაატარებენ. წყლის სისტემების სპეციალისტის გელა ზოზიაშვილის განცხადებით, მიღწეულია ასევე შეთანხმება, რომ ტირიფონის სამელიორაციო სისტემით როგორც ქართული, ისე ოსური სოფლები ისარგებლებენ.

სამელიორაციო სისტემების სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი ზაფხული, წინა წლებთან შედარებით, ბევრად უკეთესი იქნება, სასოფლო სამეურნეო ფართობების გასარწყავების თვალსაზრისით.