ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეების წარმომადგენლებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ნოემბერში საქართველოს 11 მოქალაქე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ცხინვალის იზოლატორში იმყოფება საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.
Your browser doesn’t support HTML5
გიორგი გიუნაშვილი მიმდინარე წლის ივნისში სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს დააკავეს. მას დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობისა და ცხინვალის მოქალაქის დაჭრის ბრალდებას უყენებენ. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ოსური მხარე მტკიცებულებების გადაცემას ქართული მხარისთვის არ აპირებდა, დღეს კი ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი დავით სანაკოევი კოლეგებთან საგამოძიებო მასალებით გამოცხადდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა ქემოკლიძის, ინფორმაციით, ეს მასალები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და გიუნაშვილი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამ საკითხზე მსჯელობა ჟენევის დისკუსიის ფორმატშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მხარეებმა გამყოფ ხაზთან მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის საკითხზეც იმსჯელეს.
დავით სანაკოევმა მედიის წარმომადგენლებთან საუბარი ზოგიერთი ჟურნალისტის კრიტიკით დაიწყო, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, გატაცებას და მათ გასათავისუფლებლად გადახდილ ჯარიმას გამოსასყიდს უწოდებენ. მისი თქმით, ოსური მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება ასეთ ფორმულირებას. სანაკოევი კვლავ დაჟინებით მოითხოვს სადემარკაციო კომისიის შექმნას საზღვრების დასადგენად, რათა, მისი თქმით, სასაზღვრო რაიონში მოქალაქეების პრობლემები მოგვარდეს.
იმას, რაც ცხინვალისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია, თბილისი მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილავს. ამ მიდგომით ქართულმა მხარემ ოსურ ჯგუფს მავთულხლართებისა და ღობეების დემონტაჟი შესთავაზა, თუმცა ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფორმატში შეუძლებელია პოლიტიკური საკითხების განხილვა, რადგან ფორმატი ამას არ ითვალისწინებს, და ცხინვალელ კოლეგას მოუწოდებს ჰუმანიტარული ღირებულებებით იმოქმედოს.
დეკემბერში ჟენევის დისკუსია გაიმართება, ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კი 18 იანვრიდან განახლდება.