შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი აღმოჩნდა. მუსლიმი თემი სოფელ მოხეში პოლიციის ქვეგანყოფილების გახსნასა და მის ხელმძღვანელად გელა კოხოძის დანიშვნას აპროტესტებს. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე განმარტავს, რომ პოლიციის შენობის გახსნასთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ აქვთ, თუმცა მიაჩნია, რომ ადიგენის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის დაწინაურება პროცესის ნორმალიზებას ხელს შეუშლის.
მუსლიმი თემი სულიერი წინამძღვრის პოზიციას იზიარებს.
სოფელ მოხის რწმუნებული თემურ მიქელაძე დარწმუნებულია, რომ სადავო შენობა ყოფილი მეჩეთია, თუმცა ამბობს, რომ სტატუსის საკითხი ცალკე განსახილველი თემაა. თანასოფლელების მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ სოფელში ვითარება დაძაბულია და პოლიციის ახალი ქვეგანყოფილების გახსნა და მის ხელმძღვანელად გელა კოხოძის დანიშვნა ვითარებას არ გააუმჯობესებს.
ქვეყნის ხელისუფლება ჯერ ხელოვნურად ქმნის პრობლემებს და მერე დამატებით ხარჯს სწევს იმისათვის, რომ შექმნილი ვითარება განმუხტოს, აცხადებს ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი მოხეში ქვეგანყოფილების შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
სოფელ მოხეში 72 ოჯახი ცხოვრობს. მცხოვრებლები აქ 1944 წელს აჭარიდან და რაჭიდან მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გადმოასახლეს. სოფელში ამბობენ, რომ მოსახლეობის 70%-ს მუსლიმები შეადგენენ. რაჭიდან გადმოსახლებული მართლმადიდებელი მოსახლეობა უფლებადამცველებსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მოხის ქრისტიანი თემი გელა კოხოძეს პროფესიონალ მუშაკად და დადებით პიროვნებად მიიჩნევს. იმასაც ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება შერეულ სოფლებში დაიძაბა.
ურთიერთდაპირისპირებულ მოსახლეობას მხოლოდ ერთი რამღა დარჩა საერთო: ქრისტიანებიც და მუსლიმებიც წუხან, რომ ადამიანური ურთიერთობები დაიძაბა და ერთი სოფლის ორივე მხარე ცხოვრებას, უკვე მეორე წელია, ცალ-ცალკე აგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ მოხეში ქვეგანყოფილების გახსნასა და გელა კოხოძის დანიშვნის საკითხზე კომენტარი არ გაკეთდება.