მკვლელობა, როგორც დიალოგის დაჩქარების მიზეზი

ადმინისტრაციული საზღვარი

ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა შედგა. ქალაქ გალში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში, კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ბერაიამ ენგურის ხიდთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრამ მშვიდ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. მათ დააყენეს საკითხი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემის შესახებ და გადასცეს სოხუმს ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა:

„ჩვენ მათი მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქმეს იძიებს დე ფაქტო ხელისუფლების ე. წ. სამხედრო პროკურატურა. მათ არ დაგვიდასტურეს ინფორმაცია ბრალდებულის დაკავების შესახებ. რაც შეეხება მისი გადმოცემის საკითხს, გვითხრეს, რომ ამას სჭირდება სამართლებრივი ბაზა და, ბუნებრივია, ამაზე საუბარი არის ნაადრევი. ჩვენთვის ეს თავისთავად არის მიუღებელი. ენგურს გაღმა არ არსებობს საერთაშორისო სამართლის არანაირი სუბიექტი, არსებობს ოკუპირებული ტერიტორია, რომელზეც კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანი იქნება უცვლელი, ჩვენი პოზიცია -პრინციპული. ჩვენი მოთხოვნები არ შეიცვლება და მას დავაყენებთ ყველა ფორმატში, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“.

ირაკლი ბერაიასავე განცხადებით, დაისვა კონკრეტული კითხვები მკვლელობაში ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მისი სიტყვებით, დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა უპასუხეს, რომ ისინი არ არიან სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები და არ ფლობენ შესაბამის ინფორმაციას.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საუბარი შეეხოასევე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ნორმებს:

გაეროს კოლონა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან

„ვისაუბრეთ ცხელი ხაზის გამართულად უზრუნველყოფის საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარე ტერიტორიებზე ინციდენტების პრევენციისა და ამ ინციდენტების დარეგულირებისთვის... საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრს აკონტროლებენ შესაბამისი სტრუქტურები“.

ირაკლი ბერაიას სიტყვებით, შეხვედრა, ჟენევის მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, ივნისში უნდა გამართულიყო, თუმცა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, საქართველოს ხელისუფლების დაჟინებული თხოვნით, დღეს შედგა.

გალში ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენამ განსაკუთრებით გაახარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. რესპონდენტებმა რადიო თავისუფლებას ენგურის ხიდთან განუცხადეს, რომ დიალოგი, როგორიც არ უნდა იყოს ის, ურთიერთობების აღდგენის იმედს იძლევა:

„ასე რომ იყოს, უკეთესია. რაღაც მაინც იქნება უკეთესად. ახლა დღეს იქ კაცი თავისუფლად გადადიოდა. კაცისშვილი არ კითხულობდა არაფერს, პასპორტს უჩვენებდი და ვსიო. ასე უფრო მსუბუქია გადასვლა“.

„მე, მაგალითად, ამას მივესალმები. ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, ადამიანის სიცოცხლეა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის - ქართველია, აფხაზია, ოსია თუ რუსია“.

„გამიხარდა ძალიან. გუშინ მოვისმინე ამის შესახებ და გამიხარდა. იქნებ რამე წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ვნახოთ, ვნახოთ....“, - აცხადებენ რესპონდენტები.

გალში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა 6 ივლისს ჩაინიშნა. თუ მანამდე სხვა ფორმატის შეხვედრებზე არ იქნა კონკრეტული შედეგები მიღწეული, ქართული მხარე კვლავ აპირებს გიგა ოთხოზორიას მკლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის გადმოცემის საკითხის დაყენებას.

გალის შეხვედრები 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა.