თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი და მილსადენების პოლიტიკა

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი და გიორგი მარგველაშვილი

საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვიზიტის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება იყო. ამ თითქოს სტანდარტული მიზნის უკან დიდი ენერგეტიკული პროექტების პოლიტიკა იკვეთება. თურქმენეთს სურვილი აქვს თავისი ბუნებრივი სიმდიდრის - გაზის - სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს, საქართველოს კი ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

თბილისში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ძირითადად ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები განიხილეს. სწორედ ამაზე საუბრით გახსნა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენცია და შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობას:

„ჩვენი ერთობლივი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები და მათი ხედვები იძლევა თურქმენეთის ჭარბი ენერგეტიკული და სხვა მნიშვნელოვანი რესურსის ევროპის ბაზრებზე ტრანსპორტირების შესაძლებლობას და ამ ტრანსპორტირებაში და თანამშრომლობაში ერთვება არაერთი ქვეყანა. მინდა ხაზი გავუსვა იმ პროექტებს, რომელზეც ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ. ეს არის ლაპის ლასული და აგრის პროექტები, ასევე თურქმენეთის ჩართვა კიდევ სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თანამშრომლობა მოუტანს წარმატებას საქართველოსაც, თურქმენეთსაც, აზერბაიჯანსაც, ავღანეთსაც და, ბუნებრივია, ეს ის გადაწყვეტილებებია, რომელსაც მოაქვს ეკონომიკური წარმატება, რეგიონისათვის მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება“.

დაგეგმილია შეიქმნას კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების სამხრეთ კავშირის დერეფანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქმენეთის მიდგომები საერთაშორისო არენაზე მსგავსია...
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი

საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა. მისი თქმით, სატრანსპორტო და ენერგოდერეფანი, რომელიც თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მოიცავს, დიდი პოტენციალის მატარებელი უნდა იყოს:

„დაგეგმილია შეიქმნას კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების სამხრეთ კავშირის დერეფანი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქმენეთის ეკონომიკის ზრდას. გარდა ამისა, საქართველოსა და თურქმენეთის მიდგომები საერთაშორისო არენაზე მსგავსია, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“.

თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში ბევრი ექსპერტისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ზოგიც ლოგიკურად მიიჩნევს ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომპოვებელი ქვეყნის ლიდერის ვიზიტს თბილისში. იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვიზიტი საქართველოში, კასპიისა და შავი ზღვის აუზის ენერგოპოლიტიკის ანალიტიკოსი ლიანა ჯერვალიძე ამბობს:

„საქართველოს როლი გაიზარდა... თურქმენეთი საქართველოს განიხილავს როგორც პარტნიორ და მხარდამჭერ მხარეს, აი, ამ მოლაპარაკებებში“.

ლიანა ჯერვალიძის განცხადებით, ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ მოლაპარაკებები გააქტიურდა, რაც ევროკავშირთან რუსეთის ურთიერთობები დაიძაბა.

თურქმენეთის დაინტერესება ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე რუსეთის გვერდის ავლით გაიტანოს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შესახებ ჯერ კიდევ 4 თვის წინ „საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის“ (GIOGIE) მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე ილაპარაკა „ტომსონ რეიტერის“ ანალიტიკოსმა ალექსანდრ ერშოვმა:

„რაც შეეხება თურქმენეთისა და რუსეთის თანამშრომლობას, აქ ყველაფერი უღრუბლო არ არის. და ეს იძლევა დამატებით შანსს ტრანსკასპიურ მარშრუტებში ჩაერთოს თურქმენეთი და ევროპა რუსეთის გვერდის ავლით მომარაგდეს. საქმე ისაა, რომ რუსეთი თანდათანობით ამცირებდა თურქმენეთის გაზის შესყიდვებს ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. თურქმენეთს აქვს ალტერნატივა ჩინეთის სახით, მაგრამ აშხაბადისთვის ეს არასოდეს ყოფილა ხელსაყრელი“.

ოპტიმიზმის საფუძველს ისიც იძლევა, რომ ევროკავშირმა შეიმუშავა სამხრეთის დერეფნის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ევროპის ქვეყნების გაზმომარაგების დივერსიფიკაციას ტრანსადრიატიკისა და ტრანსანატოლიის მილსადენების გამოყენებით.