რუბრიკა „გალილეო“ დღეს თანამედროვე მედიცინის ორ სხვადასხვა მიღწევას გაგაცნობთ, რომელთა შესახებ კვლევები აგვისტოს ბოლო კვირაში გამოქვეყნდა. თაგვების თავის ტვინზე ჩატარებული ექსპერიმენტების საშუალებით, ამერიკელმა ნეირომეცნიერებმა შეძლეს ცუდი მოგონებების კარგით ჩანაცვლება. და მეორე: ისტორიაში პირველად რეგენერაციული მედიცინის საშუალებით შოტლანდიელმა მეცნიერებმა ემბრიონული უჯრედებით დამოუკიდებელი ორგანო, მკერდუკანა ჯირკვალი -თიმუსი- შექმნეს.
ზღვის სანაპიროზე გატარებული კვირა შეიძლება ერთი ადამიანისთვის სასიამოვნო მოგონება იყოს, მეორესთვის - მტკივნეული. თუ ბავშვობაში წყლის შიში გქონდათ, არ ნიშნავს, რომ სიბერეში ზღვასთან აუცილებლად ცუდი ემოციები დაგაკავშირებთ. შესაძლოა ისინი თანდათან პოზიტიური მოგონებებით ჩანაცვლდეს. არც ის არის გამორიცხული, რომ შერეული ემოცია გქონდეთ, თუმცა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანის მეხსიერების უმეტესი ნაწილი, როგორც წესი, ან დადებით, ან უარყოფით ემოციასთან ასოცირდება. ამასთან ეს ემოციები სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაა და ხშირად, როგორც ავღნიშნეთ, შეიძლება ერთი და იმავე ადამიანისთვისაც შეიცვალოს.
შეერთებულ შტატებში მდებარე მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ ცუდი მოგონებების კარგით შეცვლა სავსებით შესაძლებელია. 27 აგვისტოს ჟურნალში Nature გამოქვეყნებული სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგები აჩვენებს, რომ სპეციფიურ მეხსიერებასთან დაკავშირებული ემოციური ასოციაციაციით მანიპულირება თავის ტვინის უჯრედების ოპტოგენეტიკური ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესაძლებელი. აღნიშნული ტექნოლოგია ნეირონების აქტივობის კონტროლისთვის სინათლეს იყენებს.
მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, თუ რომელი ნეირონები ასრულებენ კრიტიკულ როლს ემოციის მეხსიერებასთან დაკავშირებაში. საქმე იმაშია, რომ ინფორმაცია, რომელიც მეხსიერების კონტექსტს შეიცავს და ინფორმაცია, რომელიც მასთან დაკავშირებულ ემოციებს მოიცავს, თავის ტვინში სხვადასხვა ადგილას ინახება.
ექპერიმენტი ჯერჯერობით მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა. ჯოშუა ჯოჰანსენი, იაპონიაში მდებარე რიკენის თავის ტვინის მეცნიერებათა ინსტიტუტის ნეირომეცნიერი ამბობს, რომ ამ სფეროში კვლევა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება ადრეა. თუმცა, ამ მიმართულებით კვლევების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში, შორს არ არის ის დრო, როცა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის ბევრად უფრო შედეგიანი მეთოდების შემუშავება გახდება შესაძლებელი.
როგორც გითხარით, დღეს მეორე კვლევასაც გაგაცნობთ, რომელიც ჟურნალის Nature Cell Biology 24 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. ედინბურგის უნივერსიტეტის რეგენერაციული მედიცინის ცენტრის მეცნიერებმა ისტორიაში პირველად ემბრიონული უჯრედებით შეძლეს თიმუსის, მკერდუკანა ჯირკვლის შექმნა. თიმუსი იმუნური სისტემის მთავარ ორგანოდ მიიჩნევა. შოტლანდიელმა მეცნიერებმა თაგვის ემბრიონიდან აღებული უჯრედები გაზარდეს და თაგვში სრულად ფუნქციონირებადი ჯირკვალი შექმნეს.
თიმუსი მკერდის ძვალთან მდებარეობს. ამ ჯირკვალში მწიფდება და დიფერენცირდება თ-ლიმფოციტები, რომლებიც ინფექციებს ებრძვიან და რომელთაც ორგანიზმის იმუნიტეტისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ. თიმუსის გაზრდისთვის მკვლევარებმა თაგვის ემბრიონიდან აღებული უჯრედები გენეტიკურად გადააპროგრამეს. ეს უჯრედები შემდეგ დამხმარე უჯრედებთან ერთად თაგვებში მოათავსეს, სადაც ისინი განვითარდნენ და თიმუსებად ჩამოყალიბდნენ. ხელოვნურად შექმნილი თიმუსები თაგვების ორგანიზმში სრულად ფუნქციონირებს და თ-ლიმფოციეტების წარმოქმნასაც უზრუნველყოფს.
„ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში კვლევაში მონაწილე მეცნიერმა ჯეიმს გალაჰერმა აღნიშნა, რომ შედეგი გამაოგნებელი იყო. „ეს ჩვენთვის სრული სიურპრიზი გახლდათ. ჩვენ უჯრედების გადაპროგრამების პირდაპირი მეთოდით შევძელით სრულად ფუნქციონირებადი და მთლიანად ორგანიზებული ორგანოს შექმნა. ეს ძალიან აღმაფრთოვანებელი წარმატებაა და ამასთან ერთად რეგენერაციული მედიცინის უფრო ფართო სფეროს გაგებით - საკმაოდ მაცდურიც“ - ამბობს ის.
თიმუსი სხვებთან შედარებით ძალზე მარტივი ორგანოა და ადამიანებისთვის მის შექმნამდე მაინც ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ამას გარდა, მკვლევარები იმაშიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ის უკონტროლოდ არ გაიზრდება და კიბოს რისკს არ გაზრდის. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნულმა კვლევამ სამედიცინო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მიიღო, რადგან ეს მედიცინის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სრულფასოვანი ორგანო ცხოველში ემბრიონის უჯრედებით შეიქმნა. მეცნიერები თვლიან, რომ მიღწევა სავარაუდოდ გზას ორგანოთა ტრანსპლანტაციის ალტერნატიულ მეთოდებს გაუკვალავს.