ნარკოტიკების კრიმინალიზება გაეროს კონვენციებით დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ მოხდა. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მოწოდებას ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ დღეს ისევ გაეროს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს წამყვანი სააგენტო - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ავრცელებს. ფრთხილად, მაგრამ გარკვევით, ორგანიზაცია საუბრობს არა მარტო მარიხუანის, არამედ ბევრად უფრო ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზების მიზანშეწონილობაზე.
ვიდრე უშუალოდ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ ვისაუბრებდეთ, განვმარტოთ, რას ნიშნავს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. ეს ტერმინი ზოგჯერ ნარკოტიკების ლეგალიზებაში ერევათ. ნარკოტიკების და ნარკოტიკზე დამოკიდებულების მონიტორინგის ევროპული ცენტრის განმარტებით, დეკრიმინალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკების მოხმარებას აღარ ეძლევა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიციკაცია და, შესაბამისად, სამართლებრივად არ ისჯება. ვიმეორებთ, საუბარია ნარკოტიკის მოხმარებაზე და არა, ვთქვათ, მის გასაღებაზე. რაც შეეხება ლეგალიზებას, ამ შემთხვევაში ნარკოტიკების მოყვანა, შენახვა, დამზადება, გაყიდვა თუ გამოყენება - არც ერთი არ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. აქედან გამომდინარე, ამ ორ ტერმინს შორის სამართლებრივი თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში სახელწოდებით „აივ-ით ინფიცირების პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოვლა“, ყურადღებას ამახვილებს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საუბარია „დეკრიმინალიზაციის კარგ გამოცდილებაზე“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოთქვამს კანონების გადასინჯვის და, სადაც საჭიროა, შესწორების რამდენიმე რეკომენდაციას:
„ქვეყნებმა უნდა იმუშაონ დეკრიმინალიზაციაზე ისეთი ქცევების, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება/ინექცია... და აღკვეთონ სამოქალაქო კანონმდებლობის და რეგულაციების უმართებულო მისადაგება იმ ადამიანებისთვის, ვინც იყენებს/ინექციით იკეთებს ნარკოტიკებს, არის სექსმუშაკი, აქვს სექსი თავისივე სქესის წარმომადგენელთან, ან ტრანსსექსუალია“.
შემდეგ ვკითხულობთ: „ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ისეთი რეგულაციებისა და კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც მოახდენს ნარკოტიკების ინექციისა თუ სხვა გზით მიღების დეკრიმინალიზაციას. შესაბამისად, შემცირდება პატიმრობის შემთხვევები... ქვეყნებმა უნდა აკრძალონ იმ ადამიანთა იძულებითი მკურნალობა, ვინც ნარკოტიკს იყენებს“ - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში.
იქვე მოყვანილია პორტუგალიის მაგალითი და ხაზგასმულია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის სახით ამ ქვეყანაში მიღწეული წარმატება. პორტუგალია ნარკოტიკების შენახვას და მათ მიღებას სისხლის სამართლის სფეროს კი არ მიაკუთვნებს, არამედ ჯანდაცვის პრობლემად მიიჩნევს.
აქვე კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითზე მოგითხრობთ. 90-იან წლებში კანადის ქალაქ ვანკუვერში აღირიცხა შიდსის ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ქალაქის საზოგადოებამ კრიზისიდან გამოსავალი ისეთი დაწესებულების გახსნაში გადაწყვიტა, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება შესაძლებელი იქნებოდა ლეგალურად, ოღონდ სპეციალისტების ზედამხედველობით. ვანკუვერის ცენტრი ამ ტიპის პირველი დაწესებულება იყო მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში.
დაწესებულების გახსნიდან სულ რაღაც ორ წელიწადში 500 მეტრის რადიუსში ნარკოტიკული ნივთიერების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილიანობა 35 პროცენტით შემცირდა. კვლევას ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი და ბრიტანეთის კოლუმბიის შიდსის ცენტრი ხელმძღვანელობდა. ანალოგიურმა გამოკვლევებმა დააფიქსირა შიდსისა და C-ჰეპატიტის შემთხვევების შემცირებაც. ასეთი წარმატების მიუხედავად, პროგრამას დღეს თვით კანადაშიც ბევრი ოპონენტი ჰყავს. მას განსაკუთრებით მძაფრად აკრიტიკებენ კონსერვატორი პოლიტიკოსები.