„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიმართ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თაობაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო. გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტის მინიმუმ 8 წევრის ხმა იყო საჭირო. მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანაბრად გაიყო: 4 მომხრე - 4 წინააღმდეგი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს, მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე მედიაორგანიზაციების წრმომადგენლებს შეხვდება და მათ არგუმენტებს ხელახლა მოისმენს.
Your browser doesn’t support HTML5
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიმართ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა წარუდგინა. მისი სიტყვებით, კანონპროექტს ვეტო პრეზიდენტმა ორი მთავარი საკითხის გამო დაადო: ერთია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება და მეორე - სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით შესყიდვების განხორციელების უფლება. შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის სიტყვებით, ამ კანონმა შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი:
„ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს, ასევე ქმნის კორუფციის სერიოზულ რისკებს. იმ ღირებულებებს და იმ სტანდარტებს მიადგება საფრთხე, რომელსაც ევროკავშირის დირექტივა ითვალისწინებს. უპრეცედენტოა კონსენსუსი და საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ ეს კანონი პრობლემურია და საზოგადოება თანხმდება არგუმენტებზე“.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დაეთანხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი რომან გოცირიძე. მისი შეფასებით, კომიტეტმა არ გაიზიარა სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის არგუმენტები, საზოგადოების მოთხოვნა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აზარალებს პლურალისტურ მედიაგარემოს ქვეყანაში და შეიცავს კორუფციის ხიფათს:
ვიზიარებ პრეზიდენტის ვეტოს. ეს კანონი დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესს, შეუმცირებს ისედაც მცირე დაფინანსებას. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს არგუმენტად მოჰყავს, რომ მას კომერციული რეკლამა ჟურნალისტების წასახალისებლად სჭირდება...დავით ჭიჭინაძე
„ეს კანონი, პირველ რიგში, რეგიონულ მედიას და მცირე ტელევიზიებს აზარალებს. თუმცა მისი უარყოფითი გავლენა გავრცელდება ყველა მიმართულებით... მაუწყებელს აქვს გარანტირებული 50-მილიონიანი შემოსავალი წელიწადში და მას ავტომატურად ეზრდება შემოსავალი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდიდან გამომდინარე“.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიარა უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემაც. მისი აზრით, კომერციულ რეკლამაზე წვდომა საზოგადოებრივ მაუწყებელს იმგვარ უპირატესობას მისცემს კომერციულ ტელევზიებთან შედარებით, რომ კომერციული ტელევიზიები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან:
„ვიზიარებ პრეზიდენტის ვეტოს. ეს კანონი დააზიანებს კერძო მაუწყებლების ინტერესს, შეუმცირებს ისედაც მცირე დაფინანსებას. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს არგუმენტად მოჰყავს, რომ მას კომერციული რეკლამა ჟურნალისტების წასახალისებლად სჭირდება, მაშინ სხვა ჟურნალისტებმა რა დააშავეს?! მათ შემოსავლის წყარო საერთოდ გაუქრებათ“.
როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განმარტა, მისთვის პრონციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, კომიტეტი დაუჭერდა თუ არა მხარს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ, ის კანონპროექტი არ შევიდეს ძალაში, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით დაუჭირა მხარი:
„ამ კანონპროექტში საკვანძო საკითხები, რასაც პრობლემები ახლავს, ეს არის კომერციული რეკლამის საკითხი, ეს არის შესყიდვების თემა, ეს არის სტარტაპების თემა და ძალიან მნიშვნელოვანი - ეს არის სპონსორობა. ყველა ეს საკითხი არის პრონციპული მნიშვნელობის და რომელიმე მათგანის პარლამენტის მიერ საბოლოოდ კანონად ქცევა იქნება ძალიან ცუდი, ერთი მხრივ, კომერციული ტელევიზიებისთვის და, ზოგადად, სარეკლამო ბაზრისთვის; მეორე მხრივ, გაზრდის იმის ხიფათს, რომ მაუწყებელი გავა მაუწყებლობის შესახებ კანონით დაკისრებული ვალდებულებების სივრციდან“.
პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, იმიტომ რომ ერთ-ერთ საკითხს არ ვეთანხმები. სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში მე საფრთხეს არ ვხედავ. ვფიქრობ, რომ არსებობენ ინსტიტუციები, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ გარანტირებული მეთვალყურეობა ამ თემაზე...რომან კაკულია
არც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს და არც მაუწყებლის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს ემხრობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. მისი სიტყვებით, მოტივირებული შენიშვნები არაფერს ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტარტაპების დაფინანსების თაობაზე. რომან კაკულიას თქმით, სახელმწიფო შესყიდვების კანონის გვერდის ავლით განხორციელებული შესყიდვების გაცილებით მაღალი კონტროლის მექანიზმს ფლობს პარლამენტი, ვიდრე იმის მაკონტროლებელ ფუნქციას, თუ რომელი დამწყები საწარმოს დაფინანსებას ჩათვლის საჭიროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან მიღებული თანხით:
„პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, იმიტომ რომ ერთ-ერთ საკითხს არ ვეთანხმები. სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში მე საფრთხეს არ ვხედავ. ვფიქრობ, რომ არსებობენ ინსტიტუციები, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ გარანტირებული მეთვალყურეობა ამ თემაზე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია იცვლება თავად კანონის მიმართ. როცა კანონპროექტი კენჭისყრაზე დადგება, იქ იგივე პოზიცია მექნება, რაც მანამდე მქონდა“.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს ის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან არგუმენტირებული მოსაზრებების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტს პარლამენტი, დაძლიოს თუ არა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაიზიარებს და ვეტოს დაძლევს, კენჭისყრაზე ხელახლა დადგება კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა ხელმოსაწერად. თუ ამ კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, მაშინ მოქმედებას გააგრძელებს დღეს არსებული კანონი „მაუწყებლობის შესახებ“.