საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. კომიტეტის ოთხმა წევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვეტოს, ოთხმა დეპუტატმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. ამ ოთხ დეპუტატს შორისაა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. მან თავისი უარყოფითი პოზიცია იმით ახსნა, რომ ვეტოს მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტარტაპების დაფინანსების ინიციატივის მხარდაჭერას ნიშნავს, რასაც იგი არ იზიარებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოტივირებული შენიშვნებით 15 იანვარს დაუბრუნა. პრეზიდენტმა პრობლემურად მიიჩნია ის, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზარზე შევიდეს. პრეზიდენტის შენიშვნა ეხება ასევე მაუწყებლის უფლებამოსილების გაფართოებას და შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.
საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას ურჩევს ორმოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც ხელი მოაწერეს ექვსპუნქტიან მოთხოვნას და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის ახალი საზოგადოებრივი კამპანია წამოიწყეს.