მარტვილში თვითმმართველობის ორგანოები სრულიად პარალიზებულია

მარტვილი

გამგეობის შენობის წინ მოქალაქეები მეთერთმეტე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. რამდენიმე მონაწილემ აქციის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა. მოთხოვნა, გადადგნენ მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია, უცვლელია. აქციის მონაწილეები გამგეობის შენობაში არც ერთ თანამშრომელს არ უშვებენ. თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წაყენებული მოთხოვნების შესრულებას არ აპირებენ. მათ წესრიგის დასამყარებლად პოლიციას მიმართეს და მის რეაგირებას დღის განმავლობაში ელოდებიან.
მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციას უერთდებიან სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც. მარტვილში ზუგდიდიდან ჩასულმა აქციის მონაწილე ლალი ანთიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აქციის მონააწილეები დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. რესპონდენტი იმედოვნებს, რომ მარტვილის თვითმმართველობაში ცვლილებები მოქალაქეთა აქციების საშუალებით განხორციელდება, რასაც შემდეგ იმავე პროცესების განმეორება მოჰყვება სხვა ქალაქებშიც - მათ შორის, ზუგდიდში.

„განახლდა აქცია. შიმშილობს 50-ზე მეტი ადამიანი. აქტივისტებს ელოდებიან ქუთაისიდან, ხობიდან, წალენჯიხიდან... ვითვალისწინებთ საზოგადოების აზრს და მოვითხოვთ ყველა რეგიონში გადადგნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. ჩვენ ვითხოვთ გუბერნატორ ზაზა გოროზიას გადადგომას. ალბათ, ეს მთელ სამეგრელოს მოედება. საზოგადოება ვერ ეჩვევა ორხელისუფლებიანობას“, – გვითხრა ლალი ანთიამ. ის უარყოფს მოსაზრებას, თითქოს საპროტესტო აქცია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ინიციატივითა და დახმარებით ხორციელდება,

სხვა აზრისაა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ძმა, ზაალ გოროზია.
„იქ ვინც დგას, ყველას თანამდებობაზე უნდა მოსვლა. ეს „ქართული ოცნების“ მართულია. მათ კარგად იციან, რომ არჩევნებით ვერასდროს ვერ მოიგებენ მარტვილში. არ არიან ის ადამიანები, ვისაც მარტვილის რაიონი ენდობა. არჩევნები რომ მოხდა, საკრებულოს პირველ სხდომაზე მოვიწვიეთ ჩვენ ესენი სუყველა. შევთავაზეთ თანამშრომლობა ყველანაირ საკითხში – თანხების მონიტორინგი და ა.შ. ეს ადამიანები ამ შეთანხმებაზე არ წამოვიდნენ. თანამდებობა უნდათ და თანამდებობა ასე ხომ არ არის? ჩვენ არჩეული ხალხი ვართ“, – განაცხადა ზაალ გოროზიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, გადადგომას არც მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია აპირებს.

მარტვილში მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, 20 ნოემბერს დაიწყო. აქციას წინ უძღოდა 17 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების მუხურჩისა და ვედიდკარის მოსახლეობის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება და სურვილი შეხვედროდნენ გამგებელს. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ მათ 2 წლის წინ მიწის ნაკვეთები და საძოვრები უკანონოდ გაუყიდეს, რაშიც ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას ადანაშაულებენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში მიწების გასხვისებასთან კავშირი კატეგორიულად უარყო. ზაალ გოროზიამ განაცხადა, რომ სურვილი აქვს ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და ამ მიზნით მზად არის ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან.