მაგისტრალური პროექტების პრიორიტეტული ვექტორი საქართველოში

ინფრასტრუქტურული პროექტები - მათ შორის, სატრანსპორტო და ენერგოპროექტები - ქვეყნის პრიორიტეტული ვექტორისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ყველაზე მკაფიო ინდიკატორია. საქართველოს, როგორც პოტენციურ „რეგიონალურ ჰაბს“, ეკონომიკური საქმიანობის ორი მთავარი მიმართულებითი ვექტორი აქვს: აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილო-სამხრეთის. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ჰიბრიდული ომი და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება“, რომლის პრეზენტაციაც დღეს იმართება, ერთი თავი სწორედ მაგისტრალური პროექტების პრიორიტეტულ ვექტორზე დაკვირვების შედეგებს ეძღვნება.

ანგარიშის ავტორები თანხმდებიან, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისი დეკლარირებული სტრატეგიული მიზნისთვის პრიორიტეტული აღმოსავლეთ-დასავლეთის ვექტორი უნდა იყოს, ხოლო საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები რუსეთიდან და ირანიდან ბუნებრივი აირის მოწოდების გაზრდის თაობაზე დეკლარირებული გზიდან გადახვევის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.

მართალია, ჩრდილო-სამხრეთი ვექტორი პოტენციურად შეიძლება ეკონომიკურად მომგებიანი მიმართულება იყოს, რადგან რუსეთის ევროპული ნაწილის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, მაგრამ სერიოზული ეჭვები არსებობს რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ეკონომიკური ბერკეტები საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისა და ამბიციების მისაღწევად სამხრეთ კავკასიაში და მის მიღმა, ირანსა და ახლო აღმოსავლეთში.

გარდა ენერგეტიკის სფეროში მოსალოდნელი გარიგებებისა, რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალების რაოდენობის გაზრდითა და გაუმჯობესებით. უკვე წლებია, რაც მოსკოვი ცდილობს აფხაზეთის რკინიგზის აღორძინებას, ხოლო ცოტა ხნის წინ ახალი სატრანსპორტო პროექტის - დაღესტანი-კახეთის მაგისტრალის შესახებ გააკეთა განცხადება. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა საქართველოსთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა ოფიციალურ თბილისთან წინასწარი განხილვებისა და შეთანხმების გარეშე დაიწყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ამ გზის მშენებლობის პროექტის შესახებ 2008 წლის დასაწყისშიც გავრცელდა.

ანგარიშის ავტორთა აზრით, ამ ინფორმაციაზე რეაგირების ხასიათი საქართველოში ნეგატიურ და საეჭვოსა და თითქმის მისასალმებელს შორის მერყეობდა.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გაზრდის შემთხვევაში, ეს მაგისტრალი, სხვა დამაკავშირებელი მაგისტრალებისგან განსხვავებით, სეპარატისტულ ტერიტორიებზე (ფსოუს მაგისტრალი, როკის გვირაბი) არ გადის და კლიმატური პირობების გამო არ არის წლის საკმაოდ დიდი დროის მონაკვეთში ჩაკეტილი. ამრიგად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ის გამოყენებული იქნეს როგორც დაღესტნური საქონლის, ასევე სამხედრო აღჭურვილობის ტრანსპორტირებისთვის.

არსებითად იმავე კუთხით შეიძლება იქნეს განხილული პერსპექტივა, როცა რუსეთმა, რუსული კომპანია „ვიმპილკომის“ სახით, გამოავლინა დაინტერესება „კავკასუსის“ მფლობელობაში არსებული მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით და არა მხოლოდ ამ ქსელით, არამედ საცალო ქსელითაც. ეს კი საქართველოში ოცდამეერთე საუკუნის ინფორმაციაზე კონტროლის დაწესების მცდელობას ემსგავსება, რაც ასევე ძალიან სახიფათო თემაა.

მთლიანობაში, რეგიონში სიტუაცია არ არის მშვიდი. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო კონფრონტაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და ეკონომიკურ ზრდას მთელ რეგიონში. რეგიონის ორი წამყვანი ძალის - რუსეთისა და თურქეთის - მზარდი დაპირისპირება ერთმანეთთან ასევე გრძელვადიან რისკებს შეიცავს რეგიონისთვის.