შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება

იუსტიციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის შენობები

თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, სხვისი ქონების დაზიანება, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება - ეს იმ დანაშაულთა ჩამონათვალია, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-ზე მეტი ყოფილი თანამშრომლის დაკავებას დაედო საფუძვლად. ისინი 15 ნოემბერს პროკურატურაში ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. პარალელურად, აქტუალურობას არ კარგავს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას, მე-7 საპყრობილიდან გადაყვანის მოთხოვნა.

მთელდღიანი მოლოდინის შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა შს სამინისტროს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების სია, რომლებიც 15 ნოემბერს დააკავეს. ოფიციალურ ვებსაიტზე გვიან საღამოს გამოაქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე: და რომ „მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე“ დაკავებულია 12 პირი: 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა; 2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი; 3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი; 4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე; 5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე; 6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი; 7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი; 8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია; 9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე; 10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე; 11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი; 12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

ოფიციალური განცხადების თანახმად, პარასკევს მთავარ პროკურატურაში გაიმართება ბრიფინგი, რომელზეც გახმაურდება დეტალური ინფორმაცია დაკავების საფუძვლებთან დაკავშირებით; ხოლო ბრიფინგის შემდეგ, „საქართველოს მთავარი პროკურატურა განასაჯაროებს მტკიცებულებათა ნაწილს“.

15 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში, დაკავებულების შესახებ ინფორმაციას, შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა წყარო ნაწყვეტ-ნაწყვეტ ავრცელებდა. თავდაპირველად ინფორმაცია დაადასტურა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მან შესაძლო დანაშაულის ერთ-ერთი სახეობაც გამოკვეთა. აქვე ვთქვათ, რომ იმ დროისთვის დაკავებულების რიცხვი შედარებით მცირე იყო:

”დაკავებულია 9 ადამიანი - შს სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, რომლებსაც სხვებს შორის ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელები იმისთვის, რომ ადამიანების პირადი ცხოვრება და მათი ინფორმაციები, მათ შორის, კომერციული და ფინანსური, გაეტანათ.”

ყავლაშვილი გიორგი დაკავებულია 187-ე და 333-ე მუხლების პირველი ნაწილებით. ეს არის სხვისი ნივთის დაზიანება, რომელიც მაქსიმალური სასჯელის ზომად ითვალისწინებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ...
დავით ხაჟალია

იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას 15 ნოემბერს, დღის განმავლობაში, დაკავებულთა ადვოკატები ავსებდნენ. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებს შორის არიან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) მაღალჩინოსნები - გიორგი ყავლაშვილი და ლევან ქარდავა. როგორც ადვოკატი დავით ხაჟალია განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებით ნაკლებად მძიმე დანაშაულზეა საუბარი:

”ყავლაშვილი გიორგი დაკავებულია 187-ე და 333-ე მუხლების პირველი ნაწილებით. ეს არის სხვისი ნივთის დაზიანება, რომელიც მაქსიმალური სასჯელის ზომად ითვალისწინებს 3 წლით თავისუფლების აღკვეთას. ასევე 333-ე მუხლიც ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ყველაზე მკაცრ სასჯელს. ეს არის უფლებამოსილების გადამეტება”.

სხვისი ქონების დაზიანებაში, ადვოკატ ხაჟალიას განმარტებით, ”ქართუ ჯგუფის” კუთვნილი ტექნიკის დაზიანება იგულისხმება. რაც შეეხება ლევან ქარდავას, ადვოკატ კახა შონიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებასაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი ედება საფუძვლად. ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო მიმართულება ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრს უკავშირდება. გავიხსენოთ, რომ ბესიკ სურმავა სექტემბრის ბოლოს გაუჩინარდა და მისი სახელით ინტერნეტსივრცეში ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა.

”ეს არის 143-ე მუხლი - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და 333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბესიკ სურმავას თავისუფლების აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით არის ეს საქმე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით”, - აღნიშნავს ქარდავას ადვოკატი.

ყავლაშვილისა და ქარდავას მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ყოფილ თანამშრომლებს, კანონმდებლობის მიხედვით, ბრალი პროკურატურამ დაკავებიდან 48 საათში უნდა წაუყენოს.
ჩვენი გუშინდელი მოწოდების შემდეგ მივიღეთ პასუხი და მანამ, სანამ ბაჩო ახალაიას გადაიყვანენ სხვა საპყრობილეში, - როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა თქვა, რამდენიმე დღეში მოხდება მისი გადაყვანა ...
აკაკი მინაშვილი

პარალელურად, კვლავაც არ კარგავს სიმწვავეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის საპატიმრო დაწესებულების შეცვლის თემა. გავიხსენოთ, რომ ბრალდებულის მე-8 საპყრობილიდან მე-7-ში გადაყვანის ამბავი 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ ”უსაფრთხოების დაცვის” მიზნებით ახსნა. ამ ფაქტმა უკმაყოფილო დატოვა ახალაიას გულშემატკივრები, ოჯახის წევრები თუ უფლებადამცველების ერთი ნაწილი. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ცინიზმად მიიჩნიეს ბაჩო ახალაიას გადაყვანა იმ დაწესებულებაში, სადაც ე.წ. ”კანონიერი ქურდები” იხდიან სასჯელს. დაცვის მხარე ”ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე” ლაპარაკობს და მსგავსი პროტესტი ხუთშაბათსაც გამოიხატა.

უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი მინაშვილი, რომელსაც, პარლამენტის თავმჯდომარის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის ”მონახულების შეუზღუდავი უფლება 2 კვირის ვადით” მიენიჭა და მან ეს უფლება მალევე გამოიყენა, ბაჩო ახალიას ამ ეტაპზე უსაფრთხოდ ყოფნას ადასტურებს, თუმცა მის სხვა საპყრობილეში გადაყვანას მაინც ელოდება:

”ჩვენი გუშინდელი მოწოდების შემდეგ მივიღეთ პასუხი და მანამ, სანამ ბაჩო ახალაიას გადაიყვანენ სხვა საპყრობილეში, - როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა თქვა, რამდენიმე დღეში მოხდება მისი გადაყვანა, - მე ბაჩოსთან შევალ ძალიან ხშირად და იმედი მაქვს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი თავის პირობას არ დაარღვევს.”

”მე მსგავსი დაპირება არავისთვის მიმიცია”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი; თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების მოგვარების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ მართლაც მოხდეს ბაჩო ახალიას გადაყვანა ე.წ. ”მატროსოვის ციხეში”:

”მატროსოვზე არსებობდა გარკვეული ინფორმაციები, რომელთა მიხედვითაც გამოძიებისთვის არ იყო სასურველი იმ ვითარებაში (ბაჩო ახალაიას) იქ გადაყვანა. ამ საფრთხეებს მოვხსნით ამ დღეებში და შემდეგ, ბუნებრივია, შესაძლებელი იქნება გადაყვანაც და დატოვებაც. სულ ვამბობ, რომ ვიხელმძღვანელებ არა ვიღაცის ზეწოლით ან ყვირილით, არამედ საღი აზრით. თუკი საღი აზრი მოითხოვს, რომ მატროსოვზე გადაყვანა უკეთესია, ბუნებრივია, გადავიყვანთ. ამაზე არანაირი პრობლემა არ არსებობს.”

სოზარ სუბარი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ”მატროსოვის ციხეში” არსებული პრობლემები, ძირითადად, საპყრობილის იმ ძველ თანამშრომლებს უკავშირდება, რომლებიც შესაძლოა აგრესიულად იყვნენ განწყობილი ბაჩო ახალაიას მიმართ.