Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარმა პროკურორმა ახალაიასა და კალანდაძის მონაწილეობით კიდევ ერთი საქმე წარმოადგინა


13 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურორმა ჟურნალისტებს წარუდგინა ინფორმაცია კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ, რომელიც, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ორი წლის წინ არის ჩადენილი. მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ”2010 წლის 16 თებერვალს გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ საფუძვლით, რომ ისინი იყვნენ მძღოლები და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე. 2010 წლის 18 თებერვალს ღამის, დაახლოებით, 2-დან 3 საათამდე ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, რომელიც იმჟამად იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მითითებული პირები მათი დასჯის მიზნით ქალაქ თბილისიდან გადაიყვანეს სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე. ადგილზე ჩასულ ჯარისკაცებს სხვა სამხედრო პირებთან ერთად დახვდა ბაჩანა ახალაია და შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი გიორგი კალანდაძე. ბაჩანა ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ და გამოძიებით დადგენილმა სხვა პირებმა სენაკში ჩაყვანილ სამხედრო მოსამსახურეებს მათ ორ ოცმეთაურთან ერთად მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ისინი ბაჩანა ახალაიას ბრძანებით გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს დაახლოებით ერთი საათი სიცივეში. ამის შემდეგ ბაჩანა ახალაიას ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს ამავე ბრიგადის აბანოში, დაუყენეს მათ გუშაგები, გამოურთეს გათბობა და ამგვარ ვითარებაში ამყოფეს ისინი სამი ღამისა და ორი დღის განმავლობაში 2010 წლის 20 თებერვლამდე. ამ ქმედებით ბაჩანა ახალაიამ ჯარისკაცებს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. თავისუფლების აღკვეთის განმავლობაში ჯარისკაცებს მინიმუმ 36 საათი არ ეძლეოდათ საკვები და თავისუფლების აღკვეთის მთელი დროის განმავლობაში ჯარისკაცები იმყოფებოდნენ გაუსაძლის სიცივეში. აბანოში, სადაც ჯარისკაცები იყვნენ ჩაკეტილები, არ იყო საწოლები, ლეიბები, პლედები და სკამები, რის გამოც ჯარისკაცებს მეტლახის ცივ ფილებზე” - ამ ეპიზოდის გამო მთავარი პროკურორი პასუხისმგებლობას აკისრებს ბაჩანა ახალაიას ადამიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და წამებისთვის. გიორგი კალანდაძეს კი ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება. არჩილ კბილაშვილის თანახმად, ახალაიასა და კალანდაძის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია 19-ვე დაზარალებულის ჩვენებით და სხვა მოწმეთა დაკითხვის ოქმებით. მოცემულ საქმეზე პროკურატურამ სასამართლოს დღეს დილით მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულთა მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG