Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: უაღრესად შეშფოთებული ვარ საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დადებითად შეაფასა საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ფაქტი, თუმცა იქვე დასძინა, რომ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს ახალი მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით. პრაღაში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, რასმუსენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმაროს, რათა არ მოხდეს სასამართლო პროცესებში პოლიტიკური ჩარევა. „უაღრესად შეშფოთებული ვარ [არჩევნების შემდგომ] განვითარებული პროცესებით - უწინარეს ყოვლისა საქართველოში ახლახან პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით“, განაცხადა რასმუსენმა. მანვე დასძინა, რომ ნატო დიდი ყურადღებით მიადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც ასამბლეაზე აკრედიტებული ჩვენი კორესპონდენტი გვატყობინებს, რასმუსენის განცხადებები მოჰყვა ერთ-ერთი დეპუტატის შეკითხვას, გაგრძელდება თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ დადებული პირობის შესრულება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც. 6 და 7 ნოემბერს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ეჭვით დააკავეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. მოგვიანებით ახალაიას, უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად, ბრალი წაუყენეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც.
XS
SM
MD
LG