ბიუჯეტი, შეჩერების მექანიზმი და კვირის სხვა მოვლენები

საქართველოს პარლამენტი

გასული სამუშაო კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მომავალი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება იყო. 14 დეკემბერს პარლამენტმა, 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც, უმრავლესობის თანახმად, პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ იგი მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს.

2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457, 2 მლნ ლარით განისაზღვრა. მათ შორის შემოსავლები 9 489, 5 მლნ ლარია. ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი კი მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ოდენობის 4, 1 პროცენტზეა დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 14 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცების დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დეფიციტის შემცირება 2020 წლისთვის საგრძნობი იქნება:

Your browser doesn’t support HTML5

ბიუჯეტი, შეჩერების მექანიზმი და კვირის სხვა მოვლენები

„შეფასებული ბიუჯეტის დეფიციტი ჩვენ გვექნება 4,1 პროცენტი, შემდგომში - 3,8; 3,6 და 2,5-მდე ჩამოვალთ უკვე 2020 წლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დეფიციტის ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება არის გათვალისწინებული შესაბამისად. მინდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული დაფინანსების წყაროები იქნება საგარეო ვალის წმინდა ზრდა - 935 მილიონი, საშინაო ვალის ცვლილება აქ იქნება 390 მილიონი ლარი და პრივატიზაცია იქნება 160 მილიონი ლარი“.

ის, რომ 2017 წლის ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია, არადამაჯერებლად მიაჩნია ოპოზიციას, რომელმაც მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე პასუხისმგებლობა არ აიღო და მას მხარი არ დაუჭირა. მათ შორის კი, ვინც ბიუჯეტს უნდობლობა გამოუცხადა, იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე:

“განაცხადეს, რომ ამ ბიუჯეტს ჩვენ მივყავართ ტაძრისკენო. მე მინდა შევეკითხო: კი მაგრამ, ტაძრამდე რომ მივალთ, სანთელი რა ეღირება? ლარის კურსი რამდენი იქნება მაშინ? მე რომ ვმართავდე ლარს, მე გეტყვით, რამდენი იქნება. იქნება 1,65. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ის ოცნების პროგრამა, რაც იყო, უკვე დასაფლავდა აქ. ეს არის ოცნებების სასაფლაო, რომელიც ამ ბიუჯეტში არის წარმოდგენილი, იმიტომ რომ რეალურად ლარმა ითამაშა მესაფლავის როლი“.

გიორგი კვირიკაშვილი

ლარის გაუფასურების პროცესი გასულ კვირაში კი კვლავ ინტენსიურად გაგრძელდა და თავის ისტორიულ ანტირეკორდს მიაღწია. კვირის ბოლოსთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 2, 68 ლარია. მთავრობა გასულ კვირაშიც არწმუნებდა მოსახლეობას, საგანგაშო არაფერი ხდება და ვითარება მალე გამოსწორდებაო. 15 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ვალუტის გაუფასურება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც მიმდინარეობს:

“საუბარია, დაახლოებით, 100 %-იან გაუფასურებაზე - თურქული ლირა იქნება ეს თუ უკრაინული გრივნა (200 %), რუსული რუბლი (90 %)თუ აზერბაიჯანული მანათი, რომელიც, ასევე, 100 %-ზე მეტი მაჩვენებლით გაუფასურდა. ამ ფონზე ქართული ლარი 2012 წლის შემდეგ გაუფასურდა 60-65 %-ით. ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო თავისი განვითარების დინამიკით, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელშიც ვიმყოფებით, მაინც, ჩვენი ქვეყნის განვითარების დონიდან გამომდინარე, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმებზე“.

იმ პროცესებს შორის კი, რომლებშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნის მნიშვნელოვანი განვითარების პერსპექტივებს ხედავს, არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება. გასული სამუშაო კვირა ამ მიმართულებითაც გამორჩეული გამოდგა. კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლები 13 დეკემბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ეგრეთ წოდებულ შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა საქართველოსთან დაკავშირებულ განახლებულ საკანონმდებლო წინადადებაზე.

“წარმატებით დასრულდა, სამმხრივი შეთანხმება მიღწეულია. საბჭოს ტექსტის ძირითადად ის ვარიანტი მიიღო პარლამენტმა. ძალიან მიხარია, რომ ერთი შეხვედრით დასრულდა ეს ყველაფერი და შეთანხმება უკვე გვაქვს. ახლა ისევ საკმაოდ ბევრი პროცედურაა გასავლელი. დაუბრუნდება ტექსტი საბჭოს და შემდეგ, ალბათ, საბჭო ელჩების კონფიგურაციით განიხილავს. მერე გადაუგზავნის ისევ პარლამენტს, რადგან ტექსტმა ისევ გარკვეული ცვლილება განიცადა. ცვლილება გულისხმობს იმას, რაც არის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ ვიზალიბერალიზაცია - ნებისმიერი ახალი ვიზალიბერალიზაცია - უნდა შევიდეს ძალაში ერთდროულად შეჩერების მექანიზმთან“, განმარტა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ.

15 დეკემბერს კი ევროპარლამენტმა დაამტკიცა მესამე ქვეყნებისთვის ევროკავშირის მიერ მინიჭებული უვიზო რეჟიმის ეგრეთ წოდებული შეჩერების განახლებული მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მიერ ფორმალურ დამტკიცებას საჭიროებს.

გასულ კვირაშივე ევროკავშირმა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსებულ თავის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ორი წლით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე, გაუხანგრძლივა. ამ დროისათვის მისიას საქართველოში 200-ზე მეტი უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს აწარმოებენ, თუმცა სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა არ შეუძლიათ.

ფაქტი არის ის, რომ 19 ოქტომბერს, რამდენიმე თვის წინ პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესთან დაკავშირებით...
ანა დოლიძე

გასული კვირის მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ მოვლენებს შორის არის, ასევე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცება, კომისიის შექმნა, რასაც უახლოეს მომავალში მისი დაკომპლექტება უნდა მოჰყვეს. კომისიამ მოქმედი კონსტიტუციის გადახედვა და მისი ახალი რედაქციით მომზადება უნდა უზრუნველყოს. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს და მისი თანათავმჯდომარეები, პრეზიდენტის ინიციატივის მიუხედავად, არ იქნებიან თავად პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ის, რომ ამის გამო პრეზიდენტი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, 16 დეკემბერს დაადასტურა მისმა საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, რომელიც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზე შეთავაზებული წინადადება კონსულტაციებისთვის სივრცეს არ ტოვებდა და ულტიმატუმივით ჟღერდაო:

“მე შეგახსენებთ, იმისათვის რომ ჩვენ ვიყოთ მართლები, უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე დაყრდნობით. ფაქტი არის ის, რომ 19 ოქტომბერს, რამდენიმე თვის წინ პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესთან დაკავშირებით“.

თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კომისიაში მონაწილეობაზე ბოიკოტის მიუხედავად, მზადაა აქტიურად ჩაერთოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვის პროცესში. ხელისუფლების ოპონენტები და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, ზოგადად, პროექტის განხილვის პროცესს ფორმალური ხასიათი ექნება და ხელისუფლებაც, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ადვილად შეძლებს მისთვის ხელსაყრელი პროექტის დამტკიცებას. პროექტი, ასევე ოპონენტების თანახმად, მთავარ მიზნად პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას დაისახავს. თავის მხრივ, კომისიის საქმიანობის ორ მიზანს გაუსვა ხაზი მისმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ:

“ორი ძირითადი მიზანი აქვს განსაზღვრული სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიას. პირველი მიზანი - ეს არის კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა, მეორე ძირითადი მიზანი არის ისეთი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ახალ წლამდე უნდა გაიმართოს.