მიმდინარე კვირის ბოლოს, 22 სექტემბერს, ვენეციის კომისია, სავარაუდოდ, საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე პირველად დასკვნას გამოაქვეყნებს. მანამდე კომისიას გაეგზავნება პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ერთობლივი დოკუმენტი, რომლის ძირითადი დებულებები მმართველი ძალისთვისა და საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. სახელისუფლებო პარტიასთან დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის დაპირისპირების მთავარ საკითხებად რჩება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. მმართველი პარტია პრეზიდენტის მორიგი ვეტოს მოლოდინშია, პრეზიდენტსა და ოპოზიციას კი საკონსტიტუციო რეფორმის ჩიხიდან გამოყვანის იმედი ჯერ არ დაუკარგავთ, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავებულია.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობა დასკვნით ფაზაში გადადის და სექტემბრის ბოლოსთვის ნათელი გახდება, მრავალთვიანი დებატებისა და მრავალი რეკომენდაციის მიუხედავად, იქცევა თუ არა კონსტიტუცია კონსენსუსის საგნად. კონსტიტუციის მიღებამდე ერთი კვირით ადრე კი მმართველი პარტიის წარმომადგენლები კვლავაც აცხადებენ, რომ პრეზიდენტსა და ოპოზიციას კონსენსუსად მათი ულტიმატუმის შესრულება მიაჩნიათ, რაც უსაფუძვლოა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივი შენიშვნები ექნება არა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, არამედ იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, რომელსაც პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ამზადებს:
“მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე სახის სამართლებრივი შენიშვნები იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ, ფაქტიურად, ყველა შენიშვნა, რომელიც კანონპროექტის განხილვისას, დაწყებისას ჰქონდა ვენეციის კომისიას, ჩვენ მთლიანად გავითვალისწინეთ. ძალიან დიდი ალბათობით, სამართლებრივი შენიშვნები იქნება არა 2 მოსმენით მიღებულ კანონის პროექტზე, არამედ იმ კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელიც პრეზიდენტს უნდა შენიშვნების სახით წარმოადგინოს. ძალიან დიდი ალბათობით, ვენეციის კომისიის ექნება სამართლებრივი შენიშვნები თუნდაც პრეზიდენტის არჩევის საკითხში“.
გიორგი კახიანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვერსიის შემუშავებით პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციური გაერთიანებების მხარდაჭერა მოიპოვოს და მორიგი ვეტო ამჯერად უკვე კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე გამოიყენოს. თავის მხრივ, მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპარტიულად დამტკიცების შემთხვევაში პროცესების საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელებას არ გამორიცხავს რესპუბლკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში იგი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი უკანონოა, რადგან საყოველთაო განხილვებზე საზოგადოებას წარუდგინეს ერთი ვარიანტი, ხოლო იღებენ მეორეს. ამ ვარიანტის მთავარი სადავო საკითხი კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებაა 2024 წლამდე, რასაც მხარს მხოლოდ „ქართული ოცნება“ უჭერს. ასეთი კონსტიტუცია კი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის “ თავმჯდომარის, გიგი წერეთლის აზრით, ვერ შეასრულებს ქვეყნის მთავარი კანონის ფუნქციას:
“კონსტიტუციასთან დაკავშირებით შექმნილია აბსოლუტურად გაუგებარი ვითარება. ჩიხი, რომელიც არის საკანონმდებლო, სამწუხაროდ, შექმნა ხელისუფლებამ აბსოლუტურად არათანმიმდევრული მოქმედებებით, მხოლოდ თავისი ვიწროპარტიული ინტერესებით და დღეს გვაქვს ის შედეგი, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიციასთან ერთად ახალი პროექტი უნდა იყოს. პროცედურულად ეს პრაქტიკულად ამ ეტაპზე შეუძლებელია, ხელისუფლება არაფერს არ ცვლის, რითაც კიდევ ერთხელ აგზავნის ასეთ გზავნილს მთელ მსოფლიოში, რომ ეს იქნება ერთი პარტიის, ერთი პოლიტიკური ჯგუფის კონსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნება ვალიდური და ვერ შეასრულებს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ფუნქციას“.
რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც პრეზიდენტმა და ოპოზიციამ შეიმუშავეს, როგორც ერთგვარი ბოლო შანსი დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად მმართველი უმრავლესობისთვის, პროექტი, რომელიც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის, თანახმად, მინიმალური რაოდენობით შეიცავს მოტივირებულ შენიშვნებს:
“უამრავი რამ არის გასასწორებელი ამ კონსტიტუციაში, მაგრამ ოპოზიციური პარტიები და, ალბათ, პრეზიდენტიც ხელოვნურად აარიდებენ თავს ძალიან ბევრი და რთული შენიშვნების მიცემას, რათა საბაბი არ მიეცეს უმრავლესობას, რომ თითქოსდა ვიღაცა აპირებს ამ კონსტიტუციის დაჩეხას. იქნება მინიმალური მოტივირებული შენიშვნა, ძირითადად ის შეეხება ორ საკითხს - არჩევნების სისტემას, ანუ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების წესის დატოვებას“.
რომან გოცირიძე ასევე მიიჩნევს, რომ შექმნილი საკონსტიტუციო კრიზისიდან გამოსავალი არის პრეზიდენტის ვეტო, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა ორი მოსმენით მიღებულ პროექტში.