ხვედელიძის დაკავება და პირადი ცხოვრების ამსახველი არქივის ბედი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საღამოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქმე შეეხება ახლახან ინტერნეტით გავრცელებულ კადრებს, რომელიც, სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირად ცხოვრებას ასახავს. შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვებით, გელა ხვედელიძემ ჟურნალისტის ბრალდებების საპასუხოდ, შურისძიების მიზნით, ინტერნეტით გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავებას მიესალმებიან და, ამასთან, ხელისუფლებას მოუწოდებენ ოპერატიულად გაანადგუროს ფარული ჩანაწერების ის არქივი, რომელიც მას წინა ხელისუფლებისგან ერგო.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავება არის სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება შეურიგებელი იქნება დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა იქნება თანასწორი, - ასე შეაფასეს მთავრობისა და კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის, დაკავება. ხვედელიძის დაკავების შესახებ 12 მაისის საღამოს გამართულ პრესკონფერეციაზე თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე დააკავეს იმის გამო, რომ, შურისძიების მიზნით, ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ვიდეოზე, სავარაუდოდ, ის პირია ასახული, რომელიც ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებდა რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის, ხვედელიძეს:

”სხვა უკანონო კადრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად მინდობილი ჰქონდა ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს. გელა ხვედელიძემ, სამწუხაროდ, ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ მოხელისათვის და, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და ძალზე მტკივნეულად მიიღო მის მიმართ ბოლო პერიოდში მედიით გარცელებული ბრალდებები, ცილისწამებები და, გიორგი ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, დამოუკიდებლად განათავსა ეს კადრები ინტერნეტსივრცეში. მე არ ვაპირებ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, ჩაგრავს ხელქვეითს იმისათვის, რომ დაიცვას მის უფროსი”.

მოვითხოვ ლაშა ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა მიჰყვეს გელა ხვედელიძეს...
გიორგი ფარესიშვილი
გელა ხვედელიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის 157-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც თავისუფლების 2 წლით აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

გავიხსენოთ, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი და, კერძოდ, სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი 3 მაისს გავრცელდა ინტერნეტში და იმავე დღეს რამდენიმე საათში გაქრა. თავად ფარესიშვილს ვიდეომასალა ფალსიფიცირებულად მიაჩნია და დარწმუნებით აცხადებს, რომ მას სამაგიერო გადაუხადეს სამთავრობო გუნდის მაღალი რანგის მოხელეებმა, რომლებსაც ის კლანური ინტერესებით მოქმედებაში ამხელდა. ბრალდებათა ადრესატები იყვნენ: იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი.

გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძის დაკავებას გამოეხმაურა და ფაქტს სამართლიანობის აღდგენის გზაზე პირველი სწორი ნაბიჯი უწოდა, თუმცა ის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, ვისზეც მანამდე საუბრობდა:

დაანახვონ საზოგადოებას, საიდან დაასკვნეს, რომ თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნების ეპიზოდში აწ უკვე პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი, მინისტრის მოადგილე, უდანაშუალონი არიან...
ანდრო ბარნოვი
”მოვითხოვ ლაშა ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა მიჰყვეს გელა ხვედელიძეს. ეს იქნება უკვე სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი. მე, ყოველ შემთხვევაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რა მასალებიც მქონდა გელა ხვედელიძის, ლაშა ნაცვლიშვილის და გია ხუხაშვილის წინაღმდეგ, გამოძიებას გადავცემ”.

რადიო თავისუფლებას მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ამჟამად არანაირი სამართლებრივი ღონისძიება არ მიმდინარეობს, პრემიერ- მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავებას წერილობით გამოეხმაურა და სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

”გამოძიებულ უნდა იქნეს როგორც ჩემი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ყველა იმ და სხვა ბრალდების გარემოებები, რომელიც ისმოდა ჩემი მისამართით მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. გამოძიებულ უნდა იქნეს ჩემი მხრიდან ბიზნესთან შესაძლო გარიგებებისა და მასზე ზეწოლის ყველა ფაქტი, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში და, შესაძლოა, იყოს მომავალშიც”, - ნათქვამია გია ხუხაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მე ძალიან კარგად ვიცი, რომ, მართალია, ხვედელიძე კონკრეტული დანაშაულისთვის დაისაჯა, მაგრამ ხვედელიძის მიმართ კარგა ხანია უკვე არის საზოგადოების ჩამოყალიბებული განწყობა უარყოფითი...
მამუკა არეშიძე
ხელისუფლებას სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმაც. მისი სიტყვებით, გელა ხვედელიძის დაკავებით ხელისუფლება სახის შენარჩუნებას ცდილობს:

”თუ მთავრობის მიზანი არის, მართლაც, ობიექტურობა, მაშინ ჩვენ მოვუწოდებთ მათ გამჭვირვალედ აწარმოონ გამოძიების პროცესი და დაანახვონ საზოგადოებას, საიდან დაასკვნეს, რომ თუნდაც ჩანაწერების გამოქვეყნების ეპიზოდში აწ უკვე პრემიერის მრჩეველი ხუხაშვილი და ნაცვლიშვილი, მინისტრის მოადგილე, უდანაშუალონი არიან. ასე რომ, მოვუწოდებთ მთავრობას პრინციპულად და დეტალურად გამოიძიონ ის კორუფციული ბრალდებები, რამაც ხვედელიძეს ამ კადრების გამოქვეყნებისაკენ უბიძგა”.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავებას საქმესთან დაკავშირებულ სხვა თანამდებობის პირთა დაკავებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსალოდნელი საკადრო წმენდის წინაპირობად მიიჩნევს ექსპერტი მამუკა არეშიძე. მისი თქმით, სწორედ გელა ხვედელიძე იყო ის ადამიანი, რომელიც ”ქართული ოცნების” მიერ დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესს უშლიდა ხელს:

”მე ძალიან კარგად ვიცი, რომ, მართალია, ხვედელიძე კონკრეტული დანაშაულისთვის დაისაჯა, მაგრამ ხვედელიძის მიმართ კარგა ხანია უკვე არის საზოგადოების ჩამოყალიბებული განწყობა უარყოფითი და, პირველ რიგში, იმიტომ რომ ის მფარველობდა იმ სისტემას, რომელიც შექმნეს ნაციონალებმა”.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მაისის პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველოს პროკურატურასთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით დაუყოვნებლივ განადგურდეს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პირადი ცხოვრების ამსახველი ბინძური არქივი". ამ არქივის განადგურებისკნ მოუწოდებს ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც”. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა მამუკა ანდღულაძემ რადიო თავისუფლების დილის ეთერში განაცხადა, ხვედელიძის მიერ ადრე უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერის გამოყენებამ აჩვენა, რომ პირადი ცხოვრების დაუცველობასთან დაკავშირებული პრობლემა, თავისი სიმწვავით, ჯერ კიდევ აქტუალურია.