Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა


გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა ელისო კილაძემ გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც მისივე თქმით, ასახავს შს-თა მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საუბარს ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილსა და სახალხო კრების წევრ ლაშა ამირეჯიბთან. კილაძის განცხადებით, ხვედელიძემ ამირეჯიბი გააფრთხილა, რომ არსებობდა ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდოჩანაწერი და მასთან ურთიერთობის შეწყვეტა ურჩია. კილაძის თქმით, ბოლო პერიოდში სწორედ ფარესიშვილი და ამირეჯიბი ამხელდნენ ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის ბიზნესინტერესებს, მათ შორის კვერცხის იმპორტის მიმართ და კონკრეტულად ამ ბიზნესზეცაა საუბარი ფარულ აუდიოჩანაწერშიც. ელისო კილაძესთან ერთად თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლაშა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ საუბრის ინიციატორი გელა ხვედელიძე იყო, თუმცა შეხვედრის დრო და ადგილი არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ იმავე შეხვედრისას საუბარი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეულ დარღვევებზეც. თავის მხრივ, კილაძე არ აკონკრეტებს, თუ ვისგან მიიღო ფარული აუდიოჩანაწერი და მიიჩნევს, რომ უნდა დაისაჯონ სხვა დამნაშავეებიც, რადგან ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაში ხვედელიძეს, სავარაუდოდ, სხვებიც ეხმარებოდნენ. კილაძის განცხადებითვე, მთავარმა პროკურორმა უნდა დაითხოვოს მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რადგან მის მიმართაც არსებობს არაერთი ეჭვი და ნაცვლიშვილის ზედამხედველობით საქმის გამოძიება ობიექტური ვერ იქნება. ლაშა ნაცვლიშვილის და გელა ხვედელიძის გარდა, თავად გიორგი ფარესიშვილი კორუფციულ ბიზნესინტერესებში ადანაშაულებს მთავრობის მრჩეველს გია ხუხაშვილს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ მასალებთან ერთად მიიჩნია იმის საფუძვლად, რომ პრემიერ-მინისტრმა მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი, ხვედელიძე გაწირა, რათა ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილისთვის ხელი დაეფარებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სამართალდამცავებს მოუწოდა, გამოიძიონ კორუფციის შესახებ არსებული ბრალდებები, რომლებმაც ხვედელიძეს უბიძგა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისკენ.
XS
SM
MD
LG