ჟენევის 30-ე რაუნდი და ცხინვალი სოხუმის გზაზე

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ", როგორც ანექსიისკენ გადადგმული სახიფათო ნაბიჯი, განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარემოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 30-ე რაუნდზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართა. ქართულ მხარეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს, მით უმეტეს, რომ ცხინვალი ცდილობს სწრაფად დაადგეს სოხუმის გზას, გააფორმოს ე.წ. ხელშეკრულება რუსეთთან და, საჭიროების შემთხვევაში, შეუერთდეს კიდეც მას.

„ნატოსკენ საქართველოს თავშეუკავებელი სწრაფვის ფონზე, იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსის უელსის სამიტზე თბილისს გადაეცა „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი“, დაიგეგმა ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე და განახლდა მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, საგანგებოდ აქტუალური ხდება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები და ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს“, – ეს სიტყვები, სადაც საქართველოს მისამართით გაფრთხილება და ერთგვარი მუქარაც კი შეინიშნებ, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ჟენევის მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, სწორედ უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გააფორმა რუსეთმა ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან და მას არავითარი კავშირი არა აქვს „ანექსიასთან“.

ამ დოკუმენტის ხელმოწერა წარმოადგენს აშკარა გამოვლინებას რუსეთის მიზანმიმართული გეგმისა, წინ აღუდგეს სუვერენული სახელმწიფოების პროდასავლურ კურსს ოკუპაციისა და ანექსიის საშუალებით...
დავით დონდუა

რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას სწორედ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს თბილისი და ამის შესახებ საქართველოს განახლებულმა დელეგაციამ ოთხშაბათს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდის ფარგლებშიც, არაერთხელ აღნიშნა. ბრალდებები და მოწოდებები სწორედ რუსეთის ფედერაციისკენ არის მიმართული და პრობლემა ამ ჭრილში განიხილა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალმა პირველმა მოადგილემ, დავით დონდუამ, 10 დეკემბერს ჟენევაში სამუშაო დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე:

“ამ დოკუმენტის ხელმოწერა წარმოადგენს აშკარა გამოვლინებას რუსეთის მიზანმიმართული გეგმისა, წინ აღუდგეს სუვერენული სახელმწიფოების პროდასავლურ კურსს ოკუპაციისა და ანექსიის საშუალებით. ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს“.

საქართველოს მხარემ, რომელიც ანექსიის საფრთხის შეჩერების გასაღებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაში ხედავს, „ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით“, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს – ევროკავშირს, გაეროსა და ეუთოს. „საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფონზე, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღებაზე“, – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 30-ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მე გამოვედი წინადადებით, რომ მომავალი ხელშეკრულება განხილულ იქნეს ვრცელ დიაპაზონში: დაწყებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლიდან...
ლეონიდ თიბილოვი

ჟენევის მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, რომ ცხინვალში გამოითქვა სურვილი რუსეთთან დაახლოებისა, სოხუმის მსგავსად, და, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მეტადაც. თუკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებით ვიმსჯელებთ, დღის წესრიგში დგას და რუსეთის მხარესთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მთელი რიგ წინადადებებზე. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ სამომავლო მიზნები პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ოლეგ გოვორუნს გაუმხილა, როცა ის რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა ცხინვალს და ადგილობრივ სპეციალისტებს დაევალათ გამართონ კონსულტაციები კოლეგებთან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გარდა ამისა, როგორც ლეონიდ თიბილოვმა უთხრა მედიის წარმომადგენლებს, მას სამხრეთ ოსეთის რუსეთში ხილვა სურს:

„მე გამოვედი წინადადებით, რომ მომავალი ხელშეკრულება განხილულ იქნეს ვრცელ დიაპაზონში: დაწყებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში პირდაპირი შესვლიდან და დამთავრებული მსოფლიოში ამჟამად არსებული სხვა ფორმებით. არსებობს სახელმწიფოთა პოლიტიკური თანაარსებობის ბევრი ფორმა. ვფიქრობ, ჩვენ ახლო მომავალში მივიღებთ პასუხს ამ საკითხზე“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის სიტყვები, როგორც რუსეთის მიერ სოხუმში დაწყებული პროცესის გაგრძელების კიდევ ერთი მაცნე, შემაშფოთებელია თბილისისთვის. თუმცა, თუკი კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს გია ვოლსკის მოვუსმენთ, ლეონიდ თიბილოვის სიტყვებს ფასი არა აქვს და ის ოსი ხალხის ინტერესების გამომხატველი არ არის:

ცხინვალში განთავსებულია რუსული ბაზები, რომლებიც ამ რეგიონს სრულად აკონტროლებენ და მეტი იქ რუსეთს არაფერი აღარ სჭირდება. ეს ხელშეკრულება ამ ეტაპზე რუსეთისთვის მომგებიანი არანაირად არ იქნება...
ირაკლი ცქიტიშვილი

„თიბილოვის განცხადება ამოვარდნილია ყველანაირი პოლიტიკიდან. ვფიქრობ, რომ ეს განწირული ადამიანის შეძახილს ჰგავს, რომელსაც უნდა ასეთი ხაზგასმული პრორუსულობით შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, რომელიც საკმაოდ მორყეულია. ვნახოთ, როგორ განვითარდება. ჩვენც ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით. არის დიპლომატიური აქტივობები, მათ შორის – საერთაშორისო დონეზე“.

ცხინვალის მხრიდან რუსეთთან შეერთების სურვილის გამოხატვა არ გაჰკვირვებია პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილს, რადგანაც ამას სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით თიბილოვის წინამორბედებიც აკეთებდნენ. როგორც ანალიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ცდილობს ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და ხელშეკრულება გააფორმოს რუსეთთან. თუმცა ასეთი ნაბიჯის გადადგმა ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებს თავად რუსეთს, რომელიც მინიმალურად აფინანსებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას.

„ცხინვალში განთავსებულია რუსული ბაზები, რომლებიც ამ რეგიონს სრულად აკონტროლებენ და მეტი იქ რუსეთს არაფერი აღარ სჭირდება. ეს ხელშეკრულება ამ ეტაპზე რუსეთისთვის მომგებიანი არანაირად არ იქნება“,– უთხრა ირაკლი ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ნაკლები დაინტერესების მიუხედავად, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა მაინც გააფორმოს ე.წ. ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ უარმა განაწყენება არ გამოიწვიოს.

თუკი ისევ ჟენევის მოლაპარაკებათა 30-ე რაუნდს დავუბრუნდებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობისას, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა რუსეთის 58-ე არმიის მიერ წარმოებულ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე შეტევითი ხასიათის შეიარაღება იქნა გამოყენებული.

„ამჟამად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უპრეცედენტო მილიტარიზაციისა და ინტენსიურად მიმდინარე სამხედრო წვრთნების ფონზე, საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას“, – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.