როცა ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, ძირითად აქცენტებს ყოველთვის ექსპორტზე, ანუ იმ მაჩვენებელზე ვაკეთებთ, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის წყაროა. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება ის, რომ იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით ასევე აუმჯობესებს ხოლმე ქვეყნის სავალუტო ბალანსს და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ საინტერესოა გადავხედოთ, რას ყიდულობს ქვეყანა ყველაზე მეტად. 2016 წლის იანვრის თვის საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 405.5 მლნ აშშ დოლარი იყო. 2015 წლის იანვრის თვესთან შედარებით, იმპორტი 25 პროცენტით შემცირდა.
საქართველოში იმპორტი ძირითადად შემდეგი ქვეყნებიდან შემოდის: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, უკრაინა, სომხეთი.
ამ შვიდეულს შორის იმპორტის კლება დაფიქსირდა ყველა მიმართულებიდან, რუსეთის ფედერაციის გარდა, რაც ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების ზრდამ განაპირობა. შვიდეულის ქვეყნებში კლების განსაკუთრებით მაღალი ტემპები დაფიქსირდა ჩინეთისა და უკრაინის შემთხვევაში (46.6 პროცენტი და 32 პროცენტი, შესაბამისად).
შვიდეულის გარეთ იმპორტი მაღალი ტემპებით (20-50 პროცენტი) შემცირდა აშშ-დან, რუმინეთიდან, იაპონიიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან და თურქმენეთიდან. იმპორტის საერთო კლების ფონზე აღსანიშნავია ზრდა რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში. კერძოდ, იმპორტი გაიზარდა ბრაზილიიდან (სპილენძის მადნები და კონცენტრატები), გაერთიანებული სამეფოდან (სითხის ან აირის ხარჯის საზომი აპარატურა), იტალიიდან (ცენტრალური გათბობის ქვაბები და ავეჯი), საფრანგეთიდან (სამკურნალო საშუალებები) და სამხრეთ კორეიდან (მანქანები მასალების ტემპერატურული ცვლილებით დასამუშავებლად).
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარში იმპორტის დივერსიფიკაცია ქვეყნების მიხედვით მცირედით გაუარესდა. 2016 წლის იანვარში, იმპორტირებული საქონლის 12.9 პროცენტი მოდიოდა ბუნებრივი აირის იმპორტზე, რომელიც წლიურად 3.2 პროცენტით არის გაზრდილი. ნავთობსა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე გაწეულმა დანახარჯებმა წლიურად კვლავ იკლო, თუმცა ამჯერად უფრო ნაკლები ტემპით (-19.7 პროცენტი). იმპორტირებული ნავთობპროდუქტების საშუალო ფასი კვლავ მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებელი გაზრდილია. კვლავინდებურად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების შესყიდვები (33 პროცენტით). გასული წლის იანვართან შედარებით, მკვეთრად არის გაზრდილი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების შესყიდვები, რომლის უდიდესი ნაწილი რეექსპორტზე გადის. რაც შეეხება იმპორტის სხვა კატეგორიებს, მოიკლო სატელეფონო და სატელევიზიო აპარატურის, გამომთვლელი მანქანების, მაცივრებისა და ავეჯის შესყიდვებმა. კვების პროდუქტების იმპორტმა წლიურად, დაახლოებით, 28 პროცენტით მოიკლო. ზრდა დაფიქსირდა რამდენიმე კატეგორიის შემთხვევაში. კერძოდ, მოიმატა შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციების, სარეცხ-საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების იმპორტზე გაწეულმა დანახარჯებმა. ასევე აღსანიშნავია სხვადასხვა სახის სპეციალური დანადგარებისა და მანქანა- მოწყობილობების (აირის ან სითხის ხარჯის საზომი აპარატურა, ძრავები ტურბორეაქტიული, მანქანები მასალების ტემპერატურული ცვლილებით დასამუშავებლად და ელექტრული ტრანსფორმატორები) იმპორტის მკვეთრი ზრდა.
ეს ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ, სოფლის მეურნეობის გარდა, იმპორტირებული საქონელი საქართველოში საკმაოდ ძნელად ჩასანაცვლებელია, თუმცა, ალბათ, შესაძლებელია მოინახოს რეზერვები, სადაც ქართველი მეწარმეებიც მოახერხებენ საინტერესო ინიციატივების განხორციელებას.