Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო ვაჭრობა


სარფი
სარფი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი დეტალური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც 2015 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდს მოიცავს და ექსპორტ-იმპორტის ძირითადი ტენდენციების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. სტატისტიკა ადასტურებს ექსპორტის მუდმივ კლებას, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8 მილიარდ 892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, 23 პროცენტითაა შემცირებული ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობა და 2 მილიარდ 19 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 11-პროცენტიანი კლებაა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით,იმპორტში,რომელიც 6 მილიარდ 873 მლნ. აშშ დოლარია და 11 პროცენტითაა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-ნოემბერშიც შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის ზრდის ტენდენცია და საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მილიარდ 792 მლნ. აშშ დოლარს აღწევს,რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 პროცენტით აღემატება. აქედან, ექსპორტი 6 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი - 2 პროცენტით მეტი.

შესაბამისად, აზრი, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება იმპორტის ზრდას მეტად წაახალისებდა, ვიდრე ექსპორტისას, არ გამართლდა. ზრდა ექსპორტის მიმართულებით მეტია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, ჯამში, 31 პროცენტს შეადგენს, მათ შორის, ექსპორტში - 30 პროცენტს და იმპორტში - 32 პროცენტს .

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 2 მილიარდ 509 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც, გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით, 22 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 764 მლნ. აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 მილიარდ 746 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში კი მათი წილი 28 პროცენტით განისაზღვრა, მათ შორის, ექსპორტში - 38 პროცენტი და იმპორტში - 25 პროცენტი.

შესაბამისად, ექსპორტის ზოგადი მაჩვენებლის შემცირების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ უფრო სტაბილური ევროპის ბაზრის წილი საქართველოს ექსპორტში თანდათან უახლოვდება დსთ-ს ქვეყნების წილს.

ამასთან, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციას ისევ თურქეთი იკავებს (1 მილიარდ 380 მლნ. აშშ დოლარი), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (725 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (675 მლნ. აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტია.

ამ ეტაპზე პრაქტიკულად თითქმის უცვლელია იმპორტ-ექსპორტის სასაქონლო ჯგუფები, რაც ნიშნავს, რომ თვისებრივი ცვლილება საგარეო ვაჭრობაში ბოლო ერთი წლის განმავლობაშ არ მომხდარა.

ამ მონაცემების გაანალიზება და მათგან სწორი დასკვნების გამოტანა ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ექსპორტს, ზოგადად, კლების ტენდენცია ახასიათებს, რაც ქვეყნის საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

XS
SM
MD
LG