ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანს საუკუნის შემდეგაც ყველასთვის სამყოფი გაზი ექნება

ილჰამ ალიევი და გიორგი მარგველაშვილი

5-6 ნოემბერს საქართველოში სტუმრად იმყოფება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ამ ვიზიტის ფარგლებში ბევრი მოელის მსჯელობას ბაქოსთვის უსიამოვნო საკითხზე – საქართველოში „გაზპრომის“ გაზის შემოტანის პერსპექტივაზე, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სადავო საკითხს წარმოადგენს შიდაპოლიტიკურ სარბიელზეც. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა დააზარალებს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობებს, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, 5 ნოემბერს, კიდევ ერთხელ გახმაურდა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისადმი.

აზერბაიჯანს გაზის ძალიან დიდი მარაგი აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ 100 წლის შემდეგაც დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოთხოვნა, არამედ მეზობელი ქვეყნები და ევროპაც, - განაცხადა ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ სიტყვებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ ბოლო პერიოდში გახმაურებულ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანს არა აქვს საქართველოსთვის გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობა და დიდწილად სწორედ ეს განაპირობებს საქართველოს მოლაპარაკებებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“.

ავლაბრის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც მრავალჯერ აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს ურყევი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და ითქვა, რომ ორი ქვეყნის ამ განსაკუთრებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი დააზარალებს, ოფიციალური ინფორმაციით, საუბარი არ ყოფილა კონკრეტულად „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხებზე. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდა თავად კახა კალაძეც, რომლის თქმითაც, საუბარი არც კომერციულ გაზის სეგმენტს შეჰხებია და „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, რაც წინა წლებშიც მიმდინარეობდა, ვერაფრით დააზარალებს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობებს და აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესები თანხვედრაშია:

„შაჰ–დენიზი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დაწყებულია მეორე ფაზის მშენებლობა, რაც საქართველოს გავლით ხორციელდება. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ საქართველო არის ევროპისთვის სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ, ალბათ, ხვალ (6 ნოემბერს) მოვაწერთ ხელს მემორანდუმს – ეს არის ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთის მიმართულებით. ანუ საშუალება გვექნება საქართველოს გავლით თურქეთში გავიტანოთ აზერბაიჯანის თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე აზერბაიჯანული მხარისთვის. ეს იყო ძირითადი თემები. „გაზპრომზე“ საუბარი არ ყოფილა“.

ილჰამ ალიევი და გიორგი მარგველაშვილი

აზერბაიჯანისა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობების შერყევის საფრთხეზე ლაპარაკი ბოლო პერიოდში და, კერძოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველო შეუდგა მოლაპარაკებებს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ სომხეთისკენ გაზის ტრანზიტის მოცულობის გაზრდასთან, დამატებითი გაზის მიღებასა და კომერციული გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით, მაშინ როცა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“საქართველოს ბუნებრივ აირს წლების განმავლობაში წარმოუდგენლად დაბალ ფასად (1000 კუბურ მეტრს 145 დოლარად) აწვდიდა და, სპეციალისტების აზრით, კომპანია რეგიონებში სოციალური გაზისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ზარალის დაბალანსებას სწორედ კომერციული გაზის ფასით ცდილობდა. შესაბამისად, როგორც "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გია ხუხაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, კომერციული გაზის სეგმენტის „გაზპრომისთვის“ გადაცემით, საქართველოს ხელისუფლება უსამართლოდ ექცევა აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანია „სოკარს“.

კახა კალაძის თქმით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, წინა წლების მსგავსად, მომავალშიც გაგრძელდება. გავიხსენოთ, რომ ის უკვე ორჯერ შეხვდა „გაზპრომის ხელმძღვანელს ალექსეი მილერს – 25 სექტემბერს ბრიუსელში, ხოლო მეორედ, 26 ოქტომბერს, მილანში. სწორედ მოლაპარაკებათა ამ პროცესს დაუკავშირა ანალიტიკოსების ნაწილმა ჯერ საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის, ხოლო შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბაქოში. ახლა კი თავად ილჰამ ალიევი სტუმრობს თბილისს და, როგორც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი გიგი წერეთელი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას განმარტებების გაკეთება მოუწევს:

„პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ამ პირობებში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპროთან“ მოლაპარაკებების პროცესში ეჭვქვეშ დააყენა ზოგიერთი საკითხი და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებზე, ამიტომ საჭიროა უფრო გონივრული ურთიერთობები ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ბატონი ალიევი აქ გარკვეულ გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას“.

მე ვიცი, რომ აზერბაიჯანი და საქართველო წარმოადგენენ ერთიან გეოპოლიტიკურ კვანძს, რომლის დაშლა საზიანო იქნება ორივესთვის. ჩვენ ისტორიამ გადაგვაჯაჭვა ერთმანეთთან და ძალიან ფაქიზად უნდა ვეპყრობოდეთ ერთმანეთს...
გია ხუხაშვილი

„სოკარის“ მხრიდან ხმამაღალი საყვედურები რომ არ ისმის, ამას პრობლემების არარსებობის ნიშნად სულაც არ მიიჩნევს "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი, რომლის აზრითაც, იმის გარდა, რომ საქართველოს, რუსეთის სახით, არავითარ შემთხვევაში ხელს არ უნდა აძლევდეს არასანდო პარტნიორი, რომელიც ენერგეტიკულ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, რუსეთი, „გაზპრომსა“ და თბილისს შორის მოლაპარაკებებით, ცდილობს ურთიერთობების გაფუჭებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც არც ერთ მხარეს არ წაადგება:

„მე ვიცი, რომ აზერბაიჯანი და საქართველო წარმოადგენენ ერთიან გეოპოლიტიკურ კვანძს, რომლის დაშლა საზიანო იქნება ორივესთვის. ჩვენ ისტორიამ გადაგვაჯაჭვა ერთმანეთთან და ძალიან ფაქიზად უნდა ვეპყრობოდეთ ერთმანეთს. ვერავინ გაიხსენებს ისეთ ფაქტს, როდესაც საქართველოს სჭირდებოდა და „სოკარმა“ რაღაც ნაბიჯი არ გადადგა“.

თბილისისა და „გაზპრომის“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია ილჰამ ალიევს, რომელიც 5 ნოემბერს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას სტუმრობდა. მარგველაშვილი და ალიევი 6 ნოემბერს მარნეულში ჩასვლას გეგმავენ. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.

ისმოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპასთან ინტეგრირება გვესაჭიროება. ჰოდა, უნდა ვთქვა, რომ არა, არ არის საჭირო, ინტეგრაციის საჭიროება არ არსებობს, მით უმეტეს – დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პირობებში...
ილჰამ ალიევი

ევროპაში გამეფებული „დისკრიმინიზაციისა და ისლამოფობიის“ ფონზე, აზერბაიჯანი არ აპირებს ევროპულ თანამეგობრობასთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებას – აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ შინაარსის სიტყვები, გაზეთ „იენი აზერბაიჯანზე“ დაყრდნობით, 5 ნოემბერს „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა ბაქოს ბრაზნარევი დამოკიდებულება ევროპული თანამეგობრობის მიმართ. ილჰამ ალიევი ევროპას არაფრისთვის არ ემადლიერება და მომავალშიც არაფერს ითხოვს მისგან:

„ისმოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპასთან ინტეგრირება გვესაჭიროება. ჰოდა, უნდა ვთქვა, რომ არა, არ არის საჭირო, ინტეგრაციის საჭიროება არ არსებობს, მით უმეტეს – დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის პირობებში... ჩვენ არავინ არასდროს დაგვხმარებია. რასაც მივაღწიეთ, ყველაფერს ჩვენი ძალისხმევით მივაღწიეთ... არავისგან ველით დახმარებას და დახმარებას არც ვსაჭიროებთ. არ არის საჭირო ჩვენს საქმეებში ჩარევა“.

ილჰამ ალიევის ამ სიტყვებში გამოხატული განწყობა არ უკვირს პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილს, რომლის აზრითაც, ბაქოს გაღიზიანება ევროპის მისამართით ძირითადად ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე გაკეთებულ მითითებებს უკავშირდება. პოლიტოლოგის აზრით, ბაქო მუდმივად შეახსენებს ევროპას, რომ მას ძალიან სჭირდება აზერბაიჯანის ენერგომატარებლები, ხოლო აზერბაიჯანს არაფერი სჭირდება ევროპისგან:

„აზერბაიჯანს ამწუთას ნამდვილად არა აქვს ევრომისწრაფებები – ის ძალიან კარგად გრძნობს თავს ისე, როგორც არის: მას აქვს ენერგორესურსები, რომლებიც აბსოლუტურად დამოუკიდებელს ხდის როგორც ევროპისგან, ასევე აზიისა და სხვა ქვეყნებისგან. ეს განცხადებები არის მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რომ ის პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც აქვს აზერბაიჯანს ევროპასთან და რომელიც ეფუძნება ენერგომატარებლების პოლიტიკას, არ იქნეს გაფუჭებული ევროპის მხრიდან“.

ის ფაქტი, რომ, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო აქტიურად მიისწრაფვის ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ, ანალიტიკოსების აზრით, ვერაფრით დააზარალებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.