გენდერული დისბალანსი პოლიტიკაში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშიროსი საზოგადოება“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის მნიშვნელოვანი წინსვლების მიუხედავად, ცნობიერების ამაღლების, განათლებისა და ქალთა პოლიტიკური უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელ პოზიციებზე, მაინცდამაინც შესამჩნევად არ გაუმჯობესებულა.

თუკი სულ ცოტა ხნით რიცხვებზე შევჩერდებით, მაშინ, გამოკვლევის ავტორთა აზრით, შემაშფოთებელ გენდერულ დისბალანსზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 12 % მოიპოვეს. გენდერული დისბალანსი თვალსაჩინოა აღმასრულებელ რგოლშიც, სადაც 19 მინისტრიდან პორტფელს მხოლოდ 3 ქალი იკავებს. გენდერული უთანასწორობის საგანგაშო სურათი წარმოაჩინა 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმაც. 12 თვითმმართველი ქალაქის მერი ყველა კაცია, ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი 69 გამგებლიდან მხოლოდ ორია ქალი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშიროსი საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის პროფილი არ არის ქალთა საკითხებზე მუშაობა, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ორგანიზაციამ საარჩევნო თემატიკის გარშემო წლების მანძილზე დააგროვა, მათ შეუძლიათ გარკვეული დახმარება გაუწიონ ქალთა ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაძლიერების კუთხით:

„ამ რეალობამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ჩვენნაირი ორგანიზაციებიც უნდა გააქტიურდნენ ამ მიმართულებით და ეს თემა არ ეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციფიკურად ქალთა უფლებებზე მუშაობენ. მე ვფიქრობ, ყველა ორგანიზაციამ, თავისი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აუცილებლად თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, ქალთა როლის გაზრდის თვალსაზრისით, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენი ორგანიზაცია აპირებს, რომ ქალთა მონაწილეობის პრობლემები იყოს ჩვენი დისკუსიის და რეკომენდაციების პრიორიტეტი“.

გამოკვლევის მონაცემების თანახმად, საკრებულოებში ქალ დეპუტატთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქალაქ ოზურგეთში 47%-ით ფიქსირდება. მას სიღნაღის თემი მოსდევს, 24 %-ით. რაც შეეხება თელავის, ფოთის, მცხეთის, წალკისა და ასპინძის საკრებულოებს, იქ ქალი დეპუტატი საერთოდ არ არის წარმოდგენილი. გამოკვლევის ავტორთა თქმით, ეს შედეგები შემაშფოთებელია, რადგან დასახელებულ ქალაქებში საკმაოდ დიდია მოსახლეობის რაოდენობა.

როცა სავალდებულო კვოტირებაზეა ლაპარაკი, აუცილებელია რანგირების პრინციპიც სწორად შევარჩიოთ და ჩვენ ამ მიმართულებით გავითვალისწინეთ ესპანეთის გამოცდილება და მივიჩნიეთ, რომ ძალიან სამართლიანი იქნება, თუ სიის პირველ ნახევარში მონაცვლეობით იქნებიან ქალები და კაცები წარმოდგენილნი...
ნინო ჯანაშია

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სავალდებულო გენდერული კვოტირების იურიდიული მექანიზმი. საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური“ გაერთიანებების შესახებ აწესებს მხოლოდ ნებაყოფლობით, ფინანსურ წამახალისებელ ნორმას, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, მიიღებს 30 %-ის ოდენობით დანამატს, თუკი მის მიერ წარდგენილ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში ერიმეორისგან განსხვავებული სქესი იქნება წარმოდგენილი, სულ მცირე, 30%-ით. გამოკვლევის კიდევ ერთი ავტორი, „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო ჯანაშია, ამბობს, რომ როგორც არაერთმა საპარლამენტო თუ ადგილობრივმა არჩევნებმა გამოავლინა, აღნიშნული ნორმა არასაკმარისია გენდერული ბალანსის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად. ამიტომ ის, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ უნდა დაინერგოს ქალ კანდიდატთა მინიმალური რაოდენობის პრინციპი და გენდერული კვოტა 40%-ით განისაზღვროს:

„როცა სავალდებულო კვოტირებაზეა ლაპარაკი, აუცილებელია რანგირების პრინციპიც სწორად შევარჩიოთ და ჩვენ ამ მიმართულებით გავითვალისწინეთ ესპანეთის გამოცდილება და მივიჩნიეთ, რომ ძალიან სამართლიანი იქნება, თუ სიის პირველ ნახევარში მონაცვლეობით იქნებიან ქალები და კაცები წარმოდგენილნი, ხოლო სიის მეორე ნახევარში 30 % მაინც უნდა იყოს ქალი და ისე უნდა იყოს ეს გადანაწილებული, რომ ყოველი მესამე მაინც და თუ ყოველი მესამე ვერ, ამ რანგირებასთან მიახლოებული გადანაწილება მაინც იყოს სიის მეორე ნაწილში“.

მარტო ის, რომ ქალია, არ არის საკმაირისი, რომ იყოს კარგი პოლიტიკოსი. მთავარია ჩვენ ავამაღლოთ ეს კულტურა. რაც უფრო მეტი კვალიფიციური ქალი იქნება პარლამენტში მოზიდული, მით მეტ ქალს დავუჭერ მხარს...
ზურაბ ტყემალაძე

ამ მოსაზრებას ეთანხმება „გენდერული თანასწორობის ქსელის“ ხელმძღვანელი მანანა მებუკე. მისი თქმით, წლების შედეგად დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული ბალანსის მისაღწევად აუცილებელია კვოტირების მექანიზმების შემოღება. მას დასტურად მოჰყავს სიდოუს კონვენცია, რომელსაც საქართველომ 1994 წელს მოაწერა ხელი, და რომელიც ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრას გულისხმობს:

„კვოტირებაზე დაიწყო ლაპარაკი არა დღეს, არამედ როცა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა და რატიფიცირებული იქნა სიდოუს კონვენცია. სიდოუს კონვენციაში პირდაპირ წერია კვოტირების მექანიზმების შემოღების შესახებ. ეს არის ის დროებითი ზომები, რომელიც ამსხვრევს საზოგადოებაში მენტალიტეტს და შესაძლებლობას აძლევს ყველას, რომ გაითავისოს, რომ ქალები სარგებლობენ ისეთივე უფლებებით და ისევე უნდა იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში მამაკაცებთან ერთად. კვოტირება არის ერთ-ერთი გამოსავალი ჩვენი დღევანდელი რეალობიდან“.

ასე არ ფიქრობს, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე. მისთვის მიუღებელია გენდერული ბალანსის დასაცავად კვოტის განსაზღვრა. დეპუტატს ასეთი არგუმენტი აქვს:

„მარტო ის, რომ ქალია, არ არის საკმაირისი, რომ იყოს კარგი პოლიტიკოსი. მთავარია ჩვენ ავამაღლოთ ეს კულტურა. რაც უფრო მეტი კვალიფიციური ქალი იქნება პარლამენტში მოზიდული, მით მეტ ქალს დავუჭერ მხარს. ხოლო ის, რომ კვოტა დავაწესოთ, ეს არადემოკრატიულია, მგონი, რადგან ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის და გამოხატვის უფლება“.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ამბობს, ორგანიზაცია გეგმავს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაძლიერებისა და გენდერული ბალანსის აღდგენის კუთხით დაწერილ რეკომენდაციებს საკანონმდებლო ინიციატივის სახე მისცეს და ის პარლამენტს წარუდგინოს.