18 წლის ლიანა კოჩალიძის გარდაცვალებამ სოფელი ადიგენი ჩვეულ რიტმს დაუბრუნა. ორდღიან რელიგიურ დაპირისპირებას მცხოვრებლები დღეს უკვე გაუგებრობას უწოდებენ და, მიცვალებულის გასაპატიოსნებელ სამზადისში ჩართულნი, ერთმანეთის მხარში დგომაზე ამახვილებენ ყურადღებას. გარდაცვლილის მამა, ჯემალ კოჩალიძე, სოფლის ერთიანობაზე საუბრობს.
ორდღიანი ინციდენტის შემდეგ სოფელში შეცვლილია ადგილობრივების ტონი და რიტორიკა. ორივე მხარე საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკობს და თანასოფლელებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. გარდაცვლილის მამიდა, თამარ ხოზრევანიძე, ძმისშვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს.
სოფლის მცხოვრებლები თანხმდებიან იმაზე, რომ ინციდენტი მოხდა გარე ძალების ჩარევით. დაპირისპირება გაუგებრობამ გამოიწვია, თუმცა კონფლიქტი ამოწურულია და შეთანხმება - მიღწეული, – განმარტავენ ორივე სარწმუნოების ადიგენელები.
18 წლის ლიანა კოჩალიძე პირველი გარდაცვლილია, რომელიც ქრისტიანების სასაფლაოს გვერდით ღობით გამიჯნულ მიწაზე დაიკრძალა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილობრივი ქრისტიანის, ზაზა გახოკიძისგან დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა მუსლიმების სასაფლაოსთვის.