საქართველო კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში გვხვდება „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში („თავისუფლება მსოფლიოში – 2016“), რომელიც 2015 წლის მდგომარეობის შეფასებას ისახავს მიზნად. ანგარიში ასახავს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების რეალიზების მხრივ არსებულ სურათს მსოფლიოს 195 ქვეყანასა და 15 ტერიტორიაზე. ტერიტორიების კატეგორიაში ვხვდებით აფხაზეთს, როგორც „ნაწილობრივ თავისუფალსა“ და სამხრეთ ოსეთს, როგორც „არათავისუფალს“.
უკვე ზედიზედ მეათე წელია, რაც ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ მსოფლიოში თავისუფლების ხარისხის კლებაზე იუწყება. ასეთი რეალობის ხელშემწყობ ფაქტორებს, შარშანდელი მონაცემებით, წარმოადგენდა მსოფლიოს მასშტაბით გამოვლენილი ურთიერთგადამკვეთი კრიზისები, რომლებიც კვებავდნენ ქსენოფობიურ განწყობებს დემოკრატიულ ქვეყნებში და იწვევდნენ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს მთელ რიგ სახელმწიფოებში.
მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, შარშან არაერთი რეფორმის განხორციელება დაიწყო, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლო ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ ამ რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ბოლომდე მიყვანილი...ზვიად დევდარიანი
წინასიტყვაობაში, რომლის თანაავტორია „ფრიდომ ჰაუსის“ ვიცე-პრეზიდენტი გამოკვლევების საკითხებში არჩ პადინგტონი, ნათქვამია, რომ ეკონომიკურმა უკუსვლამ ბევრ ქვეყანაში კიდევ უფრო გაართულა კომპლექსური პრობლემები, თავის მხრივ, განპირობებული იყო კორუფციითა და საგარეო პოლიტიკის სარბიელზე დაშვებული შეცდომებით. ტექსტის თანახმად, 2015 წელს, მაგალითად, რუსეთი აღმოჩნდა ნავთობის ფასის ვარდნით გამოწვეული პრობლემის პირისპირ, რასაც ემატებოდა მის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები და რუსეთის მიერ დაწესებული კონტრსანქციები, რამაც არანაკლებ დააზარალა ქვეყნის მოქალაქეები. ამ კონტექსტში ნახსენებია საქართველოს ოკუპაციაც:
„უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციას, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, რუსეთმა 2015 წლის ბოლოს დაამატა სირიაში შეჭრა, რათა განემტკიცებინა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების მხარდაჭერა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს რუსეთს – ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით“.
„ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები და ტერიტორიები, რამდენიმე ათეული კრიტერიუმის მიხედვით, 7-ქულიანი სისტემით ფასდებიან. საუკეთესო ქულად მიიჩნევა 1, ხოლო ყველაზე უარესი ქულაა 7. ისევე როგორც შარშანდელ ანგარიშში, საქართველომ წელსაც 3-3 ქულა დაიმსახურა როგორც პოლიტიკური უფლებების, ასევე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით და ის ისევ „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაში დარჩა.
ის, რომ საქართველომ „ფრიდომ ჰაუსის“ ვერც წლევანდელი ანგარიშის მიხედვით დააღწია თავი „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიას და ვერ გადაინაცვლა „თავისუფალთა“ კეტეგორიაში, სულაც არ უკვირს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, სტაგნაციის მიზეზები შესაძლოა უკავშირდებოდეს მედიის თავისუფლების პრობლემატიკას და, კერძოდ, „რუსთავი 2“-ის საქმეს, როდესაც პროცესების პოლიტიზების შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი სტაგნაციის სხვა სავარაუდო მიზეზებსაც ასახელებს:
„მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, შარშან არაერთი რეფორმის განხორციელება დაიწყო, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, სასამართლო ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ ამ რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი არ არის ბოლომდე მიყვანილი... და როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ განცხადებებში, რეზოლუციებში აკეთებდნენ აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების გამოყენება ხდებოდა გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ოპონენტების წინააღმდეგ გარკვეული აქტივობების განხორციელებისთვის“.
რადგანაც რეიტინგში უკუსვლა არ შეინიშნება, დამწუხრების განსაკუთრებულ მიზეზს ვერ ხედავს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა, თუმცა ის უკეთესი შედეგების ხილვას ისურვებდა, მით უმეტეს, ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. როგორც ქეთევან ჩაჩავა აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასების კრიტერიუმები დიდწილად სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს შეესაბამება:
„მოგეხსენებათ, რომ („ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში) ფასდება ქვეყანაში საარჩევნო გარემო, პოლიტიკური პლურალიზმი, მოქალაქეთა მხრიდან ჩართულობის ხარისხი, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა, მართლმსაჯულება, პიროვნების დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება – მათ შორის, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა... ასევე საგანგებოდ ფასდება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და ასევე საზოგადოების განწყობა – სოციალური კმაყოფილების ხარისხი... ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები სწორედ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების შედეგად შეიძლება აღმოიფხვრას და გამოსწორდეს. ძირითადად ეს შეეხება DCFTA-ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის) ნაწილს – ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით“.
„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში შეფასებულია ასევე საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ტერიტორიებად არიან მოხსენიებული. 2015 წლის მონაცემების თანახმად, მდგომარეობა არც ამ რეგიონებში შეცვლილა: აფხაზეთს კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალთა“ კატეგორიაში ვხვდებით, ხოლო სამხრეთ ოსეთი ისევ „არათავისუფალთა“ შორისაა.