Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსი": საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდა


საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა - ასეთ დასკვნამდე მივიდა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“, რომლის ანგარიშიც, სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე -2014“, 12 ივნისს გამოქვეყნდა. რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება?

„ფრიდომ ჰაუსის“ მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის - „ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე - 2014“ - მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება ერთი წლის წინანდელი 4,75-დან 4,68 ქულამდე გაუმჯობესდა. 2012 წელს იგივე ორგანიზაცია საქართველოში დემოკრატიის ხარისხს 4,82 ქულით აფასებდა. ანგარიშის ავტორების განმარტებით, შეფასების 7 ქულიან სისტემაში 1-იანი აღნიშნავს ყველაზე მეტ პროგრესს, 7-იანი კი ყველაზე დაბალ პროგრესს. საარჩევნო პროცესი საქართველოში 4,5 ქულით ფასდება, სასამართლოს დამოუკიდებლობა - 5 ქულით, მედიის დამოუკიდებლობა - 4 ქულით. 2005 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში საქართველოს დემოკრატიის ხარისხის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - ის 0,28 ქულით არის გაუმჯობესებული.
საქართველომ ბოლო ორ წელიწადში ჩაატარა წარმატებული არჩევნები, რასაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოჰყვა. ამასთან, წინსვლა იყო მედიის სფეროში. ამ ქვეყნიდან წამოსული სიგნალები, რომლებსაც ვხედავთ ბოლო წლებში, დადებითი ხასიათისაა...
სილვანა ჰაბდანკ კოლაჩკოვსკა


ანგარიშის თანახმად, საქართველო ევრაზიის რეგიონში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ერთადერთი ქვეყანაა, რომლის რეიტინგი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში თანმიმდევრულად მზარდია. ამის განმაპირობებელი აღმოჩნდა, დიდწილად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები 2012 და 2013 წლებში და ის პლურალიზმი, რაც ამ არჩევნებს მოჰყვა. როგორც სილვანა ჰაბდანკ კოლაჩკოვსკა, ხელმძღვანელი „ფრიდომ ჰაუსის“ პროექტისა „ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე - 2014 ევრაზიის განხეთქილება დემოკრატიასთან“, ეუბნება რადიო თავისუფლებას, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები აღმოჩნდა დემოკრატიულობის რეიტინგში საქართველოს წინსვლის განმაპირობებელი:

„საქართველომ ბოლო ორ წელიწადში ჩაატარა წარმატებული არჩევნები, რასაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოჰყვა. ამასთან, წინსვლა იყო მედიის სფეროში. ამ ქვეყნიდან წამოსული სიგნალები, რომლებსაც ვხედავთ ბოლო წლებში, დადებითი ხასიათისაა“.

ანგარიშის ავტორთა განცხადებით, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პარლამენტის მიერ 2013 წელს მიღებული კანონი მაუწყებელთა მფლობელების თაობაზე და ე.წ. „მასთ ქერისა“ და „მასთ ოფერის“ შესახებ დადგენილების მიღება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც ფოქრობს, რომ რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება ძირითადად მედიის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესებამ განაპირობა, თუმცა, მისი შეფასებით, ასეთივე კარგი მდგომარეობა სულაც არ არის სამართალდამცავ და პენიტენციურ სისტემაში, რაც ქვეყნის უფრო მეტი პროგრესის შემაფერხებელია:

„ჩვენ მთავარი პრობლემა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ყველაზე პრობლემატური მაინც სამართალდამცავი უწყებებია და ვფიქრობ, რომ აუცილებელია სიღრმისეული რეფორმების დაწყება და თუკი სიღრმისეული რეფორმები არ დაიწყება, მაინც იქნება პრობლემები ამ უწყებებში. მე მგონია, რომ ყველაზე სენსიტიური არის პენიტენციური და სამართალდამცავი უწყებები და, რეფორმების თვალსაზრისით, აქ ძალიან ბევრია გასაკეთებელი“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც წელიწად-ნახევრის წინ ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებას ჩამოაშორა მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2013 წლის მარტამდე სააკაშვილი ხელისუფლებას ინარჩუნებდა და დღემდე გრძელდება წინა ხელისუფლების რამდენიმე ჩინოვნიკის სადავო სასამართლო პროცესი, ძირითადად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და კორუფიის ბრალდებით.

ანგარიშში სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხი 5 ქულითაა შეფასებული. ეს მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებით უცვლელია. ამის მიუხედავად, დღეს წინასაარჩევნოდ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც, ამავე დროს, საარჩევნო თემებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელიცაა, განაცხადა, რომ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი ხელისუფლება არ იყენებს მოსამართლეებს საკუთარი მიზნების მისაღწევად:
თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი
„ჩვენ მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებული - სასამართლო, საკანონმდებლო დონეზე - რეფორმა საბოლოო შედეგს მალე გამოიღებს, კიდევ უფრო გააძლიერებს ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომლებმაც 2012 წლის ოქტომბერში მიიღეს თავისუფლება და გამოიყენეს თავისუფლება მართლმსაჯულების რეპუტაციისა და ნდობის ასამაღლებლად. მე პირადად ამ მართლმსაჯულების, ამ საკანონმდებლო რეფორმას საბოლოოდ დასრულებულად ჩავთვლი, როცა მართლმსაჯულება მთლიანად კომპეტენტური, მიუკერძოებელი, საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი მოსამართლეებით იქნება დაკომპლექტებული“.

სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ნაზი ჯანეზაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი ასოციაციისა „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა მოსამართლეთა დანიშვნის წესი და ცვლილებები შევიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაშიც, რომელიც მოსამართლეებს ირჩევს და რომელშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც არიან, პრობლემები მაინც რჩება:

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების ხარისხი, რომელსაც აყენებს დაცვის მხარე, გარკვეულწილად გაიზარდა, თუმცა პრობლემები მაინც რჩება“.

ნაზი ჯანეზაშვილი არ ემხრობა მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღებას, რომელიც კანონში შესატანი ცვლილებებითაა ნავარაუდევი. მისი თქმით, განსასაზღვრია ასევე მოსამართლეთა ოდენობის საკითხი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG