Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოსა და სადავო ტერიტორიებზე


დამოუკიდებელმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას სწავლობს, მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში შესულია როგორც საქართველო, ასევე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც სადავო ტერიტორიები. ანგარიშის მიხედვით, საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
„ფრიდომ ჰაუსი“ ქვეყნების განვითარების კვლევას სხვადასხვა მონაცემების მიხედვით აფასებს - იქნება ეს დემოკრატიული არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, მართლმსაჯულება თუ სხვა ბაზისური უფლებები. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები წინგადადგმულ ნაბიჯადაა შეფასებული, თუმცა ქვეყნის სტატუსი წელსაც „ნაწილობრივ თავისუფალი“ რჩება. ამ სტატუსს თავად ორგანიზაცია ასე განმარტავს: „ნაწილობრივ თავისუფალი“ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ უფლებებს სათანადოდ ვერ იცავენ, დაბალია სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი, არის კორუფცია, სუსტი მართლმსაჯულება, ეთნიკური თუ რელიგიური შუღლი და, გარკვეულწილად, ერთპარტიული წყობაც.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში არჩევნების გზით პირველად გადაეცა ძალაუფლება სხვა მთავრობას. ექსპერტების თქმით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველომ 1-7 ქულიან სკალაზე წინ გადაიწია და 4-ის ნაცვლად 3 ქულა მიიღო. იმავე სკალაზე აფხაზეთმა მეხუთედან მეოთხე დონეზე გადაინაცვლა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების მოვალეობაა მიღწეული შედეგი შეინარჩუნოს:
მომდევნო ანგარიშში იქნება ასახული უკვე ახალი ხელისუფლების ქმედებები და დაველოდოთ, დამატებთ ქულებს მიიღებს საქართველო, თუ ქულები, პირიქით, დააკლდება ...
ნინო ცაგარეიშვილი

„კი, ნამდვილად პოზიტიურია, რომ წინ წავიწიეთ რეიტინგში, თუმცა ასევე მგონია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას უკვე აქვს გარკვეული გამოწვევები. მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ეს შეფასებები და ეს რეიტინგი შეინარჩუნონ და ასევე წინ წაიწიონ. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს თავისუფალი სასამართლო, პოლიცია, სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები კი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდეს“.

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ნიკა ჩიტაძის თქმით, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საუბარია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოცდაათი მაღალჩინოსნის დაკავებაზე, თუმცა ეს თემა ანგარიშში ბოლომდე ამოწურული არ არის და, სავარაუდოდ, უფრო 2013 წლის ანგარიშში აისახება იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები:

„მომდევნო ანგარიშში იქნება ასახული უკვე ახალი ხელისუფლების ქმედებები და დაველოდოთ, დამატებთ ქულებს მიიღებს საქართველო, თუ ქულები, პირიქით, დააკლდება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში არაფერი წერია მთელ რიგ სამართალდარღვევებზე; ასევე, არაფერია ნათქვამი სკანდალურ ვიდეოფირებზე, რომლებიც პატიმრების წამებას ასახავდა:
„’ფრიდონ ჰაუსის’ ანგარიში, რომელიც პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით მსოფლიოში არსებულ ვითარებას ასახავს, ყურადღების მიღმა ტოვებს წლის განმავლობაში ამ კუთხით დაფიქსირებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს. ანგარიშში არ არის საუბარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემზარავ ფაქტებზე, რაც წელს სხვადასხვა ვიდეოკადრებით გამოაშკარავდა და რამაც დაადასტურა საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველების მტკიცებები ამ პრობლემის მასობრივ და სისტემურ ხასიათთან დაკავშირებთ“.
მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თავისუფლების საკითხში შეიძლება ცოტა დამძიმდეს სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რეგულაცია შემოვიდეს და ჩვენ ამ კომპონენტში დღეს საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს ...
ირაკლი ლექვინაძე

ნინო ცაგარეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ანგარიშში არ მოხვედრილა წინასაარჩევნო დევნის ამსახველი ფაქტები, კერძოდ, ოპოზოციური პარტიების მომხრეების დაკავება, კონტროლის პალატის სანქციები, შერჩევითი მართლმსაჯულება და ასე შემდეგ.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ „ფრიდომ ჰაუსი“ უფრო შედეგებზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და შეიძლება ამით აიხსნას ის, რომ მან უფრო არჩევნების მშვიდობიანად დასრულებაზე გაამახვილა ყურადღება, ვიდრე სხვა ფაქტებზე.

მისივე თქმით, არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად ხელისუფლებამ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე უნდა იზრუნოს:

„მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური თავისუფლების საკითხში შეიძლება ცოტა დამძიმდეს სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი რეგულაცია შემოვიდეს და ჩვენ ამ კომპონენტში დღეს საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და პოლიტიკურ თავისუფლებებს, 2013 წელს აქ გარკვეული ზრდის მაჩვენებლები შეიძლება გვქონდეს“.

რაც შეეხება სადავო ტერიტორიებს, უნდა ითქვას, რომ სამი სტატუსიდან „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“ აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, მისი სტატუსი კიდევ უფრო მძიმეა - „არათავისუფალი“, რაც ძირითადი პოლიტიკური უფლებების არარსებობასა და სამოქალაქო თავისუფლების კუთხით სისტემატურ დარღვევებს ნიშნავს.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, დამატებითი ქულა აფხაზეთმაც მიიღო. ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ეს უფრო პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების ხარჯზე მოხდა, ვიდრე სხვა ცვლილებების:

„მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე აქვს „ფრიდომ ჰაუსს“ აქცენტი გაკეთებული. ეს უკავშირდება იმ არჩევნებს, რომელიც აფხაზეთში ჩატარდა. რაც შეეხება მეორე მხარეს, „ფრიდომ ჰაუსი“ საუბრობს ეკონომიკურ სირთულეებზე, მთავრობის მხრიდან ბიზნესის ზეწოლაზე, პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და ამ კომპონენტში გაუმჯობესება არ ჩანს“.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც ამბობს, რომ დამატებითი ქულა სადავო ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებას უკავშირდება. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია აფხაზეთში რეალურად არსებულ ვითარებაზე.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG