როგორ ვიაროთ ევროპაში უვიზოდ

საინფორმაციო შეხვედრა

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს კამპანიას მოსახლეობისთვის ამ თემაზე მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად. პირველი დიდი შეხვედრა 10 მარტს თბილისში გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაინტერესებული ადამიანების შეკითხვებს უპასუხა.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ ვიაროთ ევროპაში უვიზოდ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული ადამიანები. მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უპასუხა შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ და რით დაეხმარება საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს:

მიხეილ ჯანელიძე

"ჩვენც არ ვართ კმაყოფილები [სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით] ინფორმირებულობის დონით, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ამიტომ ვმუშაობთ, რათა ეს ინფორმაცია გავხადოთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. კამპანია იქნება ძალიან აქტიური".

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარი 2 თებერვალს დაუჭირა, ევროკავშირის ჟურნალში ამ საკითხის რეგულაციის შესახებ ცვლილება კი 8 მარტს გამოქვეყნდა.

უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ ბიომეტრიული პასპორტის მქონე მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში შესვლას მოკლე დროით გეგმავენ - უფრო ზუსტად, მათი ვიზიტის ვადა 6 თვის განმავლობაში 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება გაურთულდეთ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლისას საზღვრის გადაკვეთა, ანუ რამდენად შესაძლებელია, მესაზღვრემ მათ ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

როგორც სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოგა ტაბატაძემ აღნიშნა, ამ კუთხით, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება და მთავარია ევროკავშირში შესვლის მსურველ ადამიანს დოკუმენტები წესრიგში ჰქონდეს:

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან შეხვედრას ესწრება 82 კომპანია, რომლებსაც ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი უნდათ. პასუხი გაეცემა მათ კითხვებს, როგორ ისარგებლონ ამ რეგულაციის მოხსნით და შესაძლებლობით, რასაც აძლევს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა...
ნინო ჩიქოვანი

„დღესაც, როდესაც შენგენის ვიზით მიდიხართ და ესაუბრებით მესაზღვრეს, მას აქვს აბსოლუტური უფლება, შეგიშვათ ქვეყანაში ან უარი გითხრათ შესვლაზე".

შენგენის ზონაში უვიზოდ ვერ შევლენ ადამიანები, ვისაც იქ სამსახურის დაწყება ან სწავლა უნდა. ამისთვის ისევ ვიზის აღებაა საჭირო. თუმცა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ ამ პირობებშიც კი უვიზო მიმოსვლა ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია.

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან შეხვედრას ესწრება 82 კომპანია, რომლებსაც ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი უნდათ. პასუხი გაეცემა მათ კითხვებს, როგორ ისარგებლონ ამ რეგულაციის მოხსნით და შესაძლებლობით, რასაც აძლევს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა", ამბობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლას 28 მარტიდან შეძლებენ. ამ ქვეყნებს შორის ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად არის ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ასევე შენგენის კანდიდატი ქვეყნები - ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იმოქმედებს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთთან.