მალმსტრომი თბილისში: ისევ DCFTA და საქართველო

სესილია მალმსტრომი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი, რომელიც შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებსა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ხელშეწყობის ახალი პროგრამა, ქვეყანაში DCFTA-ს სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა, ახალი შესაძლებლობები ქართველი მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, ქართული თევზისა და თაფლის მომავალი ევროპის ბაზარზე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც ევროკომისარი მალმსტრომი საქართველოს მთავრობასთან შეხვედრებზე განიხილავს.

„საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობის გაზრდას მთლიანად რეგიონში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 21 მარტს ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების პროგრამების კუთხით. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სესილია მალმსტრომს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულების პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

თავის მხრივ, სესილია მალმსტრომმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ სასურველია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესკლიმატი ქვეყანაში. მისი თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტს აქვს ევროპის ბაზარზე გატანის რეალური შანსი. ეს შეეხება ქართულ კივის, კენკროვან ხილსა და თაფლს.

„ვისაუბრეთ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე, რაც ძალიან მალე ამოქმედდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის. იზრდება ტენდენციაც თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი კი ამჯერად იმ დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებაა, რომლებსაც ეს ხელშეკრულება გვანიჭებს და რომლებიც ქართულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ. გვინდა გავზარდოთ ქართული მხარის ინფორმირებულობა მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. მივაწოდოთ ინფორმაცია კომპანიებს ჩვენი მხარდაჭერის შესახებ, ვაცნობოთ, რომ მათ საშუალება ექნებათ მიიღონ პირდაპირი დაფინანსება“, - აღნიშნა სესილია მალმსტრომმა.

საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები DCFTA-ს სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის თვალსაზრისით, გრძელდება რეფორმების გატარებაც, თუმცა საჭიროა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იმისათვის, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე მეტი პროდუქტი შევიდეს...
სესილია მალმსტრომი

ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს მხარდაჭერა გაზარდა და 2014-2017 წლებში ქვეყანას 410 მილიონ ევროს გამოუყოფს.

პრემიერთან შეხვედრამდე ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ხელშეწყობის ახალ პროგრამას ხელი უახლოეს ხანებში მოეწერება.

ქუმსიშვილის თქმით, ეს ფინანსური ინსტრუმენტი დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომერციული ბანკების მეშვეობით. პროგრამა გულისხმობს გრანტების გაცემას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მალე შესაძლებელი გახდება ევროპის ბაზარზე ქართული თევზისა და თაფლის ექსპორტიც, რაშიც ქართველ მეწარმეებს ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტი დაეხმარება:

„უახლოეს მომავალში შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შევიდეს ქართული თევზის ნაწარმი, ასევე სრულდება სამუშაო თაფლის ექსპორტის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის მხარდასაჭერად კი ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის კომერციული ბანკების მეშვეობით ხელმისაწვდომი იქნება ახალი ფინანსური ინსტრუმენტიც“.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმ სარგებელსაც გაუსვა ხაზი, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისგან იღებს და აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირი არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი, 3 მილიარდზე მეტი სავაჭრო ბრუნვით.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მიზნით, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდან ფაბრიკა-ქარხნები საქართველოში გადმოიტანონ და საქონლის წარმოება აქ გაგრძელდეს.

თავად სესილია მალმსტრომმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ „საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები DCFTA-ს სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის თვალსაზრისით, გრძელდება რეფორმების გატარებაც, თუმცა საჭიროა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება იმისათვის, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე მეტი პროდუქტი შევიდეს“.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ევროკავშირის მხრიდან ახალი, უფრო ფართო სახის დახმარება ქვეყენაში ინსტიტუციების გაძლიერების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს სამართლებრივი ბაზის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ინსტიტუტებთან:

კახა გოგოლაშვილი

„ამ კონტექსტში დახმარება იმ უწყებებს შორის განაწილდება, ვინც ჩართულია ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ცხადია, ეს იქნება ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი სურსათის უვნებლობის სამსახურით, აკრედიტაციის ეროვნული სამსახური, სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სამსახური და სხვა უწყებები, რომლებიც DCFTA-ს იმპლემენტაციის პროცესში არიან ჩართულები“.

როგორც კახა გოგოლაშვილი ამბობს, და ეს მითითებულია DCFTA-ს დანართებშიც, საქართველოს მიცემული აქვს 8-10 წელი საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესის დასასრულებლად. რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ DCFTA სრულყოფილად ამუშავდეს, ვკითხეთ კახა გოგოლაშვილს:

„აუცილებელია იმას მივაღწიოთ, რომ ჩვენთან გაცემული პროდუქტის სერტიფიკატები ევროკავშირის მიერ იყოს აღიარებული. ამ შემთხვევაში ჩვენთან წარმოებული სურსათი თუ ნებისმიერი სხვა სახის პროდუქტი, ჩვენივე საბუთებით, თავისუფლად შევა ევროკავშირის ბაზარზე, შემოწმდება ბევრად უფრო იშვიათად ევროკავშირის საბაჟოებზე და ეს იქნება, დანახარჯების თვალსაზრისით, ძალიან დიდი შეღავათი ჩვენი მეწარმეებისათვის“.

ამ ეტაპზე, როგორც უკვე ვთქვით, შესაბამისობის შეფასების პროცედურები მიმდინარეობს ქართული თევზისა და თაფლის შემთხვევაში.

21 მარტს სესილია მალმსტრომმა და გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთანაც. შეხვედრაზე, რომელსაც 70-ზე მეტი ქართული და ევროპული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ბუნებრივი არჩევანია. საქართველოს კი დღეს აქვს რეალური შანსი გაზარდოს პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში და გააუმჯობესოს ბიზნესგარემო ქვეყანაში.