ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკრაინაში სამიტამდე გასტანს

პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საკითხზე შექმნილ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მანდატი ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტამდე გაუგრძელდა. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო მას შემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტმა ოთხშაბათს ვერ მიიღო კანონი, რომელიც ტიმოშენკოს სამკურნალოდ გერმანიაში წასვლის უფლებას მისცემდა.

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი და ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი პეტ კოქსი მომავალ კვირაში კვლავ გეგმავენ ჩასვლას კიევში, რათა ვილნიუსის სამიტამდე შეძლონ კონსენსუსის მიღწევა. იულია ტიმოშენკოს საკითხის განხილვას უკრაინის საკანონმდებლო ორგანო 19 ნოემბერს დაუბრუნდება. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც პატიმრობაში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას ანიჭებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორივე წევრი ფიქრობს, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის, ანუ კანონპროექტის მიღების, შანსი 50-50-ზეა.

„ჩვენ მომავალ კვირაში 27-ედ ჩავალთ ამ მისიით კიევში და დავყოფთ იმდენ ხანს და იმდენ ადამიანს შევხვდებით, რამდენიც საჭიროა. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა წარმატების უზრუნველსაყოფად. ჩვენი მოთმინება დიდი გამოცდის წინაშეა. ფიზიკურად ძალიან გადაღლილები ვართ, მაგრამ ჩვენი კეთილი ნება ურყევია“, განაცხადა ოთხშაბათს ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრმა პეტ კოქსმა.

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2011 წელს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით, რასაც დასავლეთში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

19 ნოემბერი ბოლო შანსია, რათა გაკეთდეს ის, რაც საჭიროა. როგორც ევროკავშირის მისია უკრაინაში, ჩვენ მოველით, რომ ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით წარიმართება. გვესმის, რომ საკითხი ძალიან რთულია პოლიტიკურად...
ალექსანდრ კვასნევსკი
ევროკავშირის წარგზავნილები განმეორებით ჩავიდნენ კიევში და ოთხშაბათს დაესწრნენ საკანონმდებლო ორგანოს იმ საგანგებო სესიას, რომელსაც კანონის მიღებით უნდა უზრუნველეყო იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება.

ოთხშაბათს კვასნევსკიმ გააფრთხილა კიევი, რომ 19 ნოემბერი ბოლო შანსი იქნება ტიმოშენკოს საკითხის გადასაჭრელად:

„19 ნოემბერი ბოლო შანსია, რათა გაკეთდეს ის, რაც საჭიროა. როგორც ევროკავშირის მისია უკრაინაში, ჩვენ მოველით, რომ ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკების გზით წარიმართება. გვესმის, რომ საკითხი ძალიან რთულია პოლიტიკურად, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ არსებობს საკმარისი კეთილი ნება კონსენსუსის მისაღწევად და ყველა იმ პოლიტიკური ძალის დახმარების იმედი გვაქვს, რომლებსაც ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერა სურთ“.

თუ როგორ გამოიყენებს ევროკავშირის მიერ მიცემულ ბოლო შანსს უკრაინის პარლამენტი, 19 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მანამდე კი ევროკავშირთან დაახლოების მომხრე ოპოზიცია უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალად სდებს, რომ მას არ სურს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა. იანუკოვიჩის მიმართ კრიტიკა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პრეზიდენტი გასულ შაბათს მოსკოვში ჩავიდა რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან, საიდუმლო მოლაპარაკებაზე.

მოსკოვს სურს უკრაინის გაწევრიანება საბაჟო კავშირში, რომელშიც რუსეთთან ერთად ბელორუსია და ყაზახეთი შედიან. უარის შემთხვევაში, კრემლი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. კიევი ისტორიული არჩევანის წინაშე დგას.

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება უკრაინის უმთავრესი პრიორიტეტიაო, - განაცხადა ოთხშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლ აზაროვმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.