როგორია ევროკავშირის გზავნილები საქართველოსთვის

დონალდ ტუსკი

21 ივლისს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთსა და წითელუბანთან საოკუპაციო ხაზის ის მონაკვეთი მოინახულა, სადაც რუსეთმა ბოლო ხანებში ახალი სადემარკაციო ნიშნები დაამონტაჟა. დონალდ ტუსკი ამ პროცესს მიიჩნევს პროვოკაციად, რომელსაც ქართულმა მხარემ ემოციებით არ უნდა უპასუხოს. მცოცავი ოკუპაციის საფრთხე, ევროკავშირის მიდგომები რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის მიმართ, ევროკავშირთან ასოცირების პროცესი და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები წარმოადგენდა განხილვის ძირითად აქცენტებს შეხვედრებზე, რომლებიც დონალდ ტუსკმა თავისი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში (20–21 ივლისს) გამართა.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა საოკუპაციო ზოლიევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლების თანხლებით მოინახულა და როცა თბილისში დაბრუნდა, მთავრობას მოუწონა რუსეთის მიერ შექმნილი პრობლემისადმი მოზომილი ემოციებით მიდგომა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, – არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და მთელი ევროპისთვის, – რომ ამ პრობლემას მივუდგეთპასუხისმგებლობითა და ცივი გონებით ... ერთადერთი, რასაც პროვოკაციის ავტორები ისურვებდნენ, ეს არის გადაჭარბებული რეაქციის მიღება... ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვიყოთ მტკიცე, მაგრამ ასევე – პასუხისმგებლობით აღსავსე“.

ეს განცხადება დონალდ ტუსკმა 21 ივლისს, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზზე ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვას უწოდა პროვოკაცია, რომელიც „ნამდვილად ვერ შეიტანს წვლილს ნდობის აღდგენის პროცესში“ და ვერაფერს შეჰმატებს ძალისხმევას, „რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისკენ“. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია დიდ როლს თამაშობს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ არ ვაღიარებთ იმ ე. წ. ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ გააფორმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს ე. წ. ხელშეკრულებები უკანონოა...
დონალდ ტუსკი

მცოცავი ოკუპაციის პრობლემაზე დონალდ ტუსკმა 20 ივლისს პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეც ილაპარაკა და როცა მას დაუსვეს შეკითხვები, მოსალოდნელია თუ არა, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები საქართველოს გამოც დაუწესდეს ანდა სხვა რა ბერკეტები არსებობს რუსეთის შესაჩერებლად, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო:

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ არ ვაღიარებთ იმ ე. წ. ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ გააფორმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს ე. წ. ხელშეკრულებები უკანონოა. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ყველა ის საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, და 2008 წლის სექტემბრის შეთანხმება. ევროკავშირი მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებს იმსჯელონ მოვლენათა განვითარებაზე, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.

საოკუპაციო ხაზის მონახულებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირებას შექმნილ სიტუაციაში ევროკავშირისძალიან დასაფასებელ სვლად მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, ეს იყო მაქსიმალური, რისი თქმაც ამ ეტაპზე შეეძლო ევროკავშირს. რაც შეეხება სანქციების დაწესებას საქართველოს გამო, პოლიტოლოგი თვლის, რომ ამ შანსმა უკვე ჩაიარა, რადგანაც მწვავე ფაზა აღარ არის:

ძნელია, რომ, ერთი მხრივ, ქვეყანას ელაპარაკო რაღაც ეკონომიკურ ბენეფიტებზე და კარგ ურთიერთობებზე და, მეორე მხრივ, აქტიურად იბრძოლო იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენი გულისთვის დაუწესონ სანქციები ან რაიმე სხვა შეზღუდვები, რომ სულ პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყოს და ასე შემდეგ...
კახა გოგოლაშვილი

„დასავლეთს და, მათ შორის, ევროკავშირს არა აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რაღაც ზეწოლა განახორციელოს რუსეთზე და შეაცვლევინოს გადაწყვეტილებები და მოახსნევინოს ზეწოლა, რომელსაც ის ახორციელებს მეზობლებზე და, მათ შორის, საქართველოზე... ჩვენ ამის შანსი გვქონდა 2008 წლის (ომის) შემდეგ და მაშინ არ მოხდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ დასავლეთს არ სურდა გაეფუჭებინა ურთიერთობა საქართველოს გამო. ამის შემდეგ ეს მომენტი, ბუნებრივია, დაიკარგა. და ახლა ეს ძალიან რთულია, რადგანაც, სამწუხაროდ, საქართველოს კონფლიქტი არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია ახლა სანქციების თემის წამოწევა“.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მწვავე რეაქციების შესაძლებლობებს ხედავს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი და იმას, რომ ეს ასე არ ხდება, ანალიტიკოსი მიაწერს საქართველოს ხელისუფლების მცდელობას გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ პროცესში საქართველო სასურველ პრინციპულობას ვეღარ იჩენს და ეს ასუსტებს დასავლეთის რეაქციებსაც:

„ძნელია, რომ, ერთი მხრივ, ქვეყანას ელაპარაკო რაღაც ეკონომიკურ ბენეფიტებზე და კარგ ურთიერთობებზე და, მეორე მხრივ, აქტიურად იბრძოლო იმისთვის, რომ ამ ქვეყანას შენი გულისთვის დაუწესონ სანქციები ან რაიმე სხვა შეზღუდვები, რომ სულ პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყოს და ასე შემდეგ... ამიტომ საქართველოს თვითონ აქვს შესუსტებული ბრძოლა და მეთოდებს არ იყენებს. შესაბამისად, დასავლეთის რეაქციაც არის შესუსტებული და დასულია ფაქტების კონსტატაციამდე: აღიარებენ, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული და რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე“.

რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში წინსვლას, დონალდ ტუსკმა საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის „აშკარა ლიდერად“ დაასახელა - თქვა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები „ძლიერი და მზარდია“ და რომ ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განამტკიცებს ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის განხორციელებაც შარშან სექტემბრიდან დაიწყო. თავად დონალდ ტუსკი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების სურვილს მიიღონ უვიზო მიმოსვლის უფლება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში და თვლის, რომ საქართველო მზად არის ამისთვის. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ, თუკი ყველაფერი ამავე ტემპით განვითარდება, ამ სურვილის ასრულება შესაძლებელი იქნება წლის ბოლოსთვის, ევროკომისიის შესაბამისი შეფასების საფუძველზე.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 20 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, ხოლო 21 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ევროკავშირთან ერთად მნიშვნელოვანი სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა. ის სომხეთში ვიზიტის შემდეგ ესტუმრა საქართველოს, საიდანაც მას 22 ივლისს აზერბაიჯანში ელოდებიან.