თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალ 2017“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ერთ-ერთ საწარმოში შეხვდნენ. „ეკონომიკური დიპლომატიის“ კონფერენციაზე დიპლომატებს საქართველოს ეკონომიკური მიღწევები გააცნეს.
Your browser doesn’t support HTML5
მიმდინარე კვირის მიწურულს, 21 ივლისს, „ამბასადორიალ 2017“-ის მონაწილენი სამთავრობო პროგრამით დაფინანსებულ პლასტმასის საცობების საწარმო „ჯეოკეპში“ შეიკრიბნენ, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად ეკონომიკურ დიპლომატიაზე ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შესავალ სიტყვაში „ეკონომიკური დიპლომატიის“ კონფერენციის კერძო საწარმოში მოწყობის მიზეზებზე ილაპარაკა:
„ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, თუ როგორ ვითარდება სახელმწიფოს ხელშეწყობით წარმოება საქართველოში“.
ამ ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე მიხეილ ჯანელიძესთან ერთად მთავრობის სხვა წევრებიც შეეცადნენ დიპლომატებისთვის ის პოლიტიკა აეხსნათ, რომელიც მიმართულია ექსპორტის გაძლიერებისკენ. ის, თუ რა შედეგები მოაქვს მთავრობის ამ და სხვა ეკონომიკურ ნაბიჯებს, ამბასადორიალის მონაწილეებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო:
„პირველი ექვსი თვე საკმაოდ პოზიტიური გვქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5%-ი შეადგინა. იანვარში მშპ-ს ზრდა იყო 5.2%, თებერვალში - 4.4%, მარტში - 5.3% აპრილში 2.1%, მაისში - 5.3%. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას.“
დიმიტრი ქუმსიშვილმა ექპორტის ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზეც ილაპარაკა და რეგიონის მეზობელ ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებლებიც მოიშველია, მაგრამ ეს ზრდის ამსახველი რიცხვები საგრძნობლად არ აისახება ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობაზე. ეკონომისტების ერთი ნაწილის განმარტებით, ამის მიზეზი გასული წლების ეკონომიკური ჩავარდნებია. ამას ემატება ლარის გაუფასურების პრობლემა და 7 პროცენტზე მაღალი ინფლაციაც.
არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ გამოცხადებულ შედეგებს სკეპტიკურად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:
„ეკონომიკური ზრდა ამ 4 წლის განმავლობაში იყო ძალიან დაბალი.“
როდესაც რეგიონში გაქვს კონფლიქტები და პრობლემები, უნდა იფიქრო იმაზე, კიდევ მეტი რა მოიფიქრო, რითიც მიმზიდველი გახდება ბიზნესი და ეკონომიკური გარემო საქართველოში და არა მოიფიქრო კიდევ ახალი პრობლემები და ახალი ტვირთი აჰკიდო ბიზნესს..გია ჯანდიერი
რომან გოცირიძის კრიტიკას ეკონომიკის ბევრი სხვა ექსპერტიც იზიარებს, რადგან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია, ხოლო უმუშევრობა მხოლოდ სტატისტიკური მეთოდოლოგიის გამო მცირდება. ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ უმუშევრობის შემცირება შესაძლებელია მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი ტემპით ზრდის შემთხვევაში.
იმისათვის, რომ საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის დონით ათწლეულის შემდეგ მაინც გაუტოლდეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, საჭიროა მთავრობამ რეგიონში ყველაზე მიმზიდველი გარემო შექმნას, მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი:
„როდესაც რეგიონში გაქვს კონფლიქტები და პრობლემები, უნდა იფიქრო იმაზე, კიდევ მეტი რა მოიფიქრო, რითიც მიმზიდველი გახდება ბიზნესი და ეკონომიკური გარემო საქართველოში და არა მოიფიქრო კიდევ ახალი პრობლემები და ახალი ტვირთი აჰკიდო ბიზნესს, კიდევ ერთხელ შეაშინო ისინი, რომ ისეთივე რეგულირებები თუ გექნება, რაც სხვაგან, მაშინ რაღა აქ უნდა გააკეთონ ბიზნესი და წავლენ სხვაგან. ხდება კიდეც ასე. რად უნდა ამას დამალვა. გაგვექცა ჩვენ აქედან ინვესტორები იმის გამო, რომ მათ ვეღარ დაინახეს, რა იყო საქართველოში უკეთესი, ვიდრე სხვაგან“.
გია ჯანდიერისა და სხვა ეკონომისტების გამოანგარიშებით, თუ საქართველოს ეკონომიკამ ზრდა მთავრობის მიერ დაგეგმილი ტემპით - საშუალოდ, 3-4 პროცენტით - გააგრძელა, ქვეყნის ცხოვრების დონე თითქმის ვერასდროს მიაღწევს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამისათვის საქართველოს მინიმუმ 10-პროცენტიანი ზრდა ესაჭიროება, დაახლოებით, 20 წლის მანძილზე.