აცივეებასთან ერთად, საქართველოს ზღვისპირეთში საკურორტო სეზონი საბოლოოდ დასრულდა და ტურისტული სფეროს წლევანდელი შედეგების შეჯამების დროც დადგა. სტატისტიკური მონაცემებით, აჭარას ცხრა თვის მანძილზე 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.
ეს ციფრი მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული სასტუმროების მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა წლის ბოლოს ასევე გვეცოდინება, თუ რამდენი ტურისტი დარჩა არარეგისტრირებულ სექტორშიც. რაც შეეხება საზღვრის კვეთის მონაცემებს, აჭარამ ცხრა თვის განმავლობაში 1 132 250 საერთაშორისო მოგზაური მიიღო. აქედან მხოლოდ საჰაერო გზით რეგიონში შემოსულია 114 169 საერთაშორისო მოგზაური, რაც 76,55%-იან მატებას გულისხმობს. მიმდინარე წელი გამორჩეული იყო რეგიონში საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობითაც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ივლისში 300-ზე მეტი ავიარეისი შესრულდა 22 მიმართულებით.
Your browser doesn’t support HTML5
ხელისუფლება ამ ფაქტს მნიშვნელოვან სარეკლამო კამპანიას უკავშირებს, რაც, ცხადია, არ არის ერთადერთი ფაქტორი ტურისტების მოზიდვის საქმეში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზღვისპირეთის სტუმართა რაოდენობის ზრდაზე ასახვა თურქეთის ტურისტული სეზონის პრობლემებმაც განაპირობა.
უცხოელი ტურისტების რაოდენობისა და ასევე ჩამოსული ვიზიტორების მხრიდან ხარჯების შემცირების გამო, თურქეთის ტურისტულმა სფერომ 2016 წელს 15 მლრდ დოლარი იზარალა – ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო ბიპიენის ცნობით, პორტალი Turizmdatabank-ი ავრცელებს. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის თურქეთში ჩამომსვლელთა შემცირების საბოლოო მაჩვენებელი 9,5 მლნ-ს მიაღწევს.
გარდა ამისა, იმ ტურისტებმა, რომლებიც ჩადიან თურქეთში, 2015 წელთან შედარებით, 15-25%-ით შეამცირეს ხარჯები. დღეისათვის ერთი უცხოელი ტურისტი თურქეთში, საშუალოდ, 700-800 დოლარს ხარჯავს, რაც ვაჭრობაზე ნეგატიურად აისახება.
თურქეთის სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტმა ტიმურ ბაინდირმა განაცხადა, რომ სტამბოლის სასტუმროების დატვირთვა, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, 30%-ით შემცირდა.
„უსაფრთხოებასთან არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, განსაკუთებით შემცირდა ევროპელი ტურისტების რაოდენობა“ – აღნიშნავს ბაინდირი.
ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის ტურისტული ორგანიზაცია TURSA-ს ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ წლის ბოლოსთვის, ტურისტების რიცხვის შემცირების გამო, თურქეთი დაკარგავს 3 მლრდ ევროს. თუმცა Turizmdatabank-ის ექსპერტების დასკვნა ბევრად უფრო პესიმისტურია, თანაც გამოქვეყნებული ინფორმაცია 2016 წლის 9 თვის მონაცემებს ასახავს. შესაბამისად, საბოლოო შედეგი კიდევ უფრო არასახარბიელო იქნება.
ცხადია, ეს მონაცემები პირდაპირ არ აისახება საქართველოზე, თუმცა გარკვეულ ზეგავლენას ტურისტულ ბაზარზე ახდენს. ამასთან ერთად, საგულისხმოა ასევე საერთაშორისო იაფი ფრენების რეისების დამატება, რაც განსაკუთრებით დიდი მოცულობით 23 სექტემბრიდან განხორციელდა ქუთაისის მიმართულებით და რის შედეგებსაც უკვე მომავალი წლისთვის ელიან.
ერთი რამ ფაქტია – ტურისტული სეზონი ამ ეტაპზე დასრულებულია და ამან ასახვა, ნაწილობრივ, ლარის კურსზეც ჰპოვა. რამდენად შეძლებს ტურიზმი შემოდგომასა და ზამთარშიც შეასრულოს სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიმწოდებლის მნიშვნელოვანი ფუნქცია, მომავალი გვიჩვენებს.