საგარეო ვალი და მისი მართვის სტრატეგია

საქართველოს საგარეო ვალი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი ნებისმიერი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფინანსური რესურსია და ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი საგარეო ვალი აქვთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაში იხარჯება ვალი და არანაკლებ მნიშვნელოვანი - არსებობს თუ არა ქვეყანაში ვალის მართვის სტრატეგია.

Your browser doesn’t support HTML5

საგარეო ვალი და მისი მართვის სტრატეგია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 15.1 მლრდ აშშ დოლარი (35.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 108.7 პროცენტია; 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 413.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ოპერაციული ცვლილებების გამო ვალის ზრდამ 386.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.3 მლრდ აშშ დოლარი (14.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.7 პროცენტია, საიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 213.4 მლნ აშშ დოლარი (500.0 მლნ ლარი; მშპ-ს 1.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, - 890.1 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.4 პროცენტი) და 684.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.2 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.2 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.4 მლრდ აშშ დოლარი (5.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.2 მლრდ აშშ დოლარი (21.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 66.3 პროცენტია. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.4 მლრდ აშშ დოლარია (8.1 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.8 პროცენტია.

2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 6.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 4.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო კლებამ 1.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანი ვალდებულებები 213.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. აქედან 201.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და, პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

ვალის მასშტაბის ზრდასთან ერთად დგება სახელმწიფო დონეზე ვალის მართვის სტრატეგიის არსებობის აუცილებლობა. საქართველოში მსგავსი სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ ჩამოყალიბებულია ხედვა და მიდგომები, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ვალი, და საკანონმდებლო დონეზე გაწერილია ვალის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ფინანსთა სამინისტრო) ფუნქციები და მოვალეობები. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს, ასევე, ვალის აღებისა და მართვის პროცესში სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების (ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი) უფლებამოსილებას.

ვალის მართვის სტრატეგია არის ვადებში გაწერილი კონკრეტული გეგმა, რომელიც მთავრობას ეხმარება მიაღწიოს სახელმწიფო ვალის პორტფელის სასურველ, ოპტიმალურ შემადგენლობას. სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შინაარსობრივად შედგება რამდენიმე, ერთმანეთთთან დაკავშირებული, კომპონენტისგან, რომელთაგან შეიძლება გამოიყოს 3 ძირითადი: ვალის აღებისა და მართვის ორგანიზაციული პროცედურების უზრუნველყოფა, ვალის დაფინანსების წყაროს მოძიება და გრაფიკის განსაზღვრა, ასაღები ვალის ოდენობის განსაზღვრა, რისკების შეფასება, მართვა და ხარისხიანი სტატისტიკური მონაცემების წარმოება. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო ვალის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, ვალის მართვა მაკროეკონომიკური პოლიტიკის მუდმივი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ბევრი ქვეყანა ვალის მართვას კრიზისის დროს იწყებს, რაც შეიძლება დაგვიანებული აღმოჩნდეს, რადგან სწორედ ამ კრიზისის ასარიდებლად არის საჭირო ვალის მართვის პროცესის წარმოება.