საქართველოს საგარეო ვალი 2016 წლის 1 ივლისისთვის 4,404 მლრდ დოლარია. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები ერთ თვეში თითქმის 11 მლნ დოლარით გაიზარდა, ერთი წლის განმავლობაში კი 224 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
2015 წლის 1 ივლისისთვის საგარეო ვალის მოცულობა 4,1მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის 1 ივნისისთვის 4,4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების მართებს 3,139 მლრდ დოლარი. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.
საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ მიმართ არსებული დავალიანება 751 მლნ დოლარამდეა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.
გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყნის მიერ აღებული ვალების ანალიზი გააკეთა და ასეთი ძირითადი ტენდენციები გამოკვეთა:
1992-2015 წლებში სახელმწიფომ საკრედიტო ხელშეკრულებებით სულ, დაახლოებით, 6.65 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტი ისესხა სხვადასხვა ვალუტაში.
სახელმწიფო ყველაზე ხშირად ვალს მსოფლიო ბანკისგან იღებს (79 ხელშეკრულება).
სახელმწიფოს, ჯამურად, ყველაზე მეტი ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აქვს აღებული (1.57 მლრდ აშშ დოლარი).
1992-2015 წლებში ყველაზე დიდი მოცულობის ვალი სახელმწიფომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აიღო (747.1 მლნ SDR, ჩამორიცხული იქნა 577,1 მილიონი SDR-ის ეკვივალენტი) ეროვნული ბანკისა და ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის.
1992-2015 წლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი (8.2 %) ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის EBRD-ის მიერ 1994 წელს გამოყოფილ 18.1 მლნ. აშშ დოლარის გარანტირებულ სესხს ჰქონდა.
სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1.9 %-ს შეადგენს.
თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო საგარეო ვალს აღარ აიღებს, საგარეო ვალის დაფარვა 2052 წელს დასრულდება (2012 წლის 31 მაისს ხელმოწერილი რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის კრედიტი).
საგარეო ვალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ინსტრუმენტია. საქართველოს ვალის მოცულობას მშპ-სთან მიმართებით ჯერჯერობით კრიტიკული ზღვარისთვის არ მიუღწევია, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან ერთ მთავარ საკითხზე: აუცილებელია, რომ ვალი გამოიყენებოდეს ეკონომიკის განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურისა და სხვა მსგავსი საჭიროებებისთვის და არ გამოიყენებოდეს სოციალური ხარკების დასაფარად, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი ამოღებისა და რეალურად გადახდის შესაძლებლობა, მართლაც, მიზერული იქნება.