საქართველოს საგარეო ვალი ახალ ნიშნულებს იპყრობს. მართალია, არ არსებობს ქვეყანა, მათ შორის განვითარებულიც, რომელსაც საგარეო ვალი რაიმე ფორმით არ ჰქონდეს, მაგრამ ვალის მაჩვენებელსა და მასშტაბს, ცხადია, მნიშვნელობა აქვს ქვეყნის გადახდისუნარიანობასა და ეკონომიკურ პერსპექტივაზე წარმოდგენის შესაქმნელად.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა 2016 წლის პირველი კვარტალის სტატისტიკური მონაცემები. ამ მონაცემების თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.2 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.4 პროცენტია. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 14.6 მლრდ აშშ დოლარი (34.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 107.1 პროცენტია. 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 429.9 მლნ აშშ დოლარით იკლო. აქედან ვალი, ოპერაციული ცვლილებების გამო, 605.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, რაც ძირითადად განაპირობა პირდაპირი ინვესტორის სესხის სააქციო კაპიტალში გადატანამ.
შეგახსენებთ, რომ მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.
ახალი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სამთავრობო სექტორის ვალი შეადგენს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები 219.4 მლნ აშშ დოლარია (519.6 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, - 801.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9 პროცენტი) და 655.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.8 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (10.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.7 პროცენტი) და კომპანიათშორის ვალმა - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (5.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.0 მლრდ აშშ დოლარი (21.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 65.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.7 მლრდ აშშ დოლარია (8.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.1 პროცენტია.
2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 180.8 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და, პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
მონაცემები საგანგაშო არაა, ზოგადად ვალის აღება მაინცდამაინც უარყოფითი მოვლენა არ გახლავთ, თუმცა მნიშვნელოვანია ეს ვალი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე იხარჯებოდეს და არა სხვადასხვა პოპულისტურ ინიციატივებზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში ოქროს შუალედის მოძებნა ასეთ ხარჯებთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა.