22 აპრილს, "დედამიწის დღეს" მსოფლიოს ქვეყნები ხელს მოაწერენ "პარიზის შეთანხმებას", რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს პლანეტაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პარიზში გამართულ გარემოსდაცვით კონფერენციაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ნიუ-იორკში არიან.
"დედამიწის დღეს" ნიუ-იორკში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ხელს მოაწერენ „პარიზის შეთანხმებას“ კლიმატის ცვლილებების შესახებ.
ამ შეთანხმების მიხედვით, შემდეგი მომდევნო წლების განმავლობაში მსოფლიოს ქვეყნები უნდა ეცადონ, თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფა.
„ჩვენი მიზანია, ატმოსფერული ტემპერატურის მატება ცელსიუსით 2 გრადუსს არ გასცდეს. ჩვენი უფრო ამბიციური გეგმაა, ტემპერატურის მატება 1.5 გრადუსზე შევაჩეროთ“, - განმარტავს გაეროს კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე გუნდის დირექტორი, სელვინ ჰარტი.
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური პრობლემა ტყეების განადგურებაა.
ტყეების დეგრადაციის ერთ-ერთი მამოძრავებელი უარყოფითი ძალა არის ინფრასტრუქტურული პროექტები, წიაღისეულების მრეწველობა და ა. შ. ამ კანონპროექტში ჯერ არ ჩანს, რომ ეს საკითხი რამენაირად გადაწყდება. კანონპროექტის დღევანდელი სახიდან ჩანს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება...ირაკლი მაჭარაშვილი
ყოველწლიურად მსოფლიოში, 119-დან 145 ათას კვადრატულ კილომეტრამდე ტყე იჩეხება.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ამ სტატისტიკის მიხედვით, ყოველ წუთში ნადგურდება ფეხბურთის 48 მოედნის ზომის ტყის ფართობი.
ამავე სტატიაში განმარტებულია, რომ სწორედ მწვანე საფარის გაჩეხაა ატმოსფეროში მომწამვლელი აირების გაჩენის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი.
ხეები ისრუტავენ ნახშირორჟანგს - აირს, რომელიც ჰაერში უფრო და უფრო მეტად ერევა და აბინძურებს მას, საბოლოოდ კი ამ პროცესს გლობალურ დათბობამდე მივყავართ.
კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაზე, რომელსაც 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში 193 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ, იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს მომწამლავი გაზების გამოყოფა ატმოსფეროში.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი ლიდერია:
„2021-2030 წლების სამოქმედო გეგმა რომელიც მომავალ (2016) წელს უნდა შედგეს, დააზუსტებს ჩვენს ნაბიჯებს [კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით] და იმას, თუ რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დაგვჭირდება მიზნის მისაღწევად“.
ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რაც ამ კონფერენციის შემდეგ საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით მოხდა, იყო ე.წ. „ტყის კოდექსის“ პროექტის შექმნა. კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო სხვადასხვა გარემოს დამცველი ორგანიზაციაც, მათ შორის, „მწვანე ალტერნატივა“, რომლის წარმომადგენელი, ირაკლი მაჭარაშვილი, ამბობს, რომ ავტორებმა გაითვალისწინეს მათი რამდენიმე შენიშვნა, მათ შორის, ტყეების კატეგორიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა კანონპროექტში ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები:
„ტყეების დეგრადაციის ერთ-ერთი მამოძრავებელი უარყოფითი ძალა არის ინფრასტრუქტურული პროექტები, წიაღისეულების მრეწველობა და ა. შ. ამ კანონპროექტში ჯერ არ ჩანს, რომ ეს საკითხი რამენაირად გადაწყდება. კანონპროექტის დღევანდელი სახიდან ჩანს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“.
აქ არის მეორე საკითხიც: ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად და დღესვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდება მაშინ, როდესაც ჰესები ვეღარ უზრუნველყოფენ ენერგიის კონკურენტუნარიან მიწოდებას...თეიმურაზ მურღულია
ირაკლი მაჭარაშვილი საუბრობს სხვა პრობლემებზეც, რომლებიც გარემოს დაცვის კუთხით მწვავედ დგას საქართველოში. მათ შორისაა ჰაერის დაბინძურება ტრანსპორტისა და სამრეწველო გამონაბოლქვით, ასევე დიდი ჰესების მშენებლობა, რაც უკვე რამდენიმე წელია, ქვეყანაში გარემოს დამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი თემაა.
ნიუ-იორკში „პარიზის შეთანხმების“ ხელმოწერას ესწრება საქართველოს წარმომადგენლობაც - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და მისი პირველი მოადგილე თეიმურაზ მურღულია.
საქართველოს მხრიდან შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთვება მსოფლიო კამპანიაში გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ და იღებს პასუხისმგებლობას, შეასრულოს მოთხოვნები, რომლებიც ამ დოკუმენტითაა გათვალისწინებული.
თეიმურაზ მურღულია ამბობს, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ფინანსურად დაეხმარება, ქვეყანა შეძლებს, რომ 2030 წლამდე გარემოში მავნე აირების გამოყოფის მაჩვენებელი ერთი მეოთხედით შეამციროს.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ლაპარაკობს ტყეების განახლებისა და დიდი ჰესების მშენებლობის შესახებაც. მისი თქმით, ერთი მხრივ, საქართველოსნაირ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური განვითარება, რისი ერთ-ერთი მთავარი წყაროც დღეს რეგიონში ენერგეტიკის ექსპორტია და, თუ დიდი ჰესების გარემოზე ზემოქმედება სწორად იქნება შეფასებული, ისინი ნაკლებ ეკოლოგიურ პრობლემას გამოიწვევენ:
„აქ არის მეორე საკითხიც: ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად და დღესვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა მოხდება მაშინ, როდესაც ჰესები ვეღარ უზრუნველყოფენ ენერგიის კონკურენტუნარიან მიწოდებას“.
როგორც თეიმურაზ მურღულია ამბობს, ჯერჯერობით გეგმა დამუშავების პროცესშია და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ისინი მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ჩაანაცვლონ მომავალში დიდი ჰესები ალტერნატიული ენერგიის წყაროებით.
გარემოს დამცველი ორგანიზაციები სახელმწიფოს მხრიდან მსგავს მიდგომას აკრიტიკებენ. ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, არ შეიძლება ქვეყანა ორიენტირებული იყოს მხოლოდ რესურსების მაქსიმალურად ათვისებაზე:
„რაში გვჭირდება ეს დიდი ჰესები, - ხუდონი, ნენსკრა და ა.შ., - არავინ იცის. როდესაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია არის ბუნებრივი რესურსების მოხმარებაზე, უტილიზაციაზე, - იქნება ეს ტყე, მდინარეები თუ ა.შ. - ეს არის წამგებიანი, მით უმეტეს, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის“.
ირაკლი მაჭარაშვილს იმედი აქვს, რომ საქართველო შეასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გარემოს დაცვის კუთხით დაეკისრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
ახალი ვალდებულებებისთვის მზადება კი საქართველომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის მიერ ინიცირებული „პარიზის შეთანხმების“ ხელმოწერის შემდეგ უნდა დაიწყოს.
იმისათვის, რომ ეს შეთანხმება ძალაში შევიდეს, საჭიროა, სულ ცოტა, 55 ქვეყნის ხელმოწერა, მათ შორის კი უნდა იყვნენ ის ქვეყნები, რომლებზეც მსოფლიოში გაზის ემისიის 55 პროცენტი მოდის.