დაკავება სოფელ ქვეშში

საოკუპაციო ხაზი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები 41 წლის ალექსანდრე შავერდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის განაპირას დააკავეს. შავერდაშვილი საკუთარი მიწის ნაკვეთის მოსარწყავად იყო წასული, რა დროსაც სოფლის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ დაკავების ბრალდება წაუყენეს. შავერდაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები აცხადებენ, რომ მას "საზღვარი" არ გადაუკვეთია და, პირიქით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იყვნენ შემოსული სოფლის ტერიტორიაზე. დაკავებულის მეუღლე, მანანა შავერდაშვილი, აცხადებს, რომ ხეხილის ბაღი, საიდანაც მისი მეუღლე აიყვანეს, ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და იქ ყოფნა ყოველთვის საშიშია.

Your browser doesn’t support HTML5

დაკავება სოფელ ქვეშში

სოფელი ქვეში ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება, სადაც რუსეთის მესაზღვრეებს სამხედრო ბაზა აქვთ. ქვეში და არცევი ნაწილობრივ მავთულხლართებით არის გაყოფილი, მაგრამ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ზღუდეები ყველგან არ არის მოწყობილი და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იქიდან ქვეშის ტერიტორიაზე თავისუფლად შემოდიან ხოლმე. ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დავით ტატიაშვილი ადასტურებს, რომ შეიარაღებული პირები ხშირად შემოდიან სოფლის ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი უკვე აამოქმედა. ცნობილია, რომ შავერდაშვილი ჯერ ზემო არცევის სამხედრო ბაზაზე, იქიდან კი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ქართველი სამართალდამცავები დაკავებულის გასათავისუფლებლად უკვე მოლაპარაკებას მართავენ.