დაგროვებითი პენსია - ბედნიერი სიბერის გარანტია?

ხელისუფლება დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნის შესახებ ლაპარაკობს. პირველად ამის თაობაზე გუშინ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა. უახლოეს მომავალში ამ სისტემაზე გადასასვლელად სამთავრობო კომისიაცაა შექმნილი, ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით, და რეკომენდაციებს მსოფლიო ბანკი იძლევა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს დაგროვებით საპენსიო სისტემას და საქართველოში მისი განხორციელების რა პერსპექტივებს ხედავენ ეკონომიკის ექსპერტები?

მარტივად რომ ვთქვათ, დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსი შემდეგია: დასაქმებული ადამიანი საკუთარი ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას იხდის კერძო ან სახელმწიფო საპენსიო ფონდში, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ კი ის ამ დაგროვილი თანხის შესაბამის პენსიას იღებს. როგორც შრომის, ჯანმრთლებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი გია კაკაჩია განმარტავს, ჯერჯერობით არსებობს ევროპული ქვეყნების გამოცდილება ამ საფეროში და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები, სხვა დანარჩენი დამუშავების პროცესშია, მათ შორის - კონკრეტული ეკონომიკური გათვლებიც. ერთადერთი, რასაც გია კაკაჩია ამბობს, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს დღეს არსებული 20% საშემოსავლო გადასახადის გაზრდა:

„კონკრეტულად გათვლების შედეგად იქნება უკვე შესაძლებელი იმის თქმა, თუ რა პროცენტზე და რა თანხაზე იქნება ლაპარაკი. ცალსახად შეიძლება წინასწარ ითქვას, რომ ეს არ გამოიწვევს გადასახადების გაზრდას, მაგრამ შეიძლება ამას დაემატოს ნებაყოფლობითი კომპონენტი, რომ თუ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფრო უკეთესი სიბერე, შესაბამისად, ის უფრო მეტს გადაიხდის, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო ნებაყოფლობითი მომენტი იქნება“.

გია კაკაჩიას სიტყვებით, სხვა ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა უნდა დაიწყონ მაქსიმუმ 45 წლის ან უფრო ახალგაზრდა ასაკის დასაქმებულმა ადამიანებმა იმისათვის, რომ მათ საპენსიო ასაკისთვის გარკვეული თანხის დაგროვება მოასწრონ. სხვა დანარჩენების, მათ შორის, იმ ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფაზე, რომელთაც არასდროს უმუშავიათ, სახელმწიფო იზრუნებს.

პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს რაღაც გარდამავალი პერიოდი, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ პენსიის გარეშე. ვინც გააკეთებს საპენსიო შენატანებს, ის მიიღებს პენსიას გარკვეული პერიოდის შემდეგ...
ირაკლი ლექვინაძე

ეკონომიკის ექსპერტის ირაკლი ლექვინაძის სიტყვებით, დღეს არსებული საპენსიო ფორმა არ ასახავს პენსიონერთა განვლილ ცხოვრებას და ის არა საპენსიო, არამედ უფრო სოციალური შემწეობის სისტემააა. საპენსიო ფონდის შექმნა, ირაკლი ლექვინაძის სიტყვებით, ისტორიული და კარგი იდეაა, თუმცა ის შედეგებს გამოიღებს არა დღეს, არამედ 10 ან მეტი წლის შემდეგ, თუმცა პრობლემა საქართველოში დასაქმებული და უმუშევარი ადამიანების თანაფარდობაშია, ამბობს ლექვინაძე:

„პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, უნდა გაკეთდეს რაღაც გარდამავალი პერიოდი, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ პენსიის გარეშე. ვინც გააკეთებს საპენსიო შენატანებს, ის მიიღებს პენსიას გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ გარკვეული პერიოდი უნდა შენარჩუნდეს სოციალური შემწეობის თემატიკაც, ანუ ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება არ უმუშავია, ის საპენსიო ასაკში არ უნდა დარჩეს პენსიის გარეშე“.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, სწორედ ახლა კეთდება იმის ანალიზი, თუ როგორ დაენიშნოთ იმ პენსიონერებს პენსია, ვისაც არასოდეს უმუშავია.
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საქართველოს პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსს ვერ ხედავს. მისი სიტყვებით, თუ მოქალაქეს საპენსიო დანაზოგების შექმნა სურს, მას თავად შეუძლია შემოსავლები ბანკში ან სხვა შემნახველის მეშვეობით შეინახოს:

თუ ეს მხოლოდ მოკლევადიან გათვლაზეა, რომ ჩვენ მივიღებთ მოსახლეობისგან გრძელვადიან დაბალპროცენტიან საფინანსო რესურსს და შემდეგ ეს მთავრობა აღარ იფიქრებს იმაზე, თუ ვინ და რომელი მთავრობა გაისტუმრებს ამას მომავალში, ასეთი გათვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან იოლად შეიძლება ასეთი რეფორმის დაწყება ახლო მომავალში, რომ ახლა შენ გიჭირს ეკონომიკურად, რაღაც რესურსს მიიღებ მოსახლეობისგან...
გიგი წერეთელი

„მას შეუძლია ეს პენსია დააგროვოს უკვე დღეს რომელიმე ბანკის ან სადაზღვევო სისტემის ან საინვესტიციო გზით ან სხვა ნებისმიერი ფორმით, მაგალითად, მუთაქაში შეინახოს და ამ პროცესს რაიმე სახის ცენტრალიზებული მიდგომა და მსჯელობა არ სჭირდება. მე მგონი, უფრო კარგი იქნება, თუ ისინი უფრო დახვეწენ თავის წინადადებას და უფრო გასაგებს გახდიან, რას გულისხმობენ, რადგან რაც მე ვილაპარაკე, ეს ძირითადად არის დაყრდნობილი იმ მწირ ინფორმაციაზე, რაც ახლა არის გაჟღერებული“.

დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის იდეა წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა. მისი განხორციელების ერთ-ერთი მსურველი მაშინ პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი იყო. დეპუტატი დღეს ამბობს, რომ საქართველოში, სადაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არ არის მდგრადი, ეს სისტემა ვერ ამუშავდება. ამას გარდა, მისი სიტყვებით, ამ სისტემაზე გადასვლას მინიმუმ 2-წლიანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავება დასჭირდება. გიგი წერეთლის სიტყვებით, ამ სისტემაზე გადასვლა დიდ ეკონომიკურ რისკებთანაცაა დაკავშირებული:

„თუ ეს მხოლოდ მოკლევადიან გათვლაზეა, რომ ჩვენ მივიღებთ მოსახლეობისგან გრძელვადიან დაბალპროცენტიან საფინანსო რესურსს და შემდეგ ეს მთავრობა აღარ იფიქრებს იმაზე, თუ ვინ და რომელი მთავრობა გაისტუმრებს ამას მომავალში, ასეთი გათვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ძალიან იოლად შეიძლება ასეთი რეფორმის დაწყება ახლო მომავალში, რომ ახლა შენ გიჭირს ეკონომიკურად, რაღაც რესურსს მიიღებ მოსახლეობისგან, ამ ფულს ჩადებ ეკონომიკაში ან ძირითადად გაახარებ კომერციულ ბანკებს, იმიტომ რომ დეპოზიტებზე განთავსდება, თუ ბიზნესის სხვა მიმართულებები არ იქნა აქტიური და, შესაძლებელია, ამან რაღაც მოკლევადიანი ეფექტი მოგცეს, მაგრამ როგორც საპენსიო სისტემა გრძელ ვადაში, ადამიანებს დაუბრუნდეთ საკმაოდ კარგი სარგებლით შეტანილი ფული, ეს, რა თქმა უნდა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის გია კაკაჩიას განმარტებით, თანხის დაბრუნების გარანტორი სახელმწიფო იქნება და ბევრ ქვეყანაში სპეციალური შეზღუდვებიც არსებობს, თუ რა სფეროში შეიძლება ჩაიდოს საპენსიო ფონდისთვის განკუთვნილი თანხები, და ასეთი ინვესტირებისთვის განკუთვნილი სფერო შეიძლება იყოს მსოლოდ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ეს კერძო საპენსიო ფონდების არსებობის შემთხვევაში თანხების გაფლანგვის ან ამ კომპანიების გაკოტრების ალბათობის შემთხვევაში პრევენციად გამოდგება.

ჯერჯერობით დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის შესახებ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ სურვილია გამოთქმული. ხელისუფლებას ამ საკითხში რეკომენდაციებს მსოფლიო ბანკი აძლევს.