Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ უხარიათ პენსიის მომატება პენსიონერებს?


შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი დავით სერგიენკო.
შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი დავით სერგიენკო.
სექტემბრის თვიდან საქართველოში მინიმალური პენსია და სხვა სოციალური გასაცემელი იზრდება. შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე, ჯამში, 1 მილიონ 250 ათასამდე ადამიანს შეეხება. საშუალოდ 25 ლარით გაიზრდება მინიმალური სახელმწიფო პენსია. ცვლილება ასევე შეეხება მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზრდილი სოციალური პაკეტით ისარგებლებენ მარჩენალდაკარგული ოჯახები და პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები. როგორ აისახება მთავრობის გადაწყვეტილება პენსიონერთა ყოფაზე?

81 წლის პენსიონერი გივი ბერძენიშვილი პენსიის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ცნობას გულგრილად შეხვდა. მისი აზრით, თვეში 150 ლარით პენსიონერი ისეთსავე გაჭირვებაში იქნება, როგორშიც მანამდე 125-ლარიანი პენსიის პირობებში იყო:

„ეს 25 ლარი არაფერი არ არის! მარტო კომუნალური გადასახადი ზამთარში 300 ლარამდე ადის. მარტო გათბობის გადასახადი 200 ლარამდე ადის და დანარჩენი? ადრე, როცა პენსია 14 ლარი იყო, ხბოს ხორცს ვყიდულობდი 2,5 ლარად, ახლა კი 18 ლარი ღირს. ყველიც 2,5 ლარი ღირდა, ახლა 10 ლარი ღირს. რაც გინდა ის აიღე, ყველაფერი გაძვირდა“.

გივი ბერძენიშვილის თქმით, მთავრობაში, რომლის წევრები 8 ათასლარიან ხელფასს იღებენ, კარგად იციან, თუ რა თანხაა საჭირო ადამიანის ღირსეული არსებობისათვის. 81 წლის პენსიონერი ამბობს, რომ მინიმალური პენსია 800 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუმცა, როგორც შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მინისტრი დავით სერგიენკო ამბობს, მთავრობას ამ ეტაპზე მეტის გაკეთების საშუალება არ აქვს:

„ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი რაოდენობა 125 ლარიდან იზრდება 150 ლარამდე. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია ასევე იზრდება 150 ლარამდე. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პენსია იზრდება 70-დან 100 ლარამდე. ამდენითვე იზრდება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია“.

ყველა პენსიონერს პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღესვე რეფორმა რომ განხორციელდეს, პენსიონერს ახლავე არანაკლებ 220 ლარის პენსია ექნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი...
ირაკლი ალასანია
დავით სერგიენკოს თქმით, მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე, პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი კი 62 ლარიდან 107 ლარამდე. მინისტრის განცხადებით, 2013 წლის სექტემბრიდან სოციალური გასაცემლების ჯამური თანხა ყოველთვიურად დაახლოებით 154 მილიონ ლარს შეადგენს, რაც თითქმის 40 მილიონი ლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა მთავრობის ოპონენტები მმართველ კოალიციას არჩევნების წინ გაკეთებულ იმ განცხადებას ახსენებენ, რომლის მიხედვითაც პენსია 220 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. აი, რას ამბობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს:

„ყველა პენსიონერს პენსია განესაზღვრება არანაკლებ საარსებო მინიმუმისა. ეს ნიშნავს იმას, რომ დღესვე რეფორმა რომ განხორციელდეს, პენსიონერს ახლავე არანაკლებ 220 ლარის პენსია ექნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს იქნება მინიმალური პენსია, რასაც დაემატება წელთა ნამსახურეობა“.

„ქართული ოცნების“ გარდა, 1 ოქტომბრის არჩევნების წინ მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გატოლების დაპირებას იძლეოდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, მაგდა ანიკაშვილი, ხელისუფლებას საარსებო მინიმუმის დაანგარიშების ფორმულას უწუნებს. მისი თქმით, დღეში 2 ათასი კილოკალორიის ნაცვლად 2 ათას ხუთას კილოკალორიას უნდა ანგარიშობდნენ. და კიდევ:

რადგანაც ბიუჯეტს არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს თანხა მუდმივად იხადოს, ამიტომ ყველა ვარიანტში მივალთ იმ აუცილებლობამდე, რომ გაიზარდოს ან გადასახადები, ან მთავრობამ დაიწყოს ფიქრი კერძო საპენსიო მექანიზმების ჩამოყალიბებაზე...
ნინო ევგენიძე
„არაპროპორციული და შეუსაბამოა სასურსათო და არასასურსათო კალათების მიმართება. 70% მოდის სასურსათოზე, 30% კი - არასასურსათოზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ისეა დაანგარიშებული, თითქოს ადამიანი მხოლოდ უნდა იკვებებოდეს და არ უნდა ხარჯავდეს ფულს რაიმე სხვა ტიპის მომსახურებაზე - კომუნალური ხარჯების დაფარვაზე, ტანისამოსის შეძენაზე, ჰიგიენაზე და ა.შ. საარსებო მინიმუმი უნდა დაითვალონ სწორად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ასეთი გათვლით, მინიმუმ 250 ლარი არის საარსებო მინიმუმი და ამოცანა ის უნდა იყოს, რომ არც ერთი ტიპის შემწეობა არ იყოს ამაზე ნაკლები“, უთხრა მაგდა ანიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა პენსიის 250 ლარამდე გაზრდას კი არა, უკვე არსებული პენსიების გაცემასაც კი ქვეყნის ეკონომიკისათვის მძიმე ტვირთად მიიჩნევს ეკონომიკის ზოგიერთი ექსპერტი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე განმარტავს:

„დაქირავებით დასაქმებული ერთი ადამიანი ყოველთვიურად ერთ პენსიონერზე მეტს ინახავს და მისი ყოველთვიური ტვირთი ამ პენსიონერებზე 144 ლარს აღწევს. რადგანაც ბიუჯეტს არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს თანხა მუდმივად იხადოს, ამიტომ ყველა ვარიანტში მივალთ იმ აუცილებლობამდე, რომ გაიზარდოს ან გადასახადები, ან მთავრობამ დაიწყოს ფიქრი კერძო საპენსიო მექანიზმების ჩამოყალიბებაზე“.

თუმცა პენსიონერები პენსიის დაუყოვნებლივ გაზრდას მოითხოვენ. 81 წლის გივი ბერძენიშვილი და სხვა პენსიონერები არ მალავენ, რომ 25-ლარიანმა ზრდამ იმედი გაუცრუათ.

გივი ბერძენიშვილი: „რომ იარსებოს პენსიონერმა, მინიმუმ 800 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს.“

პენსიონერი ქალი, 69 წლის: „რა არის 150 ლარი, წამალზე არ მყოფნის! როგორ უნდა ვიარსებო? მრცხვენია, როგორ ვთქვა, არ ვიცი: მშია! ვითმენ ყველაფერს, მაგრამ როდემდე?“

პენსიონერი კაცი, 73 წლის: „ეს არის უმნიშვნელო და ძალიან მცირე ცვლილება, რომელიც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს პენსიონერთა საყოფაცხოვრებო პირობებზე. ეს არის საარსებო მინიმუმზე ძალიან ნაკლები“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG