BRICS-ის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში უკრაინის ომი ერთხელაა ნახსენები, ისიც - ბუნდოვნად

BRICS-ის წევრი ქვეყნების სამიტი ყაზანში. 23 ოქტომბერი, 2024.

ყაზანში გამართული BRICS-ის სამიტის წევრებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც მადლობა გამოუხატეს რუსეთს ღონისძიების ორგანიზებისთვის და დაგმეს, მათი თქმით, „უკანონო სანქციები“, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ წესდება.

დასკვნით დოკუმენტში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, უკრაინაში მიმდინარე ომი მხოლოდ ერთხელაა ნახსენები 36-ე პუნქტში. ამ საკითხთან დაკავშირებით დეკლარაციაში საკმაოდ ბუნდოვანი ფორმულირებებია გამოყენებული: ტექსტში არ არის არც რუსეთის შეჭრის ცალსახა დაგმობა, არც მოსკოვის მოქმედებების მხარდაჭერა.

„შეგახსენებთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გარშემო არსებულ ეროვნულ პოზიციებს, რომლებიც აღნიშნულია შესაბამის ფორუმებზე, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში და გაეროს გენერალურ ასამბლეაში,“ ნათქვამია დეკლარაციაში. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, მთელი მათი სისრულითა და ურთიერთკავშირებით“.

ყაზანის სამიტის ერთ-ერთი მონაწილეა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში. რუსეთში მისმა ვიზიტმა პროტესტი გამოიწვია კიევში, გაიხსენეს, რომ გუტერიშმა მიიღო ეს მიწვევა მოსკოვისგან, მაგრამ უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო უკრაინისა და შვეიცარიის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის გლობალურ სამიტში.

ასევე ნახეთ ბრიკსის სამიტი ყაზანში - რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი თავყრილობა

წარსულში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რამდენჯერმე ხმების უმრავლესობით მიიღო რეზოლუციები, რომლებიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეიცავს მისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოწოდებებს.

უკრაინა და მისი მხარდამჭერი ქვეყნები რუსეთს გაეროს წესდების დარღვევაში ადანაშაულებენ. წესდება მსოფლიოს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს.

სამიტის მონაწილეებმა სამ პუნქტში დაგმეს „ცალმხრივი სანქციები“, მაგრამ არ დაუზუსტებიათ, ვის მიერ დაწესებულ სანქციებზეა ლაპარაკი.

კერძოდ, მათი განცხადების თანახმად, ზომები, რომლებიც დაწესდა სირიის წინააღმდეგ, „სერიოზულად ამძაფრებს სირიელი ხალხის ტანჯვას“.

დეკლარაციაში პირდაპირ არ არის ნახსენები დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ.

ასევე ნახეთ ინტერაქტიური რუკა: უკრაინის ჯარების შესვლა კურსკის ოლქში