ფრანცისკე ასიზელიდან პაპ ფრანცისკემდე

1970-იანების დასასრულს იოანე-პავლე II-ის სახით კათოლიკურ სამყაროს მოევლინა პოლიტიკური პაპი - ამას ცივი ომის კონტექსტი მოითხოვდა და წარმოშობით პოლონელმა პაპმა ბევრი გააკეთა აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაციისათვის. XXI-ე საუკუნის დასაწყისში პოლონელი იოანე-პავლე II შეცვალა დოგმატურმა პაპმა. არანაირი ისტორიული კონტექსტი არ მოითხოვდა ბენედიქტე XVI-ის დოგმატურობას და მან თავისი განცხადებებით რელიგიათა და კონფესიათა შორის დიალოგში მხოლოდ შუღლი და კონფლიქტი შეიტანა.

დღეს კი კათოლიკურ სამყაროს ჰყავს სოციალური პაპი, რომელიც პირველ რიგში უმწეოთა და დევნილთა პრობლემებითაა დაკავებული - შემთხვევითი არ არის, თუ არგენტინელმა კარდინალმა ხორხე მარიო ბერგოლიომ პაპად ინთრონიზაციისას ფრანცისკე ასიზელის სახელი აირჩია.

მომავლის შემყურე იოან-პავლე II-მ თავისი მოღვაწეობით მეორე სუნთქვა შესძინა დოგმებით, იერარქიით თუ პომპეზურობით დამძიმებულ ვატიკანს. მისგან განსხვავებით, ბენედიქტე XVI-მ კათოლიციზმის უკან, დოგმებით დამძიმებულ წარსულში, წაყვანა სცადა (რაც სამწუხაროდ გამოუვიდა კიდეც ნაწილობრივ). ორი წინამორბედი პაპისგან განსხვავებით პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა პირველ რიგში მზერა აწმყოსკენ და მასში მცხოვრები ყველა უმწეოსა და დაჩაგრულისკენ მიემართა.

ფრანცისკეს მოღვაწეობის სოციალური განზომილება იმდენად დიდია, რომ გადის კონფესიურ-რელიგიური საზღვრებიდან და იგი არა მხოლოდ კათოლიკეების, არამედ ზოგადად უმწეოთა და დაჩაგრულთა მფარველი გახდა. პაპი, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ევროპასა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას ლტოლვილების შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ იგი ლტოლვილების უფლებებს არღვევს; პაპი, რომელსაც საბერძნეთიდან ვატიკანში საკუთარი თვითმფრინავით მიჰყავს მუსულმანი ლტოლვილი სირიელები; პაპი, რომელიც სტრასბურგში ევროპარლამენტარებს უცხადებს, რომ ევროპა არ ასრულებს ჟენევის ხელშეკრულებებს ლტოლვილების შესახებ - ეს პაპი მართლაც, რომ გახდა ყველა დამცირებულისა და შეურაცხყოფილის ქომაგი.

პაპ ფრანცისკეს მიერ ვატიკანში სირიელი მუსულმანი ლტოლვილების წაყვანა არის ასევე ისეთი კათოლიკური ქვეყნების კრიტიკა, როგორიცაა პოლონეთი და უნგრეთი, რომელთა პოპულისტური მთავრობები კათოლიციზმის სახელით უარს აცხადებენ სირიელი ლტოლვილების მიღებაზე. ხოლო ფოტოსურათი, რომელზეც მუსულმანი ქალი ხელზე ჰკოცნის და დალოცვას სთხოვს პაპს, ან როცა ფრანცისკე ფეხს ჰბანს მუსულმან ქალს, არის ის სიმბოლო, რომლისაც ისლამისტებს უფრო ეშინიათ, ვიდრე ამერიკული დრონებისა, რადგან ეს ხატი ანგრევს მათ პროპაგანდას დასავლეთის მიერ ისლამის წინააღმდეგ მიმართულ ჯვაროსნულ ომზე.

დიდი ხანია უკვე, რაც ღარიბ სამხრეთსა და მდიდარ ჩრდილოეთს შორის დიალოგს სჭირდებოდა პერსონიფიცირებული სახე. ზოგიერთის აზრით ბარაკ ობამა იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც ხელეწიფებოდა, რომ ეს „ჯვარი ეტვირთა“ - გაიხსენეთ 2009 წლის 4 ივნისს ეგვიპტეში, კაიროს უნივერსიტეტში, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა. თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეს ფუნქცია თავის თავზე აეღო.

ბუენოს-აირესში დაბადებული იტალიელი ეკონომიკური ემიგრანტის შვილიშვილი ხორხე მარიო ბერგოლიო მოდის ღარიბი სამხრეთიდან და გაკვეთილს აძლევს მდიდარ ჩრდილოეთს ზუსტად იმ მომენტში, როცა ბევრმა ჩათვალა, რომ მდიდარ ჩრდილოეთსა და ღარიბ სამხრეთს შორის საერთო აღარაფერი იყო დარჩენილი...

XIII საუკუნეში ფრანცისკე ასიზელი იყო ქრისტიანული სამყაროს ყველაზე პოპულარული ფიგურა: მისი გარდაცვალებიდან სულ რაღაც ოთხ ათეულ წელიწადში ფრანცისკე ასიზელის შესახებ ექვსი სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული თხზულება დაიწყებს ევროპის ქალაქებში ცირკულირებას. დღეს WIN/Gallup International-ის გამოკითხვების მიხედვით, ფრანცისკე ასიზელის სეხნია რომის პაპი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურა. 1228 წელს, ფრანცისკე ასიზელის პირველი ჰაგიოგრაფი წერდა თავის გმირზე: „ის, ვინც წმინდანებს შორის ყველაზე დიდი წმინდანი იყო, ცოდვილთა გვერდით გამოიყურებოდა, როგორც უბრალო ცოდვილი...“. რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც პოლიტიკოს ლიდერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილია (და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვატიკანს დივიზიები არ გააჩნია), ლტოლვილების გვერდზე გამოიყურება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავმდაბალი და მორჩილი... შეიძლება ზუსტად ამაში იმალებოდეს ბუენოს-აირესში დაბადებული ამ არგენტინელის ის ხიბლი, რომლითაც იგი ძალიან ბევრს - განურჩევლად მრწამსისა და ეროვნებისა - ნუსხავს...