აზერბაიჯანის როლი საქართველოს ექსპორტში სუსტდება

მანათი

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურმა 2016 წლის იანვრის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მაჩვენებლები საყურადღებო უნდა იყოს საქართველოსთვის, რომლისთვისაც აზერბაიჯანი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მონაცემები ცხადყოფს, რომ ნავთობის ფასების ვარდნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც წარმოების მასშტაბებზე, ისე აზერბაიჯანის ეკონომიკაში განხორციელებულ ინვესტიციებზე, ამან კი, თავის მხრივ, შეამცირა აზერბაიჯანის როლი საქართველოს საექსპორტო პოტენციალში.

აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარში მშპ-მ 4011,2 მილიონი მანათი შეადგინა, რაც შესაბამის ფასებში 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის იანვრის მაჩვენებლებზე.

ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა 418,3 მანათია, რაც 4,4%-ით ჩამოუვარდება გასულ წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს. გარდა ამისა,ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანში წარმოების ვარდნა დაფიქსირდა. კერძოდ, სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2,1 მილიარდი მანათი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის იმავე მონაცემებზე 3,1%-ით ნაკლებია. ნავთობის მრეწველობა 3,5%-ით შემცირდა, არასანავთობო წარმოება კი 0,3%-ით გაიზარდა. მომპოვებელ სფეროში 3,5%-იანი ვარდნა აღინიშნა, მათ შორის, გაზისა და ნავთობის მიმართულებით.

ამას გარდა, როგორც აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური იუწყება, 2016 წლის იანვარში აზერბაიჯანის ეკონომიკაში 880 მილიონი აზერბაიჯანული მანათის (551 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიცია განხორციელდა, რაც 23.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. ამ თანხიდან 28,5 პროცენტი იყო ადგილობრივი, 71,5 პროცენტი კი - უცხოური ინვესტიცია. ჯამური ინვესტიციიდან სახელმწიფო ინვესტიციამ, დაახლოებით, 13 პროცენტი შეადგინა.

თუ ამ მონაცემების პარალელურად საქართველოს ვაჭრობის მონაცემებსაც გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ აზერბაიჯანი კვლავ ინარჩუნებს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე (მეორე) ადგილს, თუმცა დათმო საექსპორტო პარტნიორებს შორის ჩვეული პირველი ადგილი და მეშვიდე ადგილზე გადავიდა. მას გაასწრო არა მხოლოდ ჩინეთმა, რომელთანაც საქართველო ამ ბოლო დროს სავაჭრო ურთიერთობებს აფართოებს, არამედ ბულგარეთმა და იტალიამაც. ზოგადად, პირველი საექსპორტო ქვეყნები საქართველოსთვის ასე გამოიყურება: ჩინეთი, ბულგარეთი, რუსეთი, თურქეთი, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა...

რა უცნაურიც უნდა იყოს, ავტომობილები, რომლის საექსპორტო ბაზარი ძირითადად აზერბაიჯანია, კვლავ საქართველოს საექსპორტო სამეულში რჩება. კერძოდ, 2016 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 25 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა; მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 12 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტს უდრიდა; მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკლის ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 10 მლნ. აშშ დოლარია და მთელი ექსპორტის 8 პროცენტია.

ამასთან, როგორც სავაჭრო პარტნიორი, აზერბაიჯანი კვლავ სამეულშია. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (83 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (54 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (53 მლნ. აშშ დოლარი).