„არა პოლიციურ რეჟიმს“

სტუდენტების აქცია უნივერსიტეტში

„არა პოლიციურ რეჟიმს“ - ამ დევიზით გამართული საპროტესტო მსვლელობით გამოეხმაურნენ სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა თავისი თანამშრომლების სტუმრობის ფაქტი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის, ოჯახში. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დააშინოს მოძრაობაში ჩართული სტუდენტების ოჯახის წევრები, რომლებზეც ხორციელდება ფსიქოლოგიური თუ სხვა სახის ზეწოლა. რა შინაარსის წერილი მიიღო სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და როგორ უპასუხეს სტუდენტებმა სამინისტროს არგუმენტებს?

სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თვის წინ მიმართა და მოითხოვა ინფორმაცია სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის, ოჯახში პოლიციელების მისვლის ფაქტისა და მიზეზების თაობაზე. სახალხო დამცველის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის თათული თოდუას თქმით, წერილს საფუძვლად დაედო სტუდენტური მოძრაობის აქტივისტის ირაკლი კუპრაძისგან მიღებული ინფორმაცია, თუმცა სამინისტრო ვერ ჩაეტია კანონით განსაზღვრულ ათ სამუშაო დღეში და ომბუდსმენის აპარატს დიდი დაგვიანებით უპასუხა.

„პასუხში მითითებულია, რომ 2016 წლის მარტში შსს თანამშრომელი მართლა იმყოფებოდა ირაკლი კუპრაძის ოჯახში იმისთვის, რომ გარკვეული ინფორმაცია მიეღო და ეს ყველაფერი საჭირო იყო „უბნის პასპორტში“ მონაცემების გასაახლებლად. წერილში მითითებულია ასევე, რომ ოჯახის წევრებს წინასწარ ეცნობათ ამ ვიზიტის შესახებ, თუმცა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ამის რამე კონკრეტული მტკიცებულება გადმოეცა ჩვენთვის“, უთხრა თათული თოდუამ რადიო თავისუფლებას.

მივიდა ძალოვანი უწყების ორი თანამშრომელი. ორჯერ იყვნენ, დილით და საღამოს. კონკრეტულად ჩემზე მოითხოვეს ინფორმაცია, დაკითხეს მშობლები და მათ კითხვაზე, რა ხდებოდა, რამე ხო არ დავაშავე, რა მიზანი ჰქონდა ამ შემოწმებას, არ უპასუხიათ...
ირაკლი კუპრაძე

სტუდენტურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ვიზიტები სტუდენტების მოძრაობის წევრთა ოჯახებში რეაქციაა ოდეერების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაზე. ირაკლი კუპრაძის თქმით, მსგავსმა ქმედებებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. ოჯახის წევრებს ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით ან დაჭერით, თუ მათთან დაკავშირებული კონკრეტული აქტივისტი არ ჩამოშორდება „აუდიტორია 115“-ს.

„ჩემი შემთხვევა ბევრად მარტივი იყო, ვინაიდან ჩემი მშობელი არ მუშაობს საჯარო სამსახურში. ჩემთან მივიდა ძალოვანი უწყების ორი თანამშრომელი. ორჯერ იყვნენ, დილით და საღამოს. კონკრეტულად ჩემზე მოითხოვეს ინფორმაცია, დაკითხეს მშობლები და მათ კითხვაზე, რა ხდებოდა, რამე ხო არ დავაშავე, რა მიზანი ჰქონდა ამ შემოწმებას, არ უპასუხიათ. იმყოფებოდნენ „პიკაპის“ ტიპის ავტომობილით. ცხადია, ყოველივე ეს ჩავთვალე ზეწოლად იმის გამო, რომ ამ სტუმრობამ ის შედეგი გამოიღო, რომ ოჯახიდან მირეკავდნენ და მთხოვდნენ შემეწყვიტა ნებისმიერი აქტივიზმი და არ გამოვჩენილიყავი ღიად საპროტესტო აქციებზე. თან, მეოთხე წელია, ბათუმში აღარ ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად, არც ამ ოთხი წლის განმავლობაში და არც მანამდე არასდროს არ განხორციელებულა ძალოვანი უწყების ვიზიტი ჩემს ოჯახში“, უთხრა ირაკლი კუპრაძემ რადიო თავისუფლებას.

ირაკლი კუპრაძის თქმით, აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა მის ოჯახში მისვლის ფაქტს, აღიარების მიზეზი კი, სავარაუდოდ, გახდა სტუდენტური მოძრაობის მიერ პრემიერ-მინისტრისათვის წაყენებული მკაცრი მოთხოვნა, გამოერკვია, რატომ და ვისი ბრძანებით ხდებოდა სტუდენტებზე ზეწოლა, ოჯახის წევრების დაკითხვები და მუქარა, თუმცა, როგორც თათული თოდუა ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულმა წერილმა სხვა კითხვებიც გააჩინა:

„შსს-ს წერილში აღნიშნული ვიზიტის სამართლებრივ საფუძვლად მიგვეთითა მინისტრის ერთ-ერთი ბრძანება. ვაპირებთ, რომ გამოვითხოვოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტი. ასევე მოვითხოვეთ ინფორმაცია კონკრეტული მუხლის თაობაზე, ანუ ჩვენ წინა წერილშიც ვითხოვდით სამართლებრივი საფუძვლის შესახებ ინფორმაციას, ახლა კი ვაპირებთ ყველა ეს დეტალი დავაზუსტოთ, რომ უფრო ცხადი იყოს ჩვენთვის, რა უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა შსს და ასევე ვაპირებთ დავაზუსტოთ, რატომ დადგა დღის წესრიგში კონკრეტულად ირაკლი კუპრაძის ოჯახის მონაცემების დაზუსტების საჭიროება, მსგავსი ღონისძიება თუ განხორციელდა იმ უბანში მცხოვრები სხვა ოჯახების მიმართ, შერჩევის რა კრიტერიუმები იქნა გამოყენებული და ა.შ.“

სახალხო დამცველის აპარატის გარდა, სტუდენტური მოძრაობის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს შეისწავლიან ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციებიც, რომლებმაც საქართველოს პარლამენტს, მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას წერილობითი მიმართვა გაუგზავნეს. მიმართვის ერთ-ერთი ავტორის, სოფო ვერძეულის, თქმით, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა ზეწოლის ფაქტებზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან საკუთარი სტატუსისა და უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებას საკმაოდ მსგავსი და ერთგვაროვანი ხელწერის პირობებში. დასადგენია ასევე, რამდენად ჰქონდა ადგილი აღნიშნული პროცესის ორგანიზებას ხელმძღვანელი პირების მხრიდან.

სოფო ვერძეული

„რა თქმა უნდა, ის, რომ საქმე გვაქვს არაერთეულ შემთხვევასთან და ერთგვაროვანი ხელწერა აქვს სამართალდამცავი სისტემის მუშაობას, ცხადია, მიუთითებს უფრო სიღრმისეულ პრობლემაზე, ვიდრე ცალკეული სამართალდამცავის მხრიდან ჩადენილ გადაცდენაზე. ამიტომ გაკეთდა ჩვენი მიმართვაც ხელმძღვანელი პირების სახელზე, რომ ისინი დაინტერესდნენ ამ ფაქტებით და განმარტონ, რა გზებს მიმართავენ იმისათვის, რომ სამართალდამცავებმა შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, როცა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება აქტიურობა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფების მხრიდან. არ მოხდეს ისე, რომ ეს უწყებები იქცნენ აქტიურობის თუ საზოგადოებრივი პროტესტის განეიტრალების მექანიზმად პოლიტიკური გუნდის ხელში“, უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო ვერძეულმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა.

თავად სტუდენტური მოძრაობის წევრები კი სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებიან. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2012 წელს პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ სტუდენტების ბრძოლამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. სწორედ ამიტომ, „აუდიტორია 115“ აგრძელებს პოლიციური სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიას.

„ჩვენ ვერ შევეგუებით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შელახვას. თითოეული მოქალაქის ვალია გაერთიანდეს პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში!“ - ნათქვამია „აუდიტორია 115“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.