ახალქალაქში ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა ნათესები

ძლიერმა სეტყვამ ზარალი მოაყენა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხას. სოფლელთა თქმით, განადგურებულია ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები.

ძლიერი სეტყვა და წვიმა ჩუნჩხაში 10 ივლისს, დაახლოებით, 16:30 საათზე დაიწყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაზიანებულია ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სადაც მოსახლეობას ძირითადად კარტოფილი და მარცვლეული კულტურები ჰქონდა დათესილი. შორენა თეთვაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უმოსავლოდ დარჩა.

Your browser doesn’t support HTML5

სლოვაკეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის

"ჩვენთან მიწა ჰექტრობით მუშავდება და ყველაფერი განადგურდა. გარდა ამისა, სახლებთან, ეზოებში, ვისაც ბოსტნეული ეთესა, სულ დაზიანდა. ზოგს აქვს დაზღვევა, მაგრამ მარცვლეული, როგორც ვიცი, დაზღვეული არ აქვთ. სოფლის გამგებელს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მისულიყვნენ დ ადგილზე ენახათ“, – ამბობს ჩუნჩხაში მცხოვრები შორენა თეთვაძე.

სოფელ ჩუნჩხის გარდა, სეტყვამ ახალქალაქის კიდევ სამი სოფლის მოსახლეობა დააზარალა. ორჯას, პტენასა და ხანდოს მცხოვრებლები მიყენებულ ზარალზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. გიორგი ზარიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც სტიქიამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა.
ოთხ სოფელში მოსული ძლიერი სეტყვის გამო მუნიციპალურ გამგეობაში შექმნილია ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ედუარდ აღასარიანს, ზარალის ანაზღაურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

"ჯერ არ ვიცით, იყო თუ არა სტიქია სხვა სოფლებში. ახლა ვაზუსტებთ მონაცემებს. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და სწავლობს ვითარებას. დაიტბორა თუ არა სახლები, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს“, – ამბობს ედუარდ აღასარიანი.

სამცხე-ჯავახეთში წელს უკვე მეშვიდე შემთხვევაა, როცა სტიქიამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ წელს ყველაზე მეტად ადიგენისა და ახალციხის მოსახლეობა დააზარალა.