გორის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, ილია მეტრეველს, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ეს ბრალდება საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მას „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, თამარ თედლიაშვილმა, წაუყენა. საქმე ეხება „ქართული პარტიის“ აქტივისტებთან ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თათბირის ჩატარებასა და საკრებულოს ვებგვერდის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას.
გარდა ამისა, თამარ თედლიაშვილი ილია მეტრეველს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ერთი კვირის წინ გორის მერიისა და საკრებულოს დელეგაცია პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში ილია მეტრეველიც უნდა ყოფილიყო. ბიუჯეტიდან 908 ლარად მისთვის ბილეთიც შეიძინეს, მაგრამ ბოლო წუთს მეტრეველი პოლონეთში აღარ წავიდა, ბიუჯეტს კი მხოლოდ 155 ლარი დაუბრუნდა. ოპოზიციის დეპუტატი ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.
საკრებულოს თავმჯდომარე ამ ბრალდების პასუხად აცხადებს, რომ მისი პოლონეთში წასვლის შემთხვევაში ეს თანხა მაინც დაიხარჯებოდა, წაუსვლელობით კი ბიუჯეტს თანხის ნაწილი დაუბრუნდა.
საკრებულოს წევრი ზაზა მეზვრიშვილი დელეგაციის შემადგენლობაში იყო. მისი აზრით, საკრებულოს თავმჯდომარის გაუმგზავრებლობის გამო ბიუჯეტმა იზარალა..
გორის საკრებულოში ვითარება ყოველდღიურად იძაბება. ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ოქრუაშვილი მერის იმპიჩმენტით იმუქრება, მერი კი მას უკანონოდ დანიშნულ, ლიმიტგადაცილებულ კადრად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ მეორე თვეა ოქრუაშვილს საკრებულოში ხელფასი არ აუღია, რადგან მერია მას უკანონოდ დანიშნულად მიიჩნევს და, შესაბამისად, სახელფასო ნუსხაში არ შეჰყავს. ამიტომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად მოხალისედ მუშაობს. საკრებულოს სხდომა 6 მაისს გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილი არაერთ ახალ ინიციატივას და ხმაურს აანონსებს, თუმცა საკრებულოს კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში პოლიტიკური გადანაწილება კიდევ ერთხელ მოხდება და ახალი უმრავლესობა საკრებულოში ოქრუაშვილის გუნდის იმპიჩმენტს განახორციელებს. ამავე სხდომაზე სამანდატო საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თამარ თედლიაშვილის მიმართ უნდობლობის საკითხის განხილვაც იგეგმება. ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება, ერთ კვირაში გაირკვევა.