აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში გრძელდება თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმის არსებითი განხილვა, რომელზეც 14 დეკემბერს პროკურატურის მოწმეები დაიკითხნენ. პროცესზე ჟურნალისტები არ დაუშვეს, რასაც დაკავებულის პროტესტი მოჰყვა. ღიაობისა და გამჭვირვალობის გარდა, პროცესის მონიტორებისა და დაცვის მხარის თანახმად, აშკარად დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპიც.
Your browser doesn’t support HTML5
დაინიშნოს ექსპერტიზა, ვიდეო და უადიოჩანაწერების ამოღება მოხდეს საზღვარზე, იგივე საქართველოდან მოხდეს მისი სატელეფონო ზარების გამოთხოვა, რითაც დადასტურდებოდა, რა პერიოდში სად იმყოფებოდა აფგანი...რუსუდან მჭედლიშვილი
თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმის განხილვაზე 14 დეკემბერს დაცვის მხარემ მოსამართლის აცილება მოითხოვა. აფგან მუხთარლიმ და მისმა ადვოკატებმა ეს საკითხი მას შემდეგ დასვეს, რაც სხდომა მედიის წარმომადგენლების გარეშე დაიწყო, პროცესი კი ძირითადად ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდა. სხდომის ერთ-ერთი დამკვირვებლის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლის, რუსუდან მჭედლიშვილის განმარტებით, დაკითხეს პირი, რომელიც აცხადებდა, რომ მას საზღვარზე აფგან მუხთარლიმ წინააღმდეგობა გაუწია:
“ანუ ეს იყო თავად დაზარალებული,რომელიც აცხადებს, რომ აფგანმა მას წინააღმდეგობა გაუწია მაშინ, როდესაც ის საზღვრის უკანონო გადაკვეთას აპირებდა. და იგი აცხადებს, რომ მან მაგ დროს მიიღო დაზიანებები. ამის გარდა, დღეს დაიკითხნენ ის მოწმეები, ის მესაზღვრეები, რომლებიც ასევე ადასტურებენ და იძახიან, რომ მათ დაინახეს ეს ადამიანი, როდესაც საზღვარს კვეთდა, თუმცა კონკრეტულ ფაქტებს ისინი ერთმანეთში ურევენ, არის წინააღმდეგობები ერთმანეთის ჩვენებებს შორის“.
რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, რომ დაზარალებულის დაკითხვას ღია კარებიდან ისმენდნენ მოწმეები, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ აფგან მუხთარლის ადვოკატებს, თუმცა მათი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი მოწმეების ჩვენებას მტკიცებულების ძალა არ შეიძლება ჰქონდეს, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი მოწმე, რომელმაც თავადვე აღიარა, რომ ესმოდა დაზარალებულის ჩვენებები.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს გადაჭარბებული მოლოდინები აზერბაიჯანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ვინაიდან აფგან მუხთარლი 29 მაისს როდესაც გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მას წაუყენეს გამოგონებული ბრალდებები...არჩილ ჩოფიკაშვილი
რაც შეეხება დაცვის მხარის შუამდგომლობებს, რუსუდან მჭედლიშვილი ამბობს, რომ აფგან მუხთარლიმ და მისმა ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობები, რომელთა საშუალებითაც დაკავებულის უდანაშაულობის დამტკიცებაა შესაძლებელი, თუმცა ეს შუამდგომლობები სასამართლომ არ გაიზიარა:
“ეს არის ის, რომ დაინიშნოს ექსპერტიზა, ვიდეო და უადიოჩანაწერების ამოღება მოხდეს საზღვარზე, იგივე საქართველოდან მოხდეს მისი სატელეფონო ზარების გამოთხოვა, რითაც დადასტურდებოდა, რა პერიოდში სად იმყოფებოდა აფგანი. ანუ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა გაზიარებული არ იქნა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან დასაბუთებული შუამდგომლობები და პოზიციები ჩამოაყალიბა მხარემ და ამ დროს პროკურატურის მოწმეები, რომლითაც დასტურდება ვითომდა აფგანის ჩადენილი დანაშაული, ამ ყველაფერს სასამართლო პირნათლად იზიარებდა“.
შესაბამისად, რუსუდან მჭედლიშვილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სასამართლო სხდომაზე აშკარად დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი აზერბაიჯანში დააკავეს. საქმე მის წინააღმდეგ სამი მუხლითაა აღძრული: საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ვალუტის კონტრაბანდა და მესაზღვრეებისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ჟურნალისტის მტკიცებით, ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს გამოძიება არ იყოს ფორმალური და ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის იმ კითხვებზე, რაც სახალხო დამცველსაც გააჩნია, იყოს დამაჯერებელი პასუხები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პასუხები ამ საქმეში ჯერჯერობით არ არის...ნათია კაციტაძე
საქმე საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღიძრა. საქმეს 20 ივლისამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო, 20 ივლისის შემდეგ კი საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. აზერბაიჯანის სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვს მის ადვოკატს საქართველოში, არჩილ ჩოფიკაშვილს:
“ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს გადაჭარბებული მოლოდინები აზერბაიჯანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ვინაიდან აფგან მუხთარლი 29 მაისს როდესაც გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მას წაუყენეს გამოგონებული ბრალდებები. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში იმ ფონზე, როდესაც სრულყოფილი გამოძიება არც საქართველოში ჩატარებულა ამ გატაცების ფაქტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, არც აზერბაიჯანში, ერთადერთი მოლოდინი შეიძლება გქონდეს ამ პირობებში, რომ პირველი ამოცანა, რაც დასახული ჰქონდათ გამტაცებლებს, რომ თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო გაენეიტრალებინათ აფგან მუხთარლი. ეს გაგრძელდება ბოლომდე“.
არჩილ ჩოფიკაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთ პირობებში აზერბაიჯანის სასამართლო აფგან მუხთარლის გამოუტანს საპატიმრო განაჩენს, პატიმრობის ვადა კი დამკვეთის სურვილზე იქნება დამოკიდებული. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აფგან მუხთარლის ინტერესების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განაგრძობს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის სრულფასოვნად გამოძიების რეკომენდაცია საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მისამართით არაერთხელ და არაერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან გაკეთდა. მიმდინარე გამოძიების პროცესს თავისი მანდატის ფარგლებში აკვირდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც. როგორც ომბუდსმენის მოადგილე ნათია კაციტაძე ამბობს, სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი ამ საქმეში, მათ შორის აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა-გადახედვა და ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება, არ დაკმაყოფილებულა:
“რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს გამოძიება არ იყოს ფორმალური და ყველა ობიექტური დამკვირვებლისთვის იმ კითხვებზე, რაც სახალხო დამცველსაც გააჩნია, იყოს დამაჯერებელი პასუხები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პასუხები ამ საქმეში ჯერჯერობით არ არის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ჩვენ გვაქვს საგამოძიებო ორგანოდან, რაც, რა თქმა უნდა, არის შეშფოთების საგანი 6 თვის თავზე გამოძიების დაწყებიდან“.
აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში კი მორიგი სხდომა აფგან მუხთარლის საქმეზე 28 დეკემბერს გაიმართება.