Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეილა მუსტაფაევა: „ჩვენ გვითვალთვალებენ“


ლეილა მუსტაფაევა
ლეილა მუსტაფაევა

19 სექტემბერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლმა გაასაჯაროვა ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, აღბეჭდილნი არიან ის ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებენ. ფოტო-ვიდეო მასალა გადაგზავნილია პროკურატურაში, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი ირწმუნება, საქმეზე ქმედითი საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. მათ საპასუხოდ, პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ფოტო- და ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება.

გადმოწერა

ლეილა მუსტაფაევა, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი ამბობს, რომ მას, მის ქალიშვილსა და მეგობარს, აზერბაიჯანელ აქტივისტ დაშგინ აღალარლის უთვალთვალებენ. ლეილამ უცნობი ადამიანები ქუჩაში მის შორიახლოს პირველად აგვისტოს დასაწყისში შენიშნა. ამის შესახებ მან სამართალდამცავებს მალევე მიმართა, თუმცა, როგორც ამბობს, უშედეგოდ. ამიტომ, ლეილა მუსტაფაევამ ის ვიდეო და ფოტოები გაასაჯაროვა, რომელზეც, მისი თქმით, მოთვალთვლე ადამიანები თავად დააფიქსირა. როგორც ლეილა მუსტაფაევა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ირწმუნება, უცნობი პირები უთვალთვალებდნენ მის მეუღლესაც, გატაცებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ამიტომ შიშობს, რომ შესაძლოა, საფრთხე მასაც ემუქრებოდეს: „თვალთვალი დაიწყო 3 და 4 აგვისტოს, როდესაც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრი რამილ უსუპოვი. მე მგონია, რომ აზერბაიჯანული და ქართული მხარე შეთანხმდნენ და ქართველმა მაღალჩინოსნებმა ამ ადამიანებს მისცეს თვალთვალის შესაძლებლობა. მოთვალთვალეების ნაწილი შევნიშნე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიყავი. ისინი გვიყურებდნენ. მეორე დღეს შევნიშნე კიდევ ოთხი ადამიანი, ისევ პარლამენტის შენობასთან, რუსთაველის გამზირზე. გადავუღე ფოტოები და ვიდეოები და ისინი 7 აგვისტოს პროკურატურაში წარვადგინე, მაგრამ გამოხმაურება ამ ადამიანების შესახებ არ ყოფილა“.

ლეილა მუსტაფაევა ირწმუნება, რომ აგვისტოში დაწყებული თვალთვალი დღემდე გრძელდება. ის ვარაუდობს, რომ ადამიანები, რომლებიც მას უთვალთვალებენ, აზერბაიჯანელები არიან: „ორი დღის წინ, რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთ კაფეში ვიმყოფებოდი. შევნიშნე ერთი ქალი, რომელიც გვიყურებდა. ამ ქალის გამო, დავტოვეთ კაფე და ჩემს მეგობართან და ქალიშვილთან ერთად წავედით საბავშვო მოედანზე. იქ ორი ბიჭი შევნიშნე. ისინი არ არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც გვითვალთვალებენ. ისინი კარგად გაწვრთნილი სპეციალისტები არიან“.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი და ლეილა მუსტაფაევას ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად პროკურატურაში წარდგენილი ფოტო და ვიდეომასალისა, უწყება არ აწარმოებს ქმედით გამოძიებას საქმის მიმართ. არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, პროკურატურა, მხოლოდ და მხოლოდ, ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვით შემოიფარგლა: „შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ეს უკვე მწვანე შუქს უნთებს იმ ძალებს, რომლებსაც გარკვეული ინტერესი ამოძრავებთ აზერბაიჯანელი აქტივისტებისა და აზერბაიჯანულ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების მიმართ და შესაძლებელია, რომ კიდევ განმეორდეს ისეთი უმძიმესი დანაშაული, რომელსაც ადგილი აქვს აფგან მუხთარლის მიმართ. ამის პრევენციისათვის და დაზღვევისათვის, რომ მსგავსი დანაშაული არ მოხდეს, არ დაზარალდეს ისედაც დაზარალებული ადამიანების ინტერესები, სწორედ ამ მიზნით, დღეს უკვე იძულებულები გავხდით, რომ გაგვესაჯაროებინა ეს ფოტო- და ვიდეომასალა“.

ლეილა მუსტაფაევას მიერ ფოტოებისა და ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილ ფოტო- და ვიდეომასალაში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს პროკურატურის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, მოწმის სახით, გამოკითხულ იქნენ ლეიალა მუსტაფაევა და აფგან მუხთარლის მეგობარი. ფოტოები დაეგზავნა ყველა შესაბამის უწყებას და ოპერატიულ დანაყოფს, გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა ლეილა მუსტაფაევას მიერ მითითებულ პერიოდებსა და ადგილებში გარე მეთვალყურეობის კამერების ვიდეოჩანაწერები, რომელთა დამუშავება და დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაგეგმილია არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების, ასევე საექსპერტო კვლევების ჩატარება. მიღებული შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება აფგან მუხთარლის ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და საზოგადოებას.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა, 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის დარღვევის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებებით. საქართველოში საქმე აღძრულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით და მას თბილისის ერთ-ერთი რაიონის პოლიცია იძიებს. აფგან მუხთარლის ადვოკატები მოითხოვენ, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს, რადგან ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისიდან მის გატაცებაში მონაწილეობდნენ პოლიციის ფორმიანი პირები, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს აფგან მუხთარლის საქმესთან სახელმწიფო სტრუქტურების კავშირს.

არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის საქმეზე ამჟამად აზერბაიჯანში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება და, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დაიწყება საქმის სასამართლოში განხილვა. გარდა ამისა, მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს სახელწოდებით „აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ“ განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო და საქმეს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროპარლამენტმა ზაფხულის დასაწყისში მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აფგან მუხთარლის გატაცებას და მის შემდგომ თვითნებურ დაკავებას ბაქოში. აღნიშნულს ევროპარლამენტარები განიხილავენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევად და გმობენ კანონდარღვევას. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.

XS
SM
MD
LG